არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს, – ასე შეაფასა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატების დღევანდელი განცხადება.
„მე ამ სიტუაციას მომავლიდან ვუყურებ, 5-10 წლის პერსპექტივიდან და ძალიან სასაცილოდ მეჩვენება, წასულ დეპუტატებზე ამდენ კომენტარს რომ ვაკეთებ, თუ რას ფიქრობენ ისინი აშშ-ის საელჩოზე იმ რეალობაში, როდესაც მთლიანი კონტექსტი ვიცით. არანაირი წასული 4 დეპუტატი არ არსებობს, „ქართული ოცნების“ ერთი ფრთა გამოსულია და აშშ-ის საელჩოს აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ „ლიდერშიფთან“ შეთანხმებით, ამაზე სერიოზული კომენტარის კეთება, როგორც 4 დეპუტატის განცხადებაზე, არ შეიძლება. „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურ კურსზე ჩვენ ისედაც ბევრს ვლაპარაკობთ და ეს მისი ერთ-ერთი გაგრძელებაა“,-განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატები მორიგ განცხადებას ავრცელებენ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რაც დამატებით ამყარებს მათ დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული.
ამასთან, აღნიშნულია, რომ საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი.