ევროპული მომავლის წარმოდგენის დროს, საქართველო წარსულს უყურებს – Eurasianet

ევროპული მომავლის წარმოდგენის დროს, საქართველო წარსულს უყურებს –  წერს, საერთაშორისო გამოცემა eurasianet. 

გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ინტელექტუალური ელიტა და  მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, თუმცა  საქართველოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე ისევ დაბრკოლებებია. დაბრკოლებას კი არა მხოლოდ რუსეთი, არამედ საკუთარი მთავრობა, ბუნდოვანი ინტერესებითა და ევროპასთან შეერთების ღირსებაზე შერეული შეხედულებებით უქმნის.

ისტორია:

„ჩვენ ყოველთვის დასავლეთისკენ ვიყურებოდით“, – თქვა მწერალმა გრიგოლ რობაქიძემ 1920 წელს, როცა პირველი ქართული რესპუბლიკა ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. მაგრამ სამწუხაროდ, დასძინა მან, ”ჩვენი გეოგრაფია ჩვენი არსებობის უბედურება იყო”…

საქართველოს რესპუბლიკის დროისთვის ქვეყანამ მიიღო დამატებითი არგუმენტი თავისი ევროპული იდენტობისთვის: დემოკრატია. „ხალხმა დაიბრუნა ის, რაც მეფეებმა გაფლანგა – თავისუფლება – და შექმნეს ხალხის სახელმწიფო, ხალხის წესრიგი და ხალხის მმართველობა“, – თქვა ნოე ჟორდანიამ 1920 წელს გამოსვლაში.

როდესაც საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა 1991 წელს, ახალმა სახელმწიფომ კვლავ დაიწყო დასავლეთთან ინტეგრაციისკენ სწრაფვა, ცდილობდა შესუსტებულიყო რუსეთთან კავშირები და გაეღრმავებინა ისინი ევროპასა და შეერთებულ შტატებთან.

2000-იანი წლების დასაწყისის პრემიერ მინისტრის, ზურაბ ჟვანიას აქსიომას ახლა რეგულარულად მოიხსენიებენ: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“.

 ხედვა:

კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის 2021 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ქართველების მხარდაჭერა ევროკავშირში გაწევრიანებისთან დაკავშირებით, ყველაზე მეტად ეკონომიკურ არგუმენტებს ეფუძნება.

გამოკითხულთა აზრით, EU-ის წევრობა გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას. თუმცა ქვეყნის ლიბერალური ინტელიგენციისთვის, ევროპა უპირველესად ლიბერალურ ღირებულებებთან, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებთან ასოცირდება.

გამოცემა წერს, რომ ევროინტეგრაციის პროცესი ძლიერი იმპულსი იყო ქართული პოლიტიკური რეფორმებისთვის.

კერძოდ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებები, რომლებმაც აიძულა მთავრობა გაეტარებინა ლიბერალიზებული რეფორმები, როდესაც ევროპა კორუფციის შემცირების, დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებასა და ადამიანის უფლებების დაცვას მოითხოვდა.

თუმცა, როგორც გამოცემა წერს, არსებობს ქართული საზოგადოების მეორე, კონსერვატიული ნაწილი, რომელიც კრიტიკულად უყურებს უმცირესობების – განსაკუთრებით სექსუალური უმცირესობების უფლებებსა და ეწინააღმდეგება ეკლესიისა და სახელმწიფოს გამიჯვნას.
სტატიაში ვკითხულობთ, რომ კონსერვატული, ულტრამემარჯვენე ქართველები ეწინააღმდეგებიან ევროკავშირში გაწევრიანებას. გამოცემას არ გამორჩენია, ჰომოფობიური ჯგუფებიც, რომლებმაც პროტესტის ნიშნად ევროკავშირის დროშების დაწვა დაიწყეს.

აწმყო:

სტატიაში ვკითხულობთ, რომ  საქართველოს ევროპული მომავალი ახლა გაურკვეველია და ქვეყანამ უკუსვლა ივნისში განიცადა, როდესაც ევროკავშირმა წევრობის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ უკრაინასა და მოლდოვას მიანიჭა, ხოლო საქართველოს რეკომენდაციების შესრულება დაავალა.

კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობამ არასწორად უპასუხა, დაჰპირდა ევროკავშირს მოთხოვნილი რეფორმების შესრულებას, მაგრამ  წამოიწყო უპრეცენდენტო თავდასხმები და შეთქმულების თეორიები ევროკავშირისა და ამერიკელი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ.

“დღევანდელი კონტექსტი აშკარად განსხვავდება ერთი საუკუნის წინანდელთან შედარებით, მაგრამ ისტორიის მცოდნეებს არ შეუძლიათ არ იგრძნონ წუხილი, რომ კიდევ ერთი ისტორიული შანსი შეიძლება გაიფლანგოს.ევროკავშირმა ძირითადად გვთხოვა, მკაფიოდ განვსაზღვროთ სად ვართ და ვინ ვართ, სანამ ჩვენს ურთიერთობებს შემდეგ ეტაპზე გადავიტანთ”,  – ამბობს მწერალი, ლაშა ბუღაძე.

ის ამბობს, რომ ხარ თუ არა ევროპელი. არსებითად განისაზღვრება იმით, თუ როგორი სისტემა და საზოგადოება სურს ქვეყანას.

მთავარი არხი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share