რა თქმა უნდა, ვერავინ უსაყვედურებს საქართველოს ხელისუფლებას, რომ მშვიდობა უნდა. მშვიდობა გვინდა ყველას, მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც უნდა დავუსთვათ ხელისუფლებას: რის ფასად, რის ფასად მივიღეთ გარანტია, თუ მივიღეთ, რომ ომი არ იქნება?! ანუ რა ფასს ვიხდით მშვიდობაში: ზურგს უკან გაფორმებული კაპიტულაცია და ჩაბარებული ქვეყანა?! მაშინ როცა „ოდკბ“-ს წევრ ყირგიზეთსაც კი ემუქრებიან რუსები უკრაინის სცენარის განმეორებით, მიუხედავად იმისა, რომ იქ ახლა ამას ნამდვილად ვერ გაბედავენ. ამქვეყნად ვერავინ მოგცემთ გარანტიას, თვით პუტინიც კი, რომ აქ ომს არ დაიწყებს: ხვალ რა დასჭირდება კედელთან მიმწყვდეულ რუსეთის ხელისუფლებას მაკრონისეული „სახის გადასარჩენად“, მანაც კი არ იცის.
• არც იმაზე საუბრობს ვინმე, რომ ჯოხი ვურტყათ წელზე რუსეთის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში მყოფს ხელისუფლებას. მაგრამ მას თუ დასჭირდა უკრაინაში მარცხის საკომპენსაციოდ აქ ერთ პატარა, „ძლევამოსილ“ ომს მაინც „მოარტყამს“. არა „მშვიდობით“ შემოვა, ეს არაფერში აწყობს, არამედ ნგრევით და სიკვდილით, სულ რომ მთელი ერი გავუწვეთ, მას აქ წინააღმდეგობის გაწევის ინსცენირება მაინც დასჭირდება. აი, ამ სცენარის არდაშვების გარანტიას ჩვენს ხელისუფლებას არავინ მისცემს, თუნდაც ზურგს უკან ჩაბარებული ჰქონდეს ქვეყანა.
• მაშ რას ვშვებით, უფრო სწორად რა უნდა გვექნა: დასავლეთისთვის უნდა გვეთხოვა საპასუხო, უფრო სწორად, წინსმწრები რეაქციის, შეკავების ნაბიჯების პაკეტის მომზადება ასეთი სცენარისთვის, სადაც დეტალ-დეტალ უნდა აეხსნას რუსეთს რა დამატებითი სანქციები და ნაბიჯები ელოდება საქართველოზე თავდასხმის შემთვევაში; ქვეყნის ჯარი, სამხედრო რეზერვი, ტერიტორიული თავდაცვა ისე უნდა იყოს გაწვრთნილი, აღჭურვილი და მობილიზებული, რომ რუსს არ ჰქონდეს აქ მარტივი გასეირნების და კაპიტულაციის იმედი; აწყობილი უნდა გვქონდეს ინფრასტრუქტურა და მოწოდების ჯაჭვი მეზობლად მდებარე ნატოს წევრ ერთადერთ სახელმწიფოსთან; მოსახლეობას უნდა ჰქონდეს პატრიოტული და არა კოლაბორაციონისტული განწყობები; მაქსიმალურად შეზღუდული უნდა იყოს პრორუსული პოლიტპარტიების და საინფორმაციო საშუალებების საქმიანობა; ეკონომიკა უნდა იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და არა – რუსეთზე მიბმული; უნდა გვქონდეს უკიდურესად გამართული ჰაერსაწინააღმდეგო და სანაპირო დაცვის სისტემები და სწორედ ამას უნდა ვთხოვდეთ დასავლეთს და მოგვეცემა.
• არის ეს ყველაფერი იმის გარანტია, რომ რუსი 5 კილომეტრით არ ამოიჩოჩებს გორის ტრასაზე და არ დაიძვრება თბილისიკენ?! სამწუხაროდ, არ არის, მაგრამ იმაზე მეტად დაცული ვიქნებოდით, ვიდრე ახლა, „გარანტირებული მშვიდობის“ შემთხვევაში.
• ვკითხულობ, რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი: რა, რეზერვის სათანადო მომზადება რომ გვეწარმოებინა ამ წლების მანძილზე, რუსი ტანკს დაძრავდა?! პატრიოტიზმზე რომ აღგვეზრდა შვილები სკოლებში – რუსი ბობმებს დაგვაყრიდა?! გმირის და გმირობის კულტი რომ აგვეღორძინებინა, ამას რუსის შემოჭრა მოყვებოდა?! უპილოტო საფრენი აპარატების ერთობლივ წარმოებაზე რომ გვეზრუნა, ატომურ ბომბს გვევსრიდა ვინმე?! რუსული პროპაგანდა რომ შეგვეზღუდა – ვინმე დაგვიპყრობდა?! ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე რომ გვეზრუნა – ქიმიური იარაღით გაგვანადგურებდნენ?! რატომ არ გაკეთდა ეს ყველაფერი?! მშვიდობისთვის?! თუ საქართველოს ხელისუფლებას კომფორტისთვის და აღებული ვალდებულებებისთვის აწყობდა ასე და ამ ვალდებულებებში შედის საქართველოს ევროკავშირის კანდიდატობის პერსპექტივის ჩაშლაც?! თავი რომ დავანებოთ საქართველოს ხელისუფლების უკრაინასთან დამოკიდებულებას.
• ამ ფონზე რა რისკები შეიძ₾ება გველოდეს 17 ივლისს, ამაზე უახლოეს დღეებში.
წერს ფეისბუქგვერდზე ხათუნა ლაგაზიძე.