ხსნიან საკუთარ რესტორნებს, რუსულად ადგენენ მენიუს… როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში – ტურისტული კომპანია

რეალობაა ასეთი, ხსნიან საკუთარ რესტორნებს, სამსახურში აჰყავთ საკუთარი მოქალაქეები და შესაბამისად, მენიუებსაც რუსულად ადგენენ, ისე რომ იქ სტაფში, ქართული საერთოდ არავინ იცის – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის” მმართველმა პარტნიორმა ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა. მისივე თქმით, კონკურენცია კარგია, მაგრამ ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში, ეს ასე არ უნდა ხდებოდეს.

როგორც ცნობილია, აჭარაში რესტორნების ნაწილს მხოლოდ რუსული მომსახურე პერსონალი ჰყავს.

„არა მარტო ტურიზმის სფეროში, ზოგადად რუსების უკონტროლო შემოდინება დიდი პრობლემაა. ვერანაირად ვერ ვიქნები წინააღმდეგი, რომ უცხოელები შემოვიდნენ და აქ იმუშაონ, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ჩვენი მტერია და ფაქტობრივი ომის პირობებში ვართ. შესაბამისად, მათ არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჩამოდიოდნენ, ყველანაირი კონტროლის გარეშე შემოვიდნენ ქვეყანაში, დააფუძნონ კომპანია, გახსნან საბანკო ანგარიში და დაიწყონ საქმიანობა.

ეს ნიშნავს, რომ ადგილობრივ ბაზარზე ტურიზმის მცირე ნიშასაც თავად დაეპატრონებიან და რუს ტურისტებს თავად რუსები მოემსახურებიან. ადგილობრივებს პირდაპირ ართმევენ სამსახურს და შედიან კონკურენციაში. ზოგადად, ცხადია კარგია კონკურენცია, რაც ჯანსაღ გარემოს ქმნის, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან.

რეალობაა ასეთი, ხსნიან საკუთარ რესტორნებს, სამსახურში აჰყავთ საკუთარი მოქალაქეები და შესაბამისად მენიუებსაც რუსულად ადგენენ, ისე რომ იქ სტაფში, ქართული საერთოდ არავინ იცის. როგორ შეიძლება ეს ხდებოდეს ნორმალურ სახელმწიფოში?”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, უკონტროლოა სიტუაცია გიდების სექტორშიც, მაგრამ ლიცენზირება მხოლოდ დამატებით ბიუროკრატიულ ბარიერს გააჩენს და რეალური გამოსავალი აქაც, რუსეთისთვის დაწესებული მკაცრი სავიზო რეჟიმია.

,,რუსების შემოდინებაზე ერთადერთი გამოსავალი მკაცრი სავიზო რეჟიმია, მაგრამ ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება ამას ნამდვილად არ იზამს. მეტიც, ხელს უწყობენ მათ შემოდინებას და უფრო და უფრო მეტად ველი სიტუაციის გაუარესებას. რაც შეეხება გიდების დარეგულირებულ ბაზარს, ლიცენზირებაც და სერტიფიცირებაც დამატებითი ბიუროკრატიული ბარიერია, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები. შექმნიან ახალ, გაურკვეველ სიპს, დაასაქმებენ საკუთარ აქტივს და ნათესავებს და ლიცენზიებს კვლავ გასცემენ ისე, როგორც დღესაა. წესიერი სახელმწიფო რომ იყოს, კიდევ შეიძლება ამაზე საუბარი, მაგრამ ახლა შედეგი არ დადგება. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალია, რომ შეზღუდო ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეები ბიზნეს საქმიანობაში“, – განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ ,,ბიზნესპრესნიუსთან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share