საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სუს-ის დაარსების 7 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მისი აზრით, შემთხვევითი არაა, რომ სწორედ ამ უწყების თანამშრომლების წინააღმდეგ მიმდინარეობს “მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ”.
“პირადად ჩემი, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების სახელით მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ ამ შრომისათვის, ამ ერთგულებისთვის, ამ თავდადებისა და პროფესიონალიზმისათვის, ჩვენი სამშობლოსა და ხალხის მსახურებისათვის. რა თქმა უნდა, გამოწვევები ძალიან ბევრია. შემთხვევით არ არის, რომ სწორედ თქვენი სამსახურის წინააღმდეგ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ორკესტრირებული შეტევა, შიდა თუ გარე მტრების მიერ. მაგრამ მე მჯერა, რომ ეს ბრძოლა თქვენ კიდევ უფრო გაგაძლიერებთ და ამის შემდეგ კიდევ უფრო მტკიცე, ძლიერ სამსახურად ჩამოყალიბდებით”, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, “შიდა დესტრუქციული ძალების მხრიდან” საფრთხეები მომდინარეობს, თუმცა სუს-ის მიერ დროულად ხდება როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია.