ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ქართველ პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს.
ამის შესახებ თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„მთელ რიგ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნინო ანანიაშვილი მიწვეულია საბალეტო დასის ხელმძღვანელად ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში (НОВАТ).
თეატრის ხელმძღვანელობა თვლის, რომ ხელმძღვანელის ვინაობის გასაჯაროება კოლექტივისთვის მის ოფიციალურ წარდგენამდე – დასის უპატივცემულობის უკიდურესი გამოვლინებაა.
ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ, შევაჩეროთ მასთან გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება, ხსენებული ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა გარემოების გარკვევამდე“, – წერია ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის ოფიციალურ ვებგვერდზე.
ნინო ანანიაშვილმა ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრთან თანამშრომლობის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ექსკლუზიურ ინტერვიუში მიაწოდა. ის აცხადებდა, რომ დასის გასაცნობად იანვრის ბოლოს უნდა ჩასულიყო ნოვოსიბირსკში.