“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ინტერესებს სასამართლოში დაიცავენ. ორგანიზაცია ამბობს, რომ მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ დაწესებულებებში რეორგანიზაცია და მასშტაბური საკადრო ცვლილებები დაიწყო.
თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 31 მაისს ამოიწურა და იმავე დღეს ხელმძღვანელის კონკურსი გამოცხადაა.
ორგანიზაცია წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციით, არსებობდა დაპირისპირება ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელს გიორგი ჩხაიძესა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მაია ხაჯიშვილს შორის.
“გიორგი ჩხაიძე, სამხატვრო ხელმძღვანელად მუშაობის პერიოდში, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე თავისი კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას არ ერიდებოდა და სოციალურ ქსელში ღიად და საჯაროდ აკრიტიკებდა მმართველ პარტიას, რაც გახდა მის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საფუძველი. კერძოდ, სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადის მიწურულს, 2022 წლის 31 მაისს დილის საათებში, გიორგი ჩხაიძე ეწვია აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრს მაია ხაჯიშვილს რამდენიმე საკითხის განსახილველად. გიორგი ჩხაიძემ საუბრისას აღნიშნა, რომ აპირებდა სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას, ახალი სამოქმედო გეგმითა და პროექტებით. მინისტრმა კი განუცხადა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი უკვე შერჩეული იყო ირაკლი კიკვაძის სახით და მის მონაწილეობას შესარჩევ კონკურსში არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. მინისტრის ამ გადაწყვეტილების შესახებ გიორგი ჩხაიძემ აცნობა საზოგადოებას მედიის საშუალებით”, – წერია განცხადებაში.
ISFED-ის ცნობით, მინისტრის განცხადება წინასწარ შერჩეული კანდიდატის შესახებ დადასტურდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან არსებული პროფესიული სახელმწიფო თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების კანდიდატთა შესარჩევი სარეკომენდაციო საბჭოს გადაწყვეტილებით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ ამ საბჭოს არ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება – სარეკომენდაციო საბჭოს სხდომის ოქმით დგინდება, რომ გასაუბრებას საბჭოს 1 წევრი არ დაესწრო, ხოლო მეორე წევრმა თვითაცილებას მიმართა.