კრიმინალური ავტორიტეტი „ლავასოღლი“ დააკავეს

უკრაინული მედიის ცნობით, ოდესის აეროპორტში ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი დააკავეს.

მედიის ცნობით, ის უკრაინაში ბელარუსიდან ჩავიდა. მათივე ინფორმაციით, აეროპორტში შემოწმებისას გორაძეს პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ ჰქონდა, რის შემდეგაც ის საზღვარზე გააჩერეს.

მათი ცნობით, მესაზღვრეები გორაძის უკან, მინსკში დაბრუნებას აპირებდნენ, თუმცა ის თვითდაზიანების მიყენებით დაიმუქრა. არსებული ინფორმაციით, ლავასოღლი კვლავ ოდესის აეროპორტში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს მის ადვოკატს, ალექსანდრე კობაიძეს.

ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში გასამართლებულ მინდია გორაძეს, იგივე ლავასოღლის ბელარუსში 40-დღიანი საექსტრადიციო პატიმრობის ვადა 2020 წლის 3 აგვისტოს ამოეწურა, თუმცა საქართველოში მისი ექსტრადირება არ მომხდარა.

ქართულმა სასამართლომ ლავასოღლის 12 წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად შეუფარდა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში ედება. ის თურქეთში 2018 წლის ოქტომბერში დააკავეს, თუმცა გაურკვეველი მიზეზით, საქართველოში მისი ექსტრადირება ვერ მოხდა. ამის შემდეგ კი ის ბელარუსში, ასევე საექსტრადაციო პატიმრობაში გადაიყვანეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share