ქუთაისის მერიამ იუმორისტ გიორგი გაბუნიას მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა. 500 კვ.მ უკვე გადაცემულია, მეორე 500 კვ.მ კი საკრებულო უახლოეს დღეებში დაუმტკიცებს. აღნიშნული ფართობი სამთავრობო მედიის პროპაგანდისტს 10 წლის იჯარით, წელიწადში 6 300 ლარად გადაეცა. ამის შესახებ ქუთაისის საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ გიგა შუშანიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, იჯარა გაბუნიას სახელზე გაფორმებული არაა, თუმცა დოკუმენტაციის შემომტანი თავად არის. ოპოზიციონერის განცხადებით, ეს პოლიტიკური კორუფციის კლასიკური მაგალითია.
შუშანიას ბრიფინგს თავად იუმორისტი გიორგი გაბუნიაც გამოეხმაურა. მან ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებას აბსურდი უწოდა და განაცხადა, რომ მიწის ნაკვეთზე მერიას კანონის სრული დაცვით, როგორც რიგითმა მოქალაქემ ისე მიმართა.