ზელენსკა: ტერიტორიები რომც დავთმოთ, აგრესორი არ გაჩერდება

“იმ შემთხვევაშიც, თუ დავთმობთ ჩვენს ტერიტორიებს, ეს აგრესორს არ გააჩერებს, ის გააგრძელებს ზეწოლას და ის გააგრძელებს თავდასხმებს ჩვენს ტერიტორიებზე”. – ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში ისაუბრა.

პირველმა ლედიმ გააკრიტიკა სახელმწიფო ლიდერები, რომლებიც ირიბათ თუ პირდაპირ ხანდახან უკრაინას რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას ურჩევენ. მისი თქმით, ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობის ტოლფასია.

“უკრაინელებს არ შეუძლიათ ინ განცხადებების ნორმალურად მიღება, რომლებსაც ზოგჯერ ვისმენთ სახელმწიფოს ლიდერებისგან – ზოგიერთ შემთხვევაში, დიდი და გავლენიანი სახელმწიფოს ლიდერებისგანაც. ასე უბრალოდ ვერ დათმობ ტერიტორიას, ეს თავისუფლების დათმობასავითაა”. – თქვა ზელენსკამ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ “უკრაინული აგრესიის” მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share