3 ივნისს ევროპულმა საბჭომ დაამტკიცა ევროკომისიის 17 ივნისის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ამ ეტაპზე მიენიჭა მხოლოდ ევროპული პერსპექტივა და პირობების ჩამონათვალი, რომელიც კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა შეასრულოს.
ამავე გადაწყვეტილების მიხედვით, ევროკომისია გაწეულ სამუშაოს დეკემბრის ბოლოს შეაფასებს.
საქართველოსთან მიმართებით ასევე აღნიშნულია, რომ უნდა მოგვარდეს პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებით პარტიებს შორის თანამშრომლობის გზით;
უზრუნველყონ თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო, მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის პროცედურები უნდა შეესაბამებოდეს უმაღლეს სტანდარტებს და დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და სხვა მედიამუშაკებისთვის შექმნილი საფრთხეების დროს;
ახალი ომბუდსმენის დასახელების პროცესში უპირატესობა მიენიჭოს დამოუკიდებელ პირს და პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებიდან მეორე დღეს, 24 ივნისს თქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება ბრიუსელის მიერ დადგენილი პირობების შესასრულებლად და თანამშრომლობა შესთავაზა ოპოზიციასაც.
“ჩვენ მზად ვართ კონსტრუქციული დიალოგისთვის, კარი არასოდეს არ დაგვიხურავს. მინდა მკაფიოდ ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს, გვქონდა და ყოველთვის გვექნება მზაობა რომ ისეთ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალს ეხება, ვიმუშაოთ ერთად, გვქონდეს რეალური დებატები და მსჯელობა. ეს რა თქმა უნდა, უნდა ხდებოდეს ნორმალურ, კონსტრუქციულ და ჯანსაღ ვითარებაში. იმედი მაქვს, რომ ამ პასუხისმგებლობას ჩვენი ოპონენტებიც გაიზიარებენ. მე მინდა ოპტიმისტურად განვაცხადო, რომ მე მჯერა ოპოზიცია დააყენებს საკუთარ ამბიციებსა და სურვილებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა, ვინაიდან ჩვენთვის მთავარი ჯერ ჩვენი სახელმწიფო და ქვეყნის მომავალია, შემდეგ კი, ჩვენი პარტიული და პირადი ინტერესები,”– აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 12 პუნქტზე მუშაობა და ნებისმიერი კონკრეტული საკითხის განხილვა დაიწყება მას შემდეგ, რაც ოპოზიცია გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციისკენ, შეცვლის რიტორიკას და ლექსიკონიდან ამოიღებს ტერმინებს – „პრორუსული მთავრობა“ და „პუტინისტური რეჟიმი“.
„ცალმხრივად პოლარიზაცია ვერ დასრულდება. დაველოდებით ოპოზიციის ქმედებებს“,- ამბობს კობახიძე.
28 ივნისს, კი საღამოს საათებში ცნობილი გახდა, რომ „ქართულ ოცნებას“ სამი წევრი ტოვებს. ამ ინფორმაციის გასაჯაროება მამუკა მდინარაძემ ითავა.
როგორც მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა, ეს დეპუტატები არიან სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე.
„მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ: ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარლამენტო თანამდებობებს“, – თქვა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ დეპუტატების გადაწყვეტილების მიზეზებზეც ილაპარაკა:
„ამის მიზეზი ძალიან მოკლედ რომ გითხრათ, გახდა ერთადერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებითაც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები გააკეთოს. მათ მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს. ამასთან დაკავშირებით იყო კამათი, დისკუსია და მათ გადაწყვიტეს, რომ ამის გახმოვანებისათვის სჭირდებათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი და გუნდის შიგნით შესაძლებელია გარკვეული უხერხულობები შექმნან ამ მიმართულებით“, – განაცხადა მდინარაძემ. მან დაამატა, რომ „ქართული ოცნების” გუნდი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერდა. „მათ [სუბარს, ყაველაშვილს და ხუნდაძეს] მიაჩნიათ, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც გარეთ უნდა გამოვიდეს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოებამ სწორი დასკვნები გააკეთოს და სწორედ ეს იყო შეუთანხმებლობის ერთადერთი მიზეზი“, – შენიშნა მდინარაძემ.
მოგვიანებით, მმართველი გუნდიდან წასულებმა გააკეთეს კომენტარი და ტქვეს, რომ ხალხს უნდა უთხრან სიმართლე.
საქართველოს პარლამენტის დეპუტატი სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მისი მმართველი პარტიიდან წამოსვლის მიზეზი, საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის კიდევ უფრო თავისუფლად მიწოდების საშუალება იყო.
„ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ და ხშირად ყოფილა საქართველოს წინაშე ისეთი პერიოდები, როდესაც ძალიან რთული პერიოდი გვედგა და რთული პერიოდი არის იმ მხრივ, რომ ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო ჩაებას ომში და ამისი მსურველი ძალიან ბევრია, გაცილებით ბევრი, ვიდრე შეიძლება ვინმე დანილოვი, ან ვინმე არახამია იყოს. მეორეს მხრივ – ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწრაფად და უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველაფერიც, თუ ომში ჩაბმას მოახერხებენ ის ადამიანები ვისაც ამისი სურვილი აქვთ და ამისი მოსურნე ძალიან ბევრი ვინმეა და ძალიან გავლენიანებიც, მათ შორის. სამყარო იცვლება, ერთხელ თოფი თუ გავარდება, შენ ვეღარ მართავ პროცესს, ის პროცესი თვითონ მიდის და ჩვენ იძულებული ვართ, ავყვეთ ამ თამაშის წესებს და ეს არ გვინდა, რომ მოხდეს. დღეს გარანტია, რომ საქართველო არ ჩაებას ომში, არის ხალხი და ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე, რომ შესაბამისად, მათი მტკიცე ნება იყოს ომის გაჩაღების წინააღმდეგ,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.
პრემიერი ქართულ საზოგადოებას ჰპირდება, რომ შეეცდება აუხსნას ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები.
მისი თქმით, მთელი მსოფლიო სამწუხაროდ, ვერ აჩერებს ომს და ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ომში, ეს არის მტრობა და ღალატი ქვეყნის და ხალხის, რისთვისაც ყველა აგებს პასუხს.
„მეორე მცდელობა იმისა, რომ საქართველო რამენაირად ჩართულიყო ამ დამანგრეველ ომში, უკრაინის ომში და გამოვიდა ბრძენი რომანი და ესეიგი მისი პროგნოზები არ გამართლდა. ხედავთ, რომ ომის შეჩერება დღეს ვერ ხერხდება სამწუხაროდ, საუბედუროდ. ყოველ დღე ათასობით ადამიანი იღუპება, ინგრევა ქალაქები და 20% უკრაინის უკვე არის ოკუპირებული, დაპყრობილი აქვს რუსეთს. როცა მთელი მსოფლიო ამ პროცესს, სამწუხაროდ, ვერ აჩერებს, ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ამ ომში, ეს რა თქმა უნდა არის მტრობა და არის ღალატი ჩვენი ქვეყნის და ხალხის, ამიტომ ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არ იქნება არც მეორე, არც მესამე ფრონტი. ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, სტაბილურობა და განვითარება და ამ მშვიდობას და სტაბილურობას ჩვენ დავიცავთ ყველა საშუალებით“,- ამბობს პრემიერი.
ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება, ჩვენ ახლა გვჭირდება მობილიზება, მთავრობასა და პარლამენტს ერთად, რომ როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე.
„მინდა აღვნიშნო გულისტკივილით, რომ სწორედ რომ გაეთვალისწინებინათ ევროპელებს, რომ კანდიდატის სტატუსის არ მოცემა დათქმებით არა თუ დაასრულებდა პოლარიზებას, არამედ პირიქით უფრო გააღრმავებდა, ალბათ უკეთესი იქნებოდა, თუმცა ჩვენ შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარე მტრები, ჩვენი ერი არის ბრძენი ხალხი, ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, მშვიდობა გვჭირდება, სტაბილურობა, განვითარება გვჭირდება და ჩვენი საერთო მიზნის, საერთო ოცნების ახდენა, ეს არის ჩვენი ქვეყნის გაერთიანება. აი, ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული იდეა და მიზანი, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ და არა დავხლიჩოთ და მათ მსგავსად ტერიტორიები გადავცეთ ოკუპანტებს“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროპული იდეის მიმართ ენთუზიაზმი არ არის მხოლოდ ეკონომიკური განვითარებისკენ სწრაფვა, თუმცა ეს, რა თქმა უნდა, მოტივაციის ნაწილია. თუმცა ევროკავშირი, რომელშიც ჩვენ გვსურს გაწევრიანება, არ არის ქვანახშირისა და ფოლადის საზოგადოება. ეს არ არის მხოლოდ ბაზარი, სადაც გვინდა ვივაჭროთ. ეს ყველაზე მეტად იდეების, ღირებულებებისა და სტანდარტების კავშირია, რომელშიც ჩვენ მზად ვართ ვიცხოვროთ“,- ამბობს ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩსა და ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელ ვახტანგ მახარობლიშვილი.
ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ვანო ჩხიკვაძე ამბობს, რომ უკრაინისა და მოლდოვის „დაწევის შესაძლებლობა“ საქართველოს იმ შემთხვევაში ექნება, თუკი საქართველო პირობების შესრულებას 6 თვეში შეძლებს, ხოლო უკრაინა და მოლდოვა ამავე პერიოდში ვერ შეძლებენ მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევასა და შემდეგ ეტაპზე გადასვლას.