პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ყველაზე კარგად უკრაინელი ხალხის ტკივილი ჩვენ გვესმის და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამ თემაზე მან დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა და იქვე აღნიშნა, რომ ყველაზე კარგად ჩვენ გვესმის მშვიდობის მნიშვნელობა.
“ჩვენი თავისუფლებისათვის ბრძოლის გამოცდილების გათვალისწინებით, დღეს ყველაზე კარგად სწორედ ჩვენ გვესმის უკრაინელი ხალხის ტკივილი და სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ამასთანავე, ყველაზე კარგად გვესმის ჩვენ ქვეყანაში მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნების მნიშვნელობა”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ფასი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში გაიღო ძალიან დიდია. პაპუაშვილის განცხადებით, სჯერათ რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის ამ ძალისხმევას დაინახავს და სათანადოდ დააფასებს.