ამბობენ, თბილისში, ერთ დილას, იმ სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა…
ისინი უთვალავი ახლადმოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული. ამ, ყოვლად უჩვეულო მსვლელობას უკან წარმოშობით მირზაანელი, საცხოვრებლად თბილისში გადმოსული კაცი მიუყვებოდა, რომელსაც ქალაქელები ნ ი კ ა ლ ა ს ეძახდნენ… და ყველამ იცოდა, რომ ის მხატვარი იყო…
ნიკო ფიროსმანი
ახლა კი, სულ რამდენიმე საათის წინ თავისი პატარა დუქანი გაეყიდა, იმ ფულით ქალაქში გასაყიდად გამოტანილი ყველა ყვავილი ეყიდა და 9 ურმით დატვირთული მიდიოდა ქალთან, რომელსაც გასტროლებზე ჩამოსულს, სცენაზე, თავისი საოცარი ცეკვით, ნამდვილი ცეცხლი დაენთო… და მხატვარსაც შეჰყვარებოდა … “შეჰყვარებოდა სამუდამოდ”…
მარგარიტა დე სევრეს აფიშა
ღარიბი ნიკალას სიყვარული კი იმთავითვე განწირული და უიღბლო იყო.
როცა მარგარიტა მიხვდა, რომ მხატვარმა უკანასკნელი გროში დაახარჯა და აღარაფერი გააჩნდა, მის მიმართ ინტერესი დაკარგა და მთლიანად მდიდარ თაყვანისმცემლებზე გადაერთო.
ერთ დღეს კი მარგარიტასთან მისულ ნიკალას დახვდა ბარათი, რომლითაც პარიზში გამგზავრებული აქტრისა მას სამუდამოდ ემშვიდობებოდა.
ის წავიდა … და დარჩა ტილოზე გადატანილი ნიკალას სიყვარული – სახელად “აქტრისა მარგარიტა“.
“აქტრისა მარგარიტა“, ფიროსმანი, 1909
განცდილმა ტკივილმა და იმედგაცრუებამ სამუდამო დაღი დაატყო მარტოსულ მხატვრს. ის სიტყვაძუნწი, ჩაკეტილი და ჩუმი გახდა. ამასთან ერთად გაუსაძლისი სიღატაკე, საზოგადოების არასათანადო, არათანაგრძნობრივი და ხშირად დამცინავი დამოკიდებულებაც კი, მარწუხივით უჭერდა ყელში…
“ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას… მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ…” – ეს ნიკო ფიოსმანის სიტყვებია, რომელიც მან 1915 წელს ლადო გუდიაშვილს უთხრა, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელმა გენიოსს სრულიად დასუტებულსა დაუძლურებულს კიბის ქვეშ მიაგნო, რათა მისთვის მცირე, შეგროვილი თანხა გადაეცა.
…
სარდაფში დასნეულებული, მეზობლისგან შემთხვევით მიგნებული, საავადმყოფოში გარდაიცალა ნიკალა 1918 წელს.
სიმბოლურია, რომ არ არსებობს მისი საფლავი. როგორც გია ბუღაძე ამბობს, ისევე როგორც არ არსებობს იესოს, თამარ მეფის, რუსთაველის, მოცარტის და კიდევ უამრავი ბუმბერაზი ადამიანის საფლავი… ისინი თითქოს არამიწიერნი, იმდენად დიდი ადამიანები იყვნენ, რომ არ უნდა დაგვრჩენოდა მათი ლეში.
კადრი ფილმიდან: “ფიროსმანი”
და აი… გაივლის დრო და ნიკალა ხდება ნიკალა! და მას აიტაცებს მთელი მსოფლიო.
…
1969 წელის მარტის თვეში კი ფიროსმანის ტილოებს “პარიზის დეკორატიული მუზეუმის დარბაზები” უმასპინძლებს.
თბილისის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი, რომელსაც პარიზის ამ გამოფენის ორგანიზება აქვს დავალებული, მოულოდნელად დარბაზში შემოსულ ოთხმოციოდე წლის ქალბატონს შეამჩნევს, რომელსაც, უცნაური, მღელვარე ღიმილი დასთამაშებს და გამოფენის კომისარს სთხოვს სურათი გადაიღოს “აქტრისა მარგარიტასთან” ახლოს…
მარგარიტა დე სევრი (მარცხნივ)
ეს ის “მარგარიტაა”… მარგარიტა დე სევრი!.. ფიროსმანის ტილოების სანახავად მოსული… ნიკალას მარადიული სიყვარული…
Intermedia.ge