ნინო წილოსანმა კომიტეტის სხდომაზე კოლეგებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის მეჩაიეობის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფის ანგარიში და შემუშავებული რეკომენდაციები გააცნო.
როგორც წილოსანმა აღნიშნა, სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი მეჩაიეობის დარგში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებას ახდენს და დარგის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
რეკომენდაციათა შორის ჩაის ფართობების ინვენტარიზაცია, მეჩაიეობის დარგის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო ხედვის დოკუმენტის მომზადება, „ჩაის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება და „ჩაის გზის“ სამოქმედო გეგმის შემუშავებაა.
„გავაანალიზეთ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, ასევე, „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტები. შემუშავდა დარგის SWOT ანალიზი. სუსტი მხარეებიდან გამოიკვეთა ის, რომ ქვეყანაში აღარაა დარჩენილი ჩაის სანაშენეები, ახალი პლანტაციების გაშენება საკმაოდ ძვირია და ბევრ დროს მოითხოვს, მასობრივად მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების ჩანაცვლება სხვა კულტურებით და სხვა.
დარგში არსებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფმა სახელმწიფო ორგანოებისათვის მოამზადა რეკომენდაციები და განსაზღვრა მათი შესრულების ვადები. ამ რეკომენდაციების მიზანია ხელი შეუწყოს მეჩაიეობის დარგის თანმიმდევრულ განვითარებას ქვეყანაში,“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.