უკრაინელმა ბავშვმა რომის პაპთან შეხვედრისას, მას უკრაინაში ჩასვლა და ყველა ბავშვის გადარჩენა სთხოვა. პაპი ფრანცისკეს პრესსამსახურის ცნობით, პაპი ბავშვებს ვატიკანში სასწავლო ინიციატივის ფარგლებში ხვდებოდა, რა დროსაც მას უკრაინელმა ბავშვმა უთხრა, რომ პაპთან არა კითხვა, არამედ თხოვნა აქვს.
„მე არ მაქვს კითხვა, არამედ უფრო თხოვნა: შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება ?“- მიმართა ბავშვმა რომის პაპს.
პაპმა ფრანცისკემ საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს და ამ საკითხს უკრაინის ოფიციალურ პირებთან განიხილავს.
„ მე ბევრს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც უკრაინაში არიან და ამიტომაც გავგზავნე კარდინალები დასახმარებლად და იმისთვის, რომ ხალხთან და ბავშვებთან ახლოს იყვნენ. მე ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. უბრალოდ უნდა დაველოდო დროს, ამის გასაკეთებლად, იმიტომ რომ მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება მეტი ზიანი მოუტანოს მთელ მსოფლიოს, ვიდრე სიკეთე. სწორ დროს უნდა დაველოდო ამის გასაკეთებლად. შემდეგ კვირას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს მივიღებ, რომლებიც აქ სასაუბროდ ჩამოდიან და ასევე უკრაინაში ჩემი შესაძლო ვიზიტის განსახილველად. ვნახოთ, რა მოხდება“,- განაცხადა პაპმა.