გურულები ბრწყინვალე მსროლელები და საუკეთესო ფეხოსნები არიან, მათი მსვლელობა ნამდვილი საოცრებაა. მათთვის ცნობილია უახლოესი და მოკლე ბილიკები, რომლებიც მთიან ადგილებში მნიშვნელოვნად ამოკლებენ გასავლელ მანძილს, თუმცა მათი სვლის სისწრაფე და სიმსუბუქე უფრო დიდი ყურადღების ღირსია.
.
გურიასა და სამეგრელოში ხშირად შეხვდებით საუკეთესო ცხენზე ამხედრებულ თავადს ან აზნაურს, რომელიც სტუმრად ან საქმეებზე მიმგზავრება 30 ვერსტის ან უფრო შორეულ გზაზე, მდიდრების ამალა ამხედრებულია, ხოლო შედარებით ღარიბ აზნაურს კი გვერდით ფეხით მორბენალი ბიჭი მოყვება, რომელიც მისი მუდმივი თანამგზავრია და მთელი გზა არ უნდა ჩამორჩეს, ასეთი სახის სამსახური აზნაურის საკუთრებაში არსებული რომელიმე კომლის ბეგარა გახლავთ. სამსახური ძალიან მძიმეა, თუმცა მომსამსახურის ვალდებულებას მხოლოდ ბატონის მგზავრობისას თანხლება და ცხენის მოვლა წარმოადგენს, ეს გახლავთ სრული ვალდებულება ამ გლეხისა ბატონის მიმართ.
.
მოგზაურობისას ისეც ხდება, რომ თანამგზავრი სარგებლობს რა ტყის მოკლე ბილიკებით მის ბატონს რამდენიმე ვერსტით უკან მოიტოვებს ხოლმე, ამასთანავე იგი ბატონთა წესისამებრ ყოველ შემხვედრთან როგორც ნაცნობთან ისე უცნობთან ჩერდება, ესალმება და ახალ ამბებსაც უცვლის.
.
მე მქონდა შემთხვევა დავრწმუნებულიყავი იმ დაუჯერებელ სისწრაფეში, რასაც გურულები იჩენენ მგზავრობისას, ერთერთ პატივსაცემ თავადთან ვახშმობისას ჩვენი საუბარი ამ თემასაც შეეხო, რაზეც ბევრი ვიმსჯელეთ და ვიკამათეთ, ბოლოს ჩვენმა მასპინძელმა შემოგვთავაზა დავერწმუნებინეთ გურულების სწრაფ და მსუბუქ სიარულში და შემოგვთავაზა ცდის ჩატარება, კერძოდ მან დაუძახა ერთ თავის მსახურს, მისცა ფული და უბრძანა წასულიყო ქუთაისში სამი ფუნტი სტეარინის სანთლების საყიდლად, რომელსაც გურიაში რატომღაც კარტოფილის სანთელს ეძახიან. დავალების მიცემის ბოლოს თავადმა გააფრთხილა მსახური – „ზეგ დილით აქ უნდა იყო“.
.
ბიჭმა თავი დაუხარა და გავიდა, ამის შემდეგ ზუსტად დანიშნულ დროზე გამოცხადდა ნაყიდი სანთლებით. საჭიროა აღინიშნოს, რომ ოზურგეთიდან ქუთაისამდე საფოსტო გზით მანძილი დაახლოებით 125 ვერსტია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავადის მალემსრბოლელმა 36 საათში 250 ვერსტი გაიარა, ამასთანავე გარკვეული დრო დახარჯა სანთლების ყიდვაზეც. რათქმაუნდა ამ მანძილიდან გამოსაკლებია 60 ვერსტი, რომელითაც გზა შემცირდა ნაცნობი ბილიკების გამოყენებით, მიუხედავად ამისა სვლის სისწრაფე მაინც საკვირველია.
.
გურულები ყველა სამუშაოს ასრულებენ მოთმინებით და სიმსუბუქით. კვებისას არაჩვეულებრივად ზომიერნი არიან, მაგრამ დიდი ქეიფებისა და სადღესასწაულო ვახშობისას ბევრს ჭამენ და ავად ხდებიან. თითქმის უწყვეტ მარხვებს მკაცრად იცავენ, ცოტას მოიხმარენ პურს, რომელსაც აქ ღომის სქელი ფაფა და სიმინდის ფქვილიდან დამომცხვარი მჭადი ცვლის. მათ ისე აჩვევენ შიმშილის ატანას, რომ ბევრი მათგანი რამდენიმე დღის განმავლობაში საკვების მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობას ღებულობს. განსაკუთრებით გამაკვირვა მათმა უპრეტენზიობამ ხანგრძლივ და ხშირ შემთხვევაში უიღბლო ნადირობისას, მაგრამ როცა ირემს ან თხას მოვინადირებდით ძველი ბერძნების შესაფერისი ჰომერული ქეიფს მართავდნენ.
.
გურულები მეცნიერებისა და ენის ცოდნით ისე არ გამოირჩევიან როგორც ეს მოსალოდნელია, მაგრამ თუ კი სწავლა დაიწყეს მიზანს არაჩვეულებრივი მონდომების შედეგად აღწევენ. ყველა თავადმა იცის ქართული წერა კითხვა, დიდმა უმრავლესობამ კი თურქული ენა. საერთო სალაპარაკო ენა რომელზეც ისინი საუბრობენ არის ყველაზე უფრო სუფთა ქართული ენა, ან როგორც საქართველოში ეძახიან „სათავადო ენა“. ამასთანავე ამ ენის მკაფიო და სასიამოვნო ხმოვანებას გურულის ბაგე კიდევ უფრო ჰარმონიულს ხდის.
.
გურიის მკვიდრნი გამოირჩევიან დადებითი თვისებებითა და თანმიმდევრულობით, ახალგაზრდები არც ისე უსაფრთხონი არიან, როგორც ეს გახლავთ საქართველოში, იმერეთსა და სამეგრელოში. შუა ასაკის ადამიანები გამჭრიახნი არიან, ხოლო მოხუცები ალერსიანები და მეგობრულნი, მაგრამ საეთოდ ყველა ასაკისანი ფეთქებადი და ბრაზიანია თუ კი ვინმე შეეხება მათ ეროვნულ, ოჯახის ან პიროვნულ ღირსებას. ისეთმა სიტყვამ ან მოქმედებამ, რომელზეც მეგრელი, იმერელი და ქართველიც კი არანაირ ყურადღებას არ მიაქცევს, გურულზე შეიძლება აღმაშფოთებლად იმოქმედოს, რასაც შედეგად ჩხუბი მოყვება, რომელიც ძალიან ხშირ შემთხვევაში სისხლისღვრით მთავრდება.
.
ნიკოლოზ დუნკელ-ველინგი 1853 წელი
ნახატი წიგნიდან – Воспоминания офицера Кобулетского отряда в кампанию 1877-78 гг. – Борис Михайлович Колюбакин;
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა