ქართულმა საზოგადოებამ ფრანგული კინოს ვარსკვლავი, ლეგენდარული ალენ დელონი გამოიტირა. ყველაფერი სოციალურ ქსელში გავრცელებული ყალბი ინფორმაციით დაიწყო, სადაც ეწერა, რომ 86 წლის მსახიობი დღეს, 18 მაისს ევთანაზიის პროცედურას მიმართავდა და თავისივე ნებით დაასრულებდა სიცოცხლეს.
ეს საკითხი იქცა თემად, რომელმაც ყველა ინფორმაცია “გადაფარა.”
უცნობია, თუ როგორ შეიტყვეს სოციალური ქსელების ქართველმა მომხმარებლებლებმა ალენ დელონის ევთანაზიის “ზუსტი თარიღი”, თუმცა ფაქტია, რომ არაერთმა ადამიანმა ამ თემას ვრცელი პოსტი მიუძღვნა და დამწუხრდა ყველა დროს ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ვარსკვლავის ასეთი დასასრულის გამო.
ინფორმაციაში კი ვკითხულობთ, რომ მან საფრანგეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ელისაბედ ბორნს ამ თანამდებობაზე დანიშვნა წერილობით მიულოცა. ელისაბედმა ალენ დელონის წერილი თვითონვე გააცნო საზოგადოებას.
“ჩემო ლიზბეტ, შენ მაკრონის პრემიერ-მინისტრი კი არა, მთელი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ხარ.
ალენი”, – ნათქვამია წერილში.
როგორც ცნობილია, ალენს ელისაბედთან ხანგრძლივი მეგობრობა აკავშირებს, მის პოლიტიკურ ხედვებსა და იდეებს იზიარებს.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ფრანგი მსახიობი თავს კარგად გრძნობს.
გარდა ამისა, ალენ დელონის შესახებ მორიგი ყალბი ინფორმაცია გავრცელდა. ალენის შვილი ენტონი დელონი კანის კინოფესტივალის გახსნას გამოეხმაურა და “ინსტაგრამის” ოფიციალურ გვერდზე მამის ძველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც სწორედ კანის კინოფესტივალზეა გადაღებული. საქართველოში ეს ფაქტი ბევრმა ისე აღიქვა, რომ თითქოს, დელონი გუშინ კანში იმყოფებოდა, თუმცა არა – რეალურად, ფოტო 2019 წელსაა გადაღებული, მას შემდეგ დელონი კანის კინოფესტივალზე აღარ გამოჩენილა.
ბოლოს საზოგადოებამ ალენი მისივე შვილის მიერ “ინსტაგრამზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში ნახა. მამა-შვილი ბუნებაში არიან და ამბობენ, რომ თავს კარგად გრძნობენ. ვიდეო სამი კვირის წინაა გამოქვეყნებული.
- ალენ დელონი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ევთანაზია
რამდენიმე თვის წინ, მსახიობის შვილმა ენტონი დელონმა ფრანგულ RTL-თან თქვა, რომ ალნს არ სურს იყოს უძლური მოხუცი, რომელსაც სხვადასხვა დაავადება სტანჯავს, ამიტომაც უნდა, სიცოცხლე ევთანაზიით დაასრულოს.
ენტონის თქმით, მამამ მას სთხოვა ამის შესახებ და გაანდო თავისი განზრახვა. უმცროსი დელონის თქმით, ის დაჰპირდა მამას, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმის დროს, როცა ამის დრო დადგება, მის გვერდით იქნებოდა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე ალენ დელონმა TV5 Monde-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ის არ იყო ევთანაზიის წინააღმდეგი.
“მე ვცხოვრობ შვეიცარიაში, სადაც ევთანაზია ლეგალურია და ამის წინააღმდეგი არ ვარ იმიტომ, რომ ყველაზე ლოგიკური და ბუნებრივია. გარკვეული ასაკიდან ჩვენ უფლება გვაქვს, ჩუმად წავიდეთ ჯოჯოხეთში – საავადმყოფოების, ინექციების და სხვა ყველაფრის გარეშე. დაბერება საშინელებაა! და ჩვენ ვერაფერს ვიზამთ. ვკარგავთ სახეს, მხედველობას, ფეხზე ვერ ვდგებით. ტანჯვა საშინელებაა“, – ამბობდა მსახიობი.
2020 წლის ივნისში ის პარიზის კლინიკაში შაკიკის მწვავე შეტევით მოათავსეს. მოგვიანებით, მისმა შვილმა მედიასთან თქვა, რომ მსახიობმა ინსულტი მიიღო და შვეიცარიის კლინიკაში მკურნალობდა, სადაც გამოჯანმრთელდა.