“სისულელეა, რომ ივანიშვილს არ უნდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ” – „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი თვლის, რომ როგორც სხვას ბიძინა ივანიშვილსაც ასევე სურს ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის წევრის სტატუსი მიიღოს, თუმცა ამისთვის არ სურს შესაბამისად მოიქცეს.
”ისევ დინების წინააღმდეგ გვიწევს ცურვა და აჟიოტაჟისთვის ცივი წყლის სხმა.
1. სისულელეა, რომ ივანიშვილს არ უნდა კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ.
ივანიშვილს უნდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს ქვეყანამ, უბრალოდ მას არ სურს შესაბამისად მოიქცეს. იმიტომ რომ შესაბამისად თუ მოიქცევა, ძალაუფლებას დაკარგავს.
2. ვისაც სურს, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსი ისე მიიღოს, რომ ხელისუფლებამ რეფორმები არ გაატაროს, სურს ზუსტად იგივე რაც ივანიშვილს.
განსხვავება ისაა, რომ ოპოზიციას უნდა ივანიშვილმა ძალაუფლება დაკარგოს, უბრალოდ არ იცის ეს როგორ უნდა ქნას.
სხვანაირადაც ვიტყვი რომ სწორად გაიგოთ:
ხელისუფლებასაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც გსურთ ერთი და იგივე და რას ვერ იყოფთ, ჩემთვის გაუგებარია.
ივანიშვილს სურს ჯილდო, ოღონდ არ სურს ამ ჯილდოს მისაღებად წესებით ითამაშოს.
საპარლამენტო ოპოზიციასაც სურს ჯილდო, მიუხედავად იმისა რომ ხელისუფლება უწესოდ თამაშობს – ამბობს, რომ მიუხედავად იმისა ხელისუფლება როგორ იქცევა, ქართველი ხალხი ამას იმსახურებს.
(ქართველი ხალხი რომ ირჩევს ამ ხელისუფლებას, ეგ კომპონენტი შეგნებულად, ან შეუგნებლად გამოტოვებული აქვთ – თუ იმას იტყვიან, რომ ეს ხელისუფლება არჩეული არ არის და ძალაუფლება მიტაცებული აქვს, თავად უზურპირებულ პარლამენტში რას აკეთებენ, ვერ ახსნიან).
ახლა როგორაა საქმე ჩვენთვის:
ჩვენ მიგვაჩნია რომ ჩვენ გვაკისრია ისტორიული მისია.
ჩვენ გახსნილი გვაქვს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და გვაქვს ძალიან დიდი შანსი საუკუნეების განმავლობაში ნანატრ ეროვნულ უსაფრთხოებას და თავისუფლებას მივაღწიოთ და ჩამორჩენილი ქვეყნის ნაცვლად, მთელი რეგიონის თავისუფლების შუქურად ვიქცეთ და შინ დავბრუნდეთ!
ოღონდ ამას ვერ უზრუნველყოფს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა – კანდიდატის სტატუსი მხოლოდ დიაზეპამის როლს შეასრულებს, რომლის მოქმედება გაივლის და ხელში ისევ ანტიევროპული რეჟიმი შეგვრჩება.
იმისთვის, რომ სამშვიდობოს გავიდეთ, ჩვენ გვჭირდება ივანიშვილის რეჟიმი ვაიძულოთ იმოქმედოს წესებით და დაკარგოს ძალაუფლება.” – წერს ჩერგოლეიშვილი.