სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სააკაშვილმა თავისი სასჯელი ღირსეულ პირობებში და ჯანმრთელობის დაცვით, პრინციპის შესაბამისად მოიხადოს, – ამბობს იუსტიციის ყოფილი და კულტურის ამჟამინდელი მინისტრი, თეა წულუკიანი.
წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობაზეც ისაუბრა:
„თუ აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას, რასაკვირველია ყველა ფაქტისა და გარემოების გათვალისწინებით. თავდებში დადგომა იმისათვის, რომ გააპარო ციხიდან და საზღვარგარეთ გადამალო იმ საბაბით, რომ მკურნალობას გაივლის უცხოეთში უკეთესად, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური გამოგონებაა. გარდა ამისა, ვინაიდან პატიმართან გვაქვს საქმე, მე თავს ვიკავებ ხოლმე უადგილო იუმორისგან, მაგრამ თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, რეპუტაცია უნდა გქონდეს და ვიღაცა უნდა გენდობოდეს. რაკი ამ შემთხვევაში არც ერთი აქვთ, არც მეორე და არც მესამე, ძალიან ძნელი იქნება ამ ინიციატივის სერიოზულად შესწავლა”,- თქვა წულუკიანმა.
ცნობისთვის, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ორგანოს მიმართავენ და მიხეილ სააკაშვილს თავდებში ჩაუდგებიან, თუ “ოცნება” სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას დათანხმდება. მათი თქმით, მესამე პრეზიდენტი მკურნალობის შემდეგ დაბრუნდება საქართველოში და სასამართლოს წინაშე წარდგება.