„ჩემს ბავშვობაში თითქმის ყველას ბებია გურიაში მეჩაიე კოლმეურნე იყო” – რას იხსენებს ზურა შევარდნაძე

„გარდენიას“ მფლობელი, ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემს ბავშვობაში თითქმის ყველას ბებია გურიაში მეჩაიე კოლმეურნე იყო, მძიმედ შრომობდენ. გამარტებამდე ჩაის პლანტაციების ბარვას და ხუჭვას რომ დაამთავრებდენ თითო კვირა გამოიწერდენ ოზურგეთის საავადმყოფოში ერთ კვირიან წამოწოლას. დაასვენებდენ დაღლილ მკლავებს, წაიმკურნალებდენ, ნაბეღლავის წყალს მიეძალებოდენ და ასე ემზადებოდენ საგაზაფხულოდ გაუსაძლისი შრომისთვის, მოდასავით იყო. ამ ერთ კვირაში გარეთ დარჩენილ მეზობლებს, ახლობლებს, ნათესავებს უნდა მოესწროთ მათი ნახვა და ყურადღების გამოხატვა, როის დაწეი? როის გწერენ? რას გიჩივა ექიმი, არის უკეთესობა? ჩვეულებრივი შეკითხვები იყო.

ერთ გაზაფხულზე ჩვენი საყვარელი მეზობელი, ბებიას მეგობარი ვერიჩქაც დაწვა. მეორე დღეს ბებიამ ადრე გაიღვიძა, საყოლი იალონში გაუშვა, ღვინის თხელი ხავიწი მოადუღა, ქვაბში ჩაასხა და გააგრილა, კეცი გადაადგა და სქელი, უშველებელი ხაჭაპური გამოაცხო, წუხელის მოხარშული დედალი სუნელით გამოტენა, ვერცხლის ქაღალდში გაახვია და 11 საათიან ავტობუსს გავყევით ოზურგეთში. მიხაროდა ოღონდ სადმე კი წავეყვანე.

ოზურგეთის საავადმყოფო ტიალზე იდგა ბჟუჟისპირას იმდროისათვის თანამედროვე შენობა იყო, კარგად გამწვანებული ეზო ჰქონდა. მნახველებისთვის განკუთვნილ კარებს საგულდაგულოდ იცავდა კარისკაცი ჩვენივე თანასოფლელი ბებიაზე უფროსი თუ არა მისი ხნის მაინც ცალხელა გიგუშე. ჩვენს დანახვაზე მიხვდა გიგუშა ვერიჩქასან ვიყავით, გამოყო თავი პაწა ფანჯარაში და შებენჟღილი ხმით გამოსძახა ბებიას, ვერა დია ვერ შეგიშობ, აგძალული მაქ მომხსნიენო. რას ჩივი ბიჯო გიგუშა, შემიშუა უნდა, ქვეყანას ხომ ვერ დავაქცევ, ვნახავ ქალს, ვუკითხავ ამბავს და ქე წავალ ორ საათინს მინდა უკან გავყვე, კი იცი სახლი, საყოლი, ყორიფელი უპატრონოთ მაქ დატიებულიო. აჰჰ ვერა შენი ჭირიმე მიღების საათები 2 დან 4 მდეა და დიელოდეო. მეტი ენა აღარ უთქვამს ბებიას, არ გაბრაზებულა მივხვდი ეწყინა, ცდილობდა არ შეემჩნია, ამფერი იყო. გამოვედით ეზოში და ძეწნის ძირში დავჯექით. მე გავბრაზდი და შუუჩნდი, ბებია რეიზა არ შეგვიშუა? აბა სხვები რომ შუუშუა აგერ ახლა? მიგეცა სამ მანეთიანი და ეგება შევეშვით ჩვენც? დამეთხუე ახლაო შემომიღრინა და გაზეთი მეიბინდავა. რომ დაწყნარდა წყენამაც გადაუარა ასე გავდა და დინჯად ამიხსნა, პაწა კაცია გიგუშე ბებია, პაწა საქმე აბარია, მას გონია რომე სასწოულს შობა, მიეცა ახლა საშვალება თავი გამეიჩინოს და დაამტკიცოს რომე მართლა დიდ საქმეს შობა რა ქნას, ცოდუაა, პაწე კაცია გიგუშე პაწა საქმე აბარია, ცოდუაა, ცოდუაა, პაწე კაცია, პაწე საქმე აბარია აიჩემა.. ვერაფერი ვერ გავიგე მარა დავეთანხმე. საშინლად გაბრაზებული კი მაინც ვიყავი და ვამბობდი მწარე მწარეს, ვიმუქრებოდი. ცოტა ხანში ექიმი მჟავია მოიყვანა ვოლგით ალბათ რომელიმე პაციენტის პატრონმა, ექიმი ბებიას მიმართ პატივისცემით იყო, მიესალმა, მიხვდა გიგუშას ოინებს და შესთავაზა ბებიას მობრძანდი ამ წესებს მე ვაწესებ აქანე და გამომყევიო. ბებიამ დაიმორცხვა რავა გეკადრებათ ექიმო ახლობელს ველოდებითო. ვერც ეს გავიგე ბებიამ რატომ იცრუა და მჟავიას უარი რატომ უთხრა, მისი გამავლობით რატომ არ ვისარგებლეთ და ახლა ბებიაზე გავბრაზდი.

შესრულდა ორი რავარც იქნა, გიგუშამ გახსნა კარი და საპატიოთ მიგვიღო, აღარაფერი უთქვამთ ერთმანეთისთვის. პალატაში 6 ქალი იწვა, აქამდე არ მენახა დიდი ორმაგი უფარდო ფანჯარა, რკინის საწოლებზე ფირუზისფერი ზეწრები ეფინა და საბნის თეთრ პირებზე ასევე ფირუზისფრად “ზდაროვიე” ეწერა რუსული ასოებით ილინცურად. კედლები შუამდე იყო შეღებილი ცისფრად, შუას ზემოთ კირით იყო შეთეთრებული. შუშის კარადაში ელაგა იხტიორის და ტეიმუროვის მალამო, დიდი ბოთლით იოდი, გამჭვირვალე ქილა სავსე იყო მოგრძოდ დაგორგლილი ბამბებით, ფურასემიდის ყვითელი ხსნარიც ეწყო ბოთლებით. ვიეტნამის ვარსკვლავის და ქლორის სუნი პალატის გარეთაც იდგა, მგონი სავადმყოფოს გარეთაც, ახლაც წამომივლის ხან.

გაიხარეს ავადმყოფებმა, რომლებიც ავადმყოფებს სულ არ ჰგავდენ. ბებიამაც გაიხარა, მოუყვა მეზობლებს გიგუშას სიმკაცრის ამბავი, იცინეს, ერთად და ცალცალკე იწყევლეს გულიანად.

ბაზარში გამოვიარეთ, ქუთაისელ მესუნელე ლიდასგან წვრილმანები ვიყიდეთ და 6 საათიან, ბოლო ავტობუსს გავყევით შინ. ძროხები უკვე ჭიშკართან ელოდენ ბებიას აზმუვლებული. საგარიო ტანისამოსის გახდას ბებია სამჭედურიდან იწყებდა და მკლავზე იფენდა შინ დრო რომ არ დაეკარგა.
იმ შემოდგომას იავადმყოფა და გარდაიცვალა ჩემი ბებია. სტუდენტი ვიყავი, ერთ გამარტებაზე ვერიჩქა ბებიას სიკვდილის ამბავიც მომწერა დედამ. ცალხელა გიგუშეც აღარაა.

აღდგომის სწორს ყოველთვის მივდივარ სასაფლაოზე, ისე ვერ მივალ ბებიას საფლავამდე გიგუშას და ვერიჩქა ბებიას საფლავები რომ არ გავიარო, დურღანას პირზე დიდ წიფელთან და კრიფტომერიების მწკრივთან არიან ყველა ერთად თითქმის გვერდიგვერდ. იასამნის მოზრდილი მკლავი მიმაქვს სულ, ერთ პოწკვს გუგუშას და მის ცოლს დავუდებ, ერთი ორს ვერიჩქა ბებიას, დანარჩენებსაც ყველას და ყველაზე მეტს ბებიასთან მივიტან.

თითქმის 40 წელი გავიდა მას მერე, ახლა ბებიასავით მეც აღარ ვბრაზობ ამისთანა წვრილმანებზე, ვიტყვი ხშირად: “რაქნას პაწაა, პაწა საქმე აბარია ცოდუაა, ცოდუაა და დავჯდები ძეწნის ძირში მშვიდად.”

ფოტო #ზაქარიაჭელიძე“, – წერს ზურა შევარდნაძე.

 

„თითქმის 40 წელი გავიდა მას მერე, ახლა ბებიასავით მეც აღარ ვბრაზობ ამისთანა წვრილმანებზე...“ - რას იხსენებს ზურა შევარდნაძე
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share