რუსული ხორბლის საექსპორტო გადასახადი 13%-ით გაიზარდა

ამასთან, ქერის გადასახადი წინა 2945.4 რუბლიდან ტონაზე 3504.9 რუბლამდე (49-დან 58 დოლარამდე) გაიზარდა, ხოლო სიმინდის ექსპორტი ტონაზე 3311.4 რუბლის ნაცვლად, დღეიდან 3802.8 რუბლით (55-ის ნაცვლად, 63 დოლარით) დაიბეგრება.

ახალი საბაჟო განაკვეთები 16 აგვისტოს ჩათვლით იმოქმედებს.

გადასახადები საორიენტაციო ფასების მიხედვით გამოითვალა, რამაც ტონა ხორბალზე 364,9 დოლარი შეადგინა, მაშინ, როცა ერთი კვირით ადრე 371,9 დოლარი იყო. ქერის საორიენტაციო ფასი, ერთი კვირის წინანდელ 311,2 დოლართან შედარებით, ამჟამად ტონაზე 310,6 დოლარია, ხოლო ტონა სიმინდის ფასი 320,2 დოლარიდან ერთი კვირის შემდეგ 317,6 დოლარი გახდა.

საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასთა შორის სხვაობის 70%-ს შეადგენს. გადასახადის ფორმულა მოიცავს ისეთ ინდიკატორს, როგორიც არის „რუსეთის ფედერაციის ვალუტასთან მიმართებაში აშშ დოლარის საშუალოარითმეტიკული კურსი, რომელიც მარცვლეულის საექსპორტო საბაჟო გადასახადის გაანგარიშების თარიღამდე 5 სამუშაო დღის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის მიერ არის დადგენილი.“

30 ივნისის მთავრობის დადგენილების საფუძველზე მარცვლეულის გადასახადი 6 ივლისიდან დოლარის ნაცვლად, რუბლით გამოითვლება. მარცვლეულის დემპფერის მექანიზმი რუსეთმა 2021 წლის 2 ივნისიდან შემოიღო, რომელიც ხორბლის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე მცურავ გადასახადსა და ამოღებული სახსრებით სოფლის მეურნეობის მწარმოებლების სუბსიდირებას ითვალისწინებს. გადასახადის ოდენობა ყოველკვირეულად ფასების ინდიკატორებით გამოითველბა, რომელიც მოსკოვის ბირჟაზე რეგისტრირებული საექსპორტო კონტრაქტების ფასებს ეფუძნება.

რუსეთიდან მარცვლეულის საექსპორტო კვოტა ამჟამად 50 მლნ ტონას შეადგენს, თუმცა გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაძლოა, მარცვლეულის საექსპორტო გეგმა შეამციროს, რადგან ხედავს რისკს, რომ ქვეყანაში ამ სეზონზე მოსავლის მაჩვენებელი 130 მლნ ტონას ვერ მიაღწევს. უწყების მიერ ადრე გამოცხადებული ოფიციალური პროგნოზების თანახმად, 2022 წელს მარცვლეულის მოსავალმა 130 მილიონი ტონა უნდა შეადგინოს, რაც რუსეთის ისტორიაში ხორბლის მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელს, 87 მილიონ ტონას ითვალისწინებს. 2021 წელს ქვეყანამ 120,656 მილიონი ტონა მარცვლეული, მათ შორის 75,94 მილიონი ტონა ხორბალი აიღო.

bpn.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share