ნომერ მეექვსე პენიტენციური დაწესებულების პატიმრები შიმშილობენ. მიზეზებზე ისინი ერთობლივ წერილში საუბრობენ, რომელსაც 33 მსჯავრდებული აწერს ხელს. პატიმრების თქმით, მეექვსე დაწესებულება გაუსაძლის პირობებში აყენებთ მათ და არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას იქამდე, ვიდრე არ შეიცვლება დაწესებულების ხელმძღვანელობა.
პატიმრების წერილში ნათქვამია:
“მოგახსენებთ, ნომერ მეექვსე დაწესებულებაში არსებულ არაადამიანურ პირობებთან დაკავშირებით ვშიმშილობთ. არ გვექცევა სათანადო სამედიცინო მკურნალობა, დაწესებულებაში ჰყავთ საოპერაციო პატიმრები, რომლებიც არ გადაჰყავთ შესაბამის კლინიკებში, ასევე ფსიქიკურად შერყეული პატიმრები, რომლებსაც არც აქ მკურნალობენ და არც ფსიქიატრიულში მიჰყავთ. თანამშრომლები გამომწვევად გველაპარაკებიან და გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფებს. დასჯის მიზნით გვანთავსებენ დეესკალაციაში და ხშირ შემთხვევებში 72 საათის გასვლის შემდეგაც არ გვაბრუნებენ საკნებში (ყოფილა შემთხვევები საჭმელს და წყალსაც არ გვაწვდიდნენ). დეესკალაციაში არის ანტისანიტარია, არ გვაწვდიან ჰიგიენურ საშუალებებს, არ მოჰყავთ სოციალური მუშაკი, არ გვარეკინებენ სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე. საკნებში არ აყენია გამწოვები, არც საპირფარეშოში, ხოლო სადაც აყენია გაფუჭებულია. საპირფარეშოს კარები არის ნახევრამდე გადაჭრილი და კარებს წინ დაყენებული ვიდეოთვალის არეში ხდება ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება. საშხაპეში გამწოვები გაფუჭებულია, ზოგგან არც აყენია და შხაპის მიღებისას ისეთი ორთქლი დგება, სუნთქვაც ჭირს. გასეირნების ოთახებში აყენია სავარჯიშო მოწყობილობები, რომლებიც გაფუჭებულია და არც აკეთებენ, არც ახლები მოაქვთ. დაწესებულებისთვის არასასურველი განცხადებები არ იგზავნება და სისტემატიურად გვიკეტავენ 3-3 თვით დარეკვებს, პაემანს, რომ ოჯახის წევრებისგან მაქსიმალურად მოგვაშორონ. მანამდე არ შევწყვეტთ შიმშილს, სანამ არ შეიცვლება მეექვსე დაწესებულების ხელმძღვანელობა.” ნათქვანმია პატიმრების წერილში.
ისინი აღნიშნული წერილით სახალხო დამცველს, ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, წითელ ჯვარს, პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს, იუსტიციის მინისტრს, ასევე დეპუტატებს, ეკა ხერხეულიძეს, ანა ნაცვლიშვილს, იაგო ხვიჩიას, ზურაბ ჯაფარიძეს, ლევან იოსელიანს მიმართავენ.