პირველი ქართული ლატარიების ბილეთები

მასალები ქართული ლოტერისტიკის ისტორიისთვის

ლოტერისტიკას, როგორც საისტორიო მეცნიერების ერთ-ერთ დარგს, საფუძველი საუკუნის წინ ჩაეყარა. ეს ტერმინი საფუძველს იღებს ფრანგული სიტყვიდან Lotérie (ital. Lottería) მომდინარე Lotto-დან, რაც ქართულად “წილს” ნიშნავს. აქვე განვმარტავთ, რომ “ლოტერია”, ანუ იგივე “ლატარია” წარმოადგენს აზარტულ თამაშს, რომლის დროსაც მოგება ანდა წაგება დამოკიდებულია იმ ნომრის შემთხვევით არჩევანზე, რომელიც ბილეთზეა მითითებული. გათამაშების მონაწილეთა მიერ შეტანილი თანხიდან ნაწილი რჩება ლატარიის ორგანიზატორებს, ნაწილი ხმარდება კონკრეტულ საქმეს, მაგალითად, რაიმე საქველმოქმედო აქციას, ხოლო ნაწილს გადასახადის სახით სახელმწიფო იღებს.

საუკუნის წინ, ზემოხსენებულ ტერმინს ქართულად განმარტავდნენ როგორც “იღბალზე თამაშს” (იოსებ იმედაშვილი, უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მესამე გამოცემა, ტფილისი, 1928).

სახელმწიფო ან კერძო ორგანიზაციების მიერ გამოშვებულ და მიმოქცევიდან ამოღებულ ლატარიის ბილეთებს ლოტერისტიკა შეისწავლის, როგორც ისტორიულ დოკუმენტებს, რომლებიც თანადროულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მოვლენებს ასახავენ.

საისტორიო დისციპლინებიდან ლოტერისტიკის მონათესავედ ითვლება ქაღალდის ფულის ნიშნების (იმავე ბონების) შემსწავლელი სამეცნიერო დარგი, რომელსაც ბონისტიკა ეწოდება. აქვე განვმარტავთ, რომ ბონისტიკის შესატყვისი ქართული ტერმინია “ქაღალდის საფასთმცოდნეობა”, რის შესახებაც პირველად მეოთხედი საუკუნის წინ ითქვა (ნიკო ჯავახიშვილი, ქართული ბონისტიკა /ქაღალდის საფასთმცოდნეობა/, თბ., 1996).

ზემოთქმულიდან გამომდინარე, ლოტერისტიკის შესატყვის ქართულ ტერმინად ლატარიათმცოდნეობას მივიჩნევთ.

წინამდებარე სტატია წარმოადგენს XX საუკუნის 30-იან წლებამდე გამოშვებული ქართული ლოტერისტიკული მემკვიდრეობის (ანუ რამდენიმე ლატარიის ბილეთის) ერთად თავმოყრისა და შესწავლის პირველ მცდელობას.

3-a-1654274433.jpg
1918-1919 წლებში გამართული ლატარიის ბილეთის კუპონი

პირველი ეროვნული ლატარიის ბილეთები (1918-1919 წლები)

საქართველოში პირველი ლატარიის ბილეთი საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოუშვეს. ამან იმხანად არსებულ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო აქციის სახე მიიღო.

ეროვნული ლატარიის გამართვის იდეა საქართველოში ჯერ კიდევ 1917 წლის ზაფხულში გაჩნდა. იმავე წლის ნოემბერში ჩამოყალიბებულმა ამიერკავკასიის ადგილობრივმა სამხარეო მთავრობამ – ამიერკავკასიის კომისარიატმა 29 ნოემბერს საინიციატივო კომიტეტს ნება დართო, გამოეშვათ 5 მილიონი მანეთის საერთო ღირებულების ლატარიის ბილეთები.

პირველი ეროვნული ლატარიის მიზანი გახლდათ ახლო მომავალში თბილისში დასაარსებელი ეროვნული უნივერსიტეტისა და ქართული თეატრისთვის ფინანსური დახმარების გაწევა.

ამ საქველმოქმედო ლატარიის შემოსავლიდან ნახევარი უნდა გადასცემოდა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც ქართული უნივერსიტეტის დაარსებას გეგმავდა. მეორე ნახევარი უნდა მოხმარებოდა ქართული თეატრის შენობის აგებას, 5% კი მსახიობთა კავშირს.

1917 წლის 31 დეკემბერს გაიმართა ლატარიის მომწყობი კომიტეტის კრება. მის სხდომებს სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ ცნობილი სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწე, თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, დიდი ილია ჭავჭავაძის დისწული – გენერალი კონსტანტინე (კოტე) ნიკოლოზის ძე აფხაზი (1867-1923) და გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი (1876-1940).

ლატარიის საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს პროფესორი ივანე ჯავახიშვილი, რომლის ინიციატივითა და მოთავეობით მომდევნო წლის დასაწყისში თბილისში პირველი ქართული უნივერსიტეტი გაიხსნა, ხოლო მმართველობის თავმჯდომარეობა მიანდვეს სოციალისტ-ფედერალისტ გიორგი ლასხიშვილს (1865-1931), რომელმაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველ კოალიციურ მთავრობაში განათლების მინისტრის თანამდებობა დაიკავა.

ლატარიის ერთი ბილეთის ნომინალური ღირებულება შეადგენდა 25 მანეთს. იგი მოიცავდა 5-მანეთიან 5 კუპონს. ბილეთზე წარწერილი იყო: “ლატარია 1918 წლისა ქართულ უნივერსიტეტის, თეატრის და მსახიობთა კავშირის სასარგებლოდ”; “ბილეთის ერთი მეხუთედი”; `ფასი ხუთი მანეთი”; “ვინც ამ კუპონს წარმოადგენს, მიიღებს მოგების მეხუთედს”. ეს წარწერა მეორდებოდა რუსულ ენაზე, ხოლო კუთხეებში ვერტიკალურად ეწერა სომხურად და აზერბაიჯანულად (არაბული შრიფტით): “ლატარია 1918 წლისა”. ბილეთებზე მოთავსებული იყო ლატარიის მომწყობი საბჭოს თავმჯდომარე ივანე ჯავახიშვილის, ასევე გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ლასხიშვილისა და ეროვნული საბჭოს წარმომადგენლის – აკაკი ჩხენკელის ხელმოწერათა ფაქსიმილეები. ამ ლატარიის ბილეთების ეგზემპლარები დაცულია საქართველოს ეროვნულ არქივთან არსებულ უახლესი ისტორიის ცენტრალურ არქივში (ფონდი 471, ანაწერი 1, საქმე 33, ფურცელი 78).

ქართულ პრესაში სისტემატურად ქვეყნდებოდა მოწოდებანი ლატარიის ბილეთების შესაძენად. ისინი იყიდებოდა საქართველოს დასახლებულ პუნქტებში, სადაც მათ გავრცელებას აგიტაციას უწევდნენ საზოგადო მოღვაწენი, მწერლები და მსახიობები. ამ მიზნით, შალვა დადიანი (1874-1959) და ვასო აბაშიძე(1854-1926) ჩავიდნენ ქუთაისში, ფოთში, სენაკსა და ზუგდიდში; ვასილ ბარნოვი (1856-1934) – დუშეთისა და თიანეთის მაზრებში და სხვ.

003-1654274433.jpg
პირველი ქართული ლატარიის ანგარიშის წიგნის გარეყდა (1918-1919 წწ.)

5 მილიონი მანეთის საერთო ღირებულების ლატარიის ბილეთები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1918 წლის შემოდგომიდან იყიდებოდა. იმდროინდელ ქართულ პრესაში შესაბამისი კამპანია მიმდინარეობდა. ლატარიის ბილეთების ყიდვის მოწოდებანი სისტემატურად ქვეყნდებოდა როგორც სამთავრობო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” (მაგალითად, 1918 წლის 4 სექტემბრის ნომერი), ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის გაზეთ “საქართველოში”, სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის გაზეთ “სახალხო საქმესა” და სხვ.

პირველი ქართული ლატარიის გათამაშება დაგეგმილი იყო 1918 წლის 25 დეკემბერს, ქრისტეშობის დღესასწაულზე. ამას ხელი შეუშალა სწორედ იმ თვეში დაწყებულმა ომმა სომხეთის რესპუბლიკასთან, რომლის დაშნაკურ მთავრობას საქართველოს ისტორიული მიწების, კერძოდ, ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილის მიმართ ექსპანსიონისტური ზრახვები ჰქონდა. ყოველივე ამას თან დაერთო მკაცრი ზამთარიც, რამაც ლატარიის ბილეთების გავრცელებას ხელი შეუშალა.

1919 წლის 1-ელ ნოემბერს ლატარიის საზეიმო გათამაშება გაიმართა თბილისის სახელმწიფო თეატრში (ამჟამად – შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი). მიღებული შემოსავლიდან უნივერსიტეტს გადაეცა 1 მილიონ 77 ათას 677 მანეთი (ნ. ჯავახიშვილი, პირველი ქართული ლატარია, ენციკლოპედია “თბილისი”, 2002; ს. ჯორბენაძე, ცხოვრება და ღვაწლი ივანე ჯავახიშვილისა, თბილისი, 1984).

ლატარიის ბილეთები ძირითადად თბილისში გავრცელდა, ვინაიდან მათ მიმართ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებმა მოსახლეობამ ნაკლები ინტერესი გამოამჟღავნა. სულ გათამაშდა 200 ათასი ლატარიის ბილეთი. ლატარიის მომწყობთა სალაროში 2 მილიონ 268 ათას 793 მანეთი და 55 კაპიკი ჩაირიცხა. გამარჯვებულნი გამოვლინდნენ ჟურნალ “ნაკადულის” ინიციატივით შერჩეული ბავშვების მეშვეობით. შემოსული თანხების მიზნობრივად გადანაწილების შემდეგ კომისიამ დაიწყო მზადება მორიგი ლატარიის გათამაშებისთვის (თამარ მაისურაძე, პირველი ქართული ლატარია, ჟურნალი “ისტორიანი”, # 111, 2020).

1919 წლის 13 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ დაადგინა: “დაევალოს საგანგებო კომისიას, პროფესორ ფილიპე გოგიჩაიშვილისა და სვიმონ ავალიანისაგან შემდგარს, წარმოადგინოს მოსაზრება უნივერსიტეტის ხვედრი ფულის შენახვის შესახებ. რაც შეეხება მეორე ლატარიის მოწყობას, უნივერსიტეტის მონაწილეობა ამ ლატარიაში არც სასურველად, არც საჭიროდ მიჩნეული არ იქნა” (ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭოს ოქმები (1917-1926 წწ.), გამოსაცემად მოამზადეს და საძიებლები დაურთეს მ. ლილუაშვილმა და ზ. გაიპარაშვილმა, თბილისი, 2006).

საქაღალდე ყდაზე ამოკვეთილი ოქროსფერი წარწერით: “პირველ ქართულ ლატარიის ანგარიში” ამჟამად საქართველოს ხელოვნების სასახლეში ინახება. მასში დაცულ ანგარიშ-მოხსენების ფურცელს ერთვის ივანე ჯავახიშვილის ხელით მიწერილი შემდეგი რეზოლუცია: “მოხსენება და ანგარიში დამტკიცებულ იქმნა 1919. 12. XII. თავმჯდომარე ივ. ჯავახიშვილი”.

ამდენად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში ქართველი საზოგადოება ფინანსურ თანადგომას იჩენდა ისეთი ეროვნული დაწესებულებებისადმი, როგორსაც თბილისის უნივერსიტეტი და თეატრი წარმოადგენდა. ეს დადასტურდა საქველმოქმედო მიზნით საქართველოში იმ პერიოდში გამოშვებული პირველი ეროვნული ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხების დანიშნულებისამებრ გადაცემით.

4-a-1654274433.jpg
“დიდი ლატარია” – “დამშეულთა სასარგებლოდ”

 

1922 წელს გამოშვებული ლატარიის ბილეთები

1921 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში სომხეთიდან შემოიჭრნენ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ე.წ. წითელი არმიის ნაწილები, რომლებსაც მალე სხვა მხრიდან შემოჭრილი ძალებიც დაემატა. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის სრული ოკუპაცია რუსეთის წითელმა არმიამ იმავე წლის მარტში დაასრულა. თებერვალში თბილისში შემოსულმა საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმმა ჩვენი ქვეყანა – “საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად გამოაცხადა”.საქართველოს ოკუპაციასა და იძულებით გასაბჭოებას მოჰყვა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის დამძიმება, რაც მასობრივ შიმშილობაშიც გადაიზარდა.

ქვეყანაში იმხანად არსებული მასობრივი გაჭირვების სალიკვიდაციოდ შეიქმნა “დამშეულთა დამხმარე მთავარი კომიტეტი”, რომელსაც ხელმძღვანელობდა ფილიპე მახარაძე (1868-1941). იგი სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა: საქართველოს სსრ-ის რევოლუციურ კომიტეტს (1921 წლის თებერვლიდან – ივლისამდე), კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს (1921-1923 წლებში), საქართველოს სსრ-ის ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტს, მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატს, სახალხო კომისართა საბჭოს (ანუ მთავრობას), უმაღლესი საბჭოს (ანუ პარლამენტის) პრეზიდიუმს და სხვ.

1922 წლის 10 დეკემბერს გათამაშდა საქართველოს სსრ ფინანსთა კომისარიატის მიერ მოწყობილი “დიდი ლატარია” – “დამშეულთა სასარგებლოდ”.

სულ გამოუშვეს 12 მილიარდი მანეთის საერთო ღირებულების 120 ათასი ლატარიის ბილეთი, რომლებსაც ხელს ფილიპე მახარაძესთან ერთად აწერდნენ საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე (1886-1941) და ლატარიის მომწყობი კომისიის თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძე (1866-1949), რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბანკს 1920 წლიდან ხელმძღვანელობდა.

აქვე დავძენთ, რომ ცნობილი ფინანსისტი ალექსანდრე სვანიძე იმავდროულად აღმოსავლეთმცოდნე გახლდათ და განათლება იენის უნივერსიტეტში ჰქონდა მიღებული. იყო სსრ კავშირის უზენაესი ხელისუფლის იოსებ სტალინის პირველი ცოლის ძმა და პირადი მეგობარი. 1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ-ის სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში. იმავდროულად იგი ხელმძღვანელობდა სსრკ-ის საგარეო ვაჭრობის ბანკს. 1935 წლიდან იყო სსრკ-ის სახელმწიფო ბანკის სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე. პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი კარიერის პარალელურად აქტიურ სამეცნიერო საქმიანობასაც ეწეოდა. სწავლობდა აღმოსავლეთმცოდნეობის ისტორიას და აღმოსავლურ ენებს. მისი რედაქტორობით დაარსდა Вестник древней истории, რომელიც დღემდე გამოდის. დასასრულ, იგი 30-იანი წლების მიწურულს სსრ კავშირში მიმდინარე მასობრივი რეპრესიების მსხვერპლი გახდა.

ლატარიის ბილეთები 1924-1928 წლებში

ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (რომელშიც შედიოდნენ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკები) ფედერალური ვალუტის გამოშვების დღიდან ამ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში დაწყებულ ფულის გაუფასურების პროცესს, რაც 1924 წლიდან ჰიპერინფლაციაში გადაიზარდა, თან სასურსათო პროდუქციის დეფიციტიც დაემატა.

იძულებით გასაბჭოებულ საქართველოში, ისევე როგორც იმდროინდელ სსრ კავშირში, სოციალური გაჭირვება და შიმშილი მძვინვარებდა.

კრემლში მოკალათებული საკავშირო ხელისუფლების ჩაგონებით, ამიერკავკასიის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც, 1924 წლის 30 ივნისიდან ოფიციალურად შეწყდა ამიერკავკასიური ფულის ნიშნების მიმოქცევა. ამ სახელმწიფოებრივ გაერთიანებაში შემავალ საქართველოში (ისევე, როგორც სომხეთსა და აზერბაიჯანში) ივლისიდან ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად იქცა საერთო-საკავშირო ვალუტა. ის თითქმის 69 წლის განმავლობაში, 1993 წლის 5 აპრილამდე (საქართველოს ეროვნული ბანკის კუპონის შემოღებამდე) ერთადერთი ლეგალური ფულადი ერთეული იყო.

1924 წლისთვის სსრ კავშირის საერთო-საკავშირო ფულის ძირითად ერთეულს “ჩერვონეცი” წარმოადგენდა. ერთი ჩერვონეცი მოიცავდა 10 რუბლს (ქართულად – მანეთს), რომელიც თავის მხრივ 100 კაპიკისგან შედგებოდა.

სსრ კავშირის ერთიან ფულად სისტემაზე გადასვლამ ამ ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დიდი ნაწილი მაინც კარგა ხანს ვერ აღმოფხვრა. მთლიანი შიდა პროდუქტი კვლავ კატასტროფულად მცირდებოდა. სსრ კავშირს, რომელიც აგრარულ ქვეყნად ითვლებოდა, არ შეეძლო შიდა ბაზრის საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგება. სწორედ ამ პრობლემის არსებობაზე მიგვანიშნებს ქვემოთ მიმოხილული ლატარიის ბილეთების გამოშვება.

1924 წლის 30 სექტემბერს, საქართველოს სსრ სოციალური უზრუნველყოფის სახალხო კომისარიატმა, სოფლის მეურნეობის აღდგენის მიზნით, გლეხთა დამხმარე კომიტეტების დახმარებით, ლატარიის გათამაშება გამართა. ბილეთები იყოფოდა 400 სერიად, თითო სერია – 300 ბილეთად, ხოლო თითო ბილეთი 5 კუპონისგან შედგებოდა. თითოეული ბილეთი ღირდა 25 კაპიკი, ხოლო თითოეული კუპონი კი 5 კაპიკი. სულ გამოუშვეს 120 ათასი ბილეთი, რომლებსაც ხელს აწერდნენ საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ (მიხა) ცხაკაია და საქართველოს სსრ სახალხო კომისარი კონსტანტინე ხომერიკი.

ბილეთის ავერსის ზედა ნაწილში, ცენტრში გამოსახულია საბჭოური სიმბოლიკის ძირითადი ატრიბუტები – ნამგალი და ურო, რომელთა გარშემოც ხორბლის თავთავებია. ბილეთებზე მითითებულია ემიტენტი ორგანიზაციის დასახელება ქართულ და რუსულ ენებზე. ცენტრში აღნიშნულია ბილეთის ნომინალი, რომელსაც გარშემოც ქართულ-რუსულად აწერია ფულის ერთეულის დასახელება, ასევე, სერიისა და კუპონის ნომრები.

ლატარიის ბილეთების ქვედა არეზე აღბეჭდილია “ვეფხისტყაოსნის” აფორიზმი: “რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”.

ლატარიის ბილეთი ჩასმულია კლასიკურ დეკორში, რაც თანადროული საბჭოური ლატარიის ბილეთებიდან გამოარჩევს.

1928 წლიდან სსრ კავშირის ხელისუფლებამ დანერგა ხუთწლედები, რომელსაც ქვეყნის ძირითადი ეკონომიკური მიმართულება აგრარულიდან ინდუსტრიულზე უნდა გადაეყვანა. ამ ცვლილების შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში შეიცვალა ლატარიის მოწყობის მიზნებიც და წინა პლანზე საზოგადოებრივი და საქველმოქმედო მიმართულებები გამოვიდა.

1929 წლის 1-ელ აგვისტოს, თბილისში საქართველოს სსრ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებულმა უპატრონო ბავშვთა დამხმარე კომისიამ გაათამაშა სანივთო ლატარია. ეს გათამაშება წარიმართა საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატის მიერ 1928 წლის 24 მარტს დამტკიცებული წესდების მიხედვით.

აღნიშნული ლატარიის ბილეთები გამოშვებულია 150 ათასი მანეთის საერთო ღირებულებით. 300 ათასი ცალი ბილეთიდან თითოეულის ღირებულება 50 კაპიკი გახლდათ. მოგების ბიუჯეტი შეადგენდა 30 ათას მანეთს, მომგებიანი ბილეთების რაოდენობა კი – 15 ათას 600 ცალს. მომგებს ფულის ნაცვლად მოგებულ ნივთს ნატურით აძლევდნენ.

ლატარიის გათამაშების კომისიაში შედიოდნენ: საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატის, მუშათა და გლეხთა ინსპექციის, განათლების სახალხო კომისარიატის, ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის, ახალგაზრდა ლენინური კომუნისტური კავშირის ცენტრალური კომიტეტის, პროფესიული კავშირის თითო წარმომადგენელი და საქართველოს სსრ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული ბავშვთა დამხმარე კომისიის ორი წარმომადგენელი.

გათამაშების შედეგები უნდა გამოქვეყნებულიყო რესპუბლიკურ პრესაში, მოგებათა ოფიციალური ცხრილი კი უნდა გამოექვეყნებინა ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებულ ბავშვთა კომისიას, ლატარიის მომწყობი კომისიის ყველა წევრის ხელმოწერითურთ.

5-a2-1654274433.jpg
1924 წლის სექტემბერში გათამაშებული ლატარიის ბილეთი

სანივთო ლატარიის ბილეთი დაბეჭდილია ვარდისფერ ფონზე. მის ცენტრში გამოსახულია საქართველოს სსრ გერბი, რომლის გარშემოც ლატარიის დამამტკიცებელი უწყების წარწერაა. ლატარიის ბილეთის კიდეებზე დატანილია მცენარეული მოტივები, სხვადასხვა ჯიშის ხილისა და ბოსტნეულის გამოსახულება, რომელიც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც აგრარული თვალსაზრისით მდიდარ და მრავალფეროვან ქვეყანას.

ბილეთებზე ასევე დატანილია საქართველოს სსრ ცენტრალურ აღმასრულებელ კომიტეტთან არსებული უპატრონო ბავშვთა დამხმარე კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, ლატარიის ბილეთის ნომერი, ბილეთის ქვედა მარცხენა და მარჯვენა კუთხეში ნომინალის აღმნიშვნელი ციფრები.

ამდენად, 1928 წლის ლატარიის ბილეთი მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით გამორჩეულია სსრ კავშირში იმხანად გამოშვებულ მსგავსი ტიპის ლატარიის ბილეთთა შორის.

ლატარია ოსმალეთში (1861 წ.)

საქართველოს ფარგლებს გარეთ პირველი ლატარიის ბილეთი ქართველმა კათოლიკე სასულიერო პირებმა ჯერ კიდევ XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში გამოუშვეს. ამ ლატარიის ბილეთები გამოვიდა 1861 წელს, სტამბოლში (ყოფილ კონსტანტინოპოლში), კერძოდ, ფერიქიოში ლურდის ღვთისმშობლის ქართული კათოლიკური ეკლესიის აგებისთვის საჭირო თანხის მოგროვების მიზნით. მასზე იყო ოსმალური, ფრანგული და ბერძნული წარწერები. სულ გამოვიდა 10 ათას 800 ცალი ბილეთი, რომელთაგან თითო – 10 ვერცხლის პიასტრი ღირდა (რ. სპანდერაშვილი, ი. ფაღავა, კონსტანტინოპოლის ლურდის ღვთისმშობლის ქართული ეკლესიის ასაგებად იმიტირებული ლატარიის ბილეთი, ჟურნალი “ჰეროლდი”, # 8, თბილისი, 2019).

ვინაიდან ზემოხსენებული ლატარიის ბილეთი ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში დაიბეჭდა და გათვალისწინებული იყო იქ ქართული კათოლიკური ტაძრის ასაგებად, იგი უპირველესად ოსმალური (იგივე თურქული) ლოტერისტიკის ძეგლს წარმოადგენს. თუმცა, ვინაიდან ლატარიის ეს ბილეთი დაიბეჭდა ქართველ კათოლიკეთა ძალისხმევით და მათივე ტაძრის ასაგებად, იგი იმავდროულად ქართულ ლოტერისტიკულ ძეგლადაც შეიძლება ჩაითვალოს.

6-a2-1654274433.jpg
სანივთო ლატარია 1929 წლის აგვისტოში გათამაშდა

ნიკო ჯავახიშვილი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი როლანდ სპანდერაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმი

“ისტორიანი” .#123

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share