„როგორ გარემოშიც არ უნდა ვყოფილიყავით, თვითმყოფადობას ვინარჩუნებდით. რაც ქრისტეს სარწმუნოება შემოვიდა მსოფლიოში, მყარად გვაქვს ეს სარწმუნოება. ხშირად უმაღლეს სასულიერო პირებსაც ეშლებათ ხოლმე – როცა ვამბობთ, რომ ჩვენს ეკლესიაში მწვალებლობა არ ყოფილაო, განა ეკლესია მსოფლიო არ არისო? დიახ, ეკლესია მსოფლიოა, მაგრამ როგორც ერებით გამოგვარჩია ღმერთმა, ასევე თითოეულ ერს მოგვცა შესაძლებლობა, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი ვადიდოთ. ჩვენს ერს ეს არასდროს შეშლია. ყველამ კარგად იცოდეს ეს. თუ ევროპაზე ვსაუბრობთ, დიახ, ევროპამ ჩვენგან უნდა ისწავლოს ქრისტიანობა. არ ვიცით ხოლმე არავის მიტოვება. მინდა ჩემი გულისტკივილი ვთქვა – 30 წელია საბჭოთა იმპერიიდან გამოვედით და ამის შემდეგ მსოფლიო ცივილიზებულმა საზოგადოებამ ერთი დიდ შეცდომა დაუშვა, დანაშაული ჩაიდინა, როდესაც ჩვენც არ მიგვიღო ცივილიზებული ქვეყნების რიგში. ბალტიისპირეთი მიიღო და ჩვენ – არა. მეხსიერება ისეთი იყო, სადღაც სტალინის ეპოქაში დაიპყრეს ბალტიისპირეთი, მანამდე არ იყო. ჩვენ თუ მანამდე რუსეთის იმპერიას ვყავდით დაპყრობილი და შემდეგ საბჭოთა იმპერიას, ყურადღება აღარ მოგვაქციეს და ხომ ხედავთ, რა დაგვემართა. შემდეგ შიდა ომი იყო ჩვენს ქვეყანაში, თბილისის ომი, შემდეგ იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ომი და რატომღაც ივიწყებენ, რომ ესეც რუსეთთან ომი იყო, აბა რა გვაქვს გასაყოფი აფხაზ და ოს ძმებთან?! – არაფერი. შემდეგ იყო 2008 წელი, იქაც მიგვატოვეს. სულხან-საბას რა დამართეს როდესაც ევროპაში ჩავიდა? ჩავიდა და გამოაბრუნეს. შემდეგ ამბროსი ხელაიას პერიოდი – გენუის კონფერენციას მისწერა წერილი – არსით ხმა არსით ძახილი. ამერიკაშიც როდესაც ვიყავით, ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ – განვითარებული, ძლიერი, ჭკვიანი ერი ვართ. როცა საომარია, ომიც ვიცით, მაგრამ როდესაც უკან დახევაა საჭირო უკან დახევაც ვიცით და შეტევაც“,- განაცხადა მეუფე იაკობმა.