თანამედროვე მსოფლიოს პოლიტიკურმა ვითარებამ აშკარად წარმოაჩინა რუსეთის რეალური სახე. უკრაინასთან ომმა სამყაროს ცალსახად დაანახა მოსკოვის იმპერიული მიზნები და მისწრაფებები. რუსული მენტალობის არათავსებადობა ცივილურ ნორმებთან საუკუნეების განმავლობაში რომ იფუთებოდა სხვადასხვა კეთილშობილი ვერსიით, გაშიშვლდა. ამ ფონზე კიდევ უფრო ცხადად გამოჩნდა რუსულ-ქართული ურთიერთობის ანატომია, სადაც რუსეთი დამპყრობელია, საქართველო კი ის გეოსტრატეგიული სივრცე, რომელიც ერთმორწმუნემ ხელში უნდა ჩაიგდოს. და აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა – რატომ ვერ გასცდა რუსეთისა და საქართველოს მოკავშირეობა მითოლოგიის სფეროს? ჩვენ შევეცდებით ამ კითხვას პასუხი ერეკლე მეორის ეპოქის მაგალითზე გავცეთ.
როგორ დასახა ბერძნულმა პროექტმა ევროპის ახალი კონტურები
ანტიოსმალური კამპანიის ახალი ეტაპი, რომელიც 1756-1763 წლების შვიდწლიანი ომის დასრულებისას გამოიკვეთა, მნიშვნელოვნად განსხვავდება ფორმით წინა ანტიოსმალური მოძრაობისგან. აქ მთავარი აქცენტი გადადის ოსმალეთის ევროპული ტერიტორიების დანაწილებაზე. შესაბამისად, იგეგმება ამ სტრატეგიული სივრცის არა პირდაპირ შეერთება, არამედ ერთი მხრივ, დაკიის ბუფერული სახელმწიფოს შექმნა, ხოლო მეორე მხრივ, ბიზანტიის იმპერიის აღდგენა, რომლის იმპერატორად ეკატერინე II თავის შვილიშვილს – კონსტანტინეს მოიაზრებს. შესაბამისად მას ზრდის ბერძნული წესით. ეს ის პროექტია, რომაელიც ერთგვარ კონცეპტუალურ ფორმას იღებს და მოქმედებს რუსეთის იმპერიის შემდგომი თითქმის საუკუნენახევრის განმავლობაში პირველი მსოფლიო ომის ჩათვლით.
ბერძნული პროექტი აყალიბებს ევროპის აბსოლუტურად ახალი კონტურებს, რაც კარდინალურად განსხვავებული იყო კონტინენტის პოლიტიკური ლანდშაფტის წინარე მოდელისგან, სადაც არანაირი იდეოლოგიური კონცეპტუალური სივრცე არ იყო შენარჩუნებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფოებრივი პოლიტიკური ურთიერთობისათვის. რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკური მიზნები და მისწრაფებები არა მარტო სრულიად განსახვავებული იყო, არამედ ცალსახად იკვეთებოდა ინტერესთა კონფლიქტი, რომელსაც გადაჭრის არანაირი რეზერვი არ გააჩნდა. ეს იყო ჩიხი რუსულ ქართული ურთიერთობისათვის, რომელიც, ფაქტობრივად, გამორიცხავდა საქართველოსთვის სასურველ შედეგს, რის გამოც, რუსულ-ქართული ნებისმიერი დიპლომატიური ურთიერთობა და მოლაპარაკება ფაქტობრივად ბაგრატიონთა სამეფო კარისთვის აზრს კარგავდა.
ეს რეალობა განპირობებული იყო იმით, რომ რუსეთის იმპერიის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულება გადიოდა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება-გაკონტროლებაზე. ქართლ-კახეთის სამეფოს შიდაკავკასიური პოლიტიკის ძირითადი მიმართულება კი ორიენტირებული იყო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებასა და საერთაშორისო პოლიტიკურ სისტემაში ინტეგრაციაზე. ამ მიზნით იგეგმებოდა კავკასიური სამეფო-სამთავროებისა და სახანოების ტერიტორიების გამსხვილება და ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს ჩამოყალიბება, რასაც მკაფიო პრეცედენტი გააჩნდა დავით აღმაშენებლის დროინდელი ერთიანი საქართველოს სისტემური, სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების მოდელის სახით.
უდავო ფაქტია – რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი ვერ აღსრულდებოდა, ის ვერ ჩაიგდებდა ხელთ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებს, თუ არ დაიკავებდა კავკასიას, ანუ იმ გეოგრაფიულ სივრცეს, რომელსაც ერეკლე II ერთიან კავკასიურ სახელმწიფოდ მოიაზრებდა. სწორედ ამ პრიზმიდან, არათავსებადი რეალობიდან, უნდა გავარკვიოთ, ასეთი განსხვავებული კონცეპტუალური მიზნები რამდენად იძლეოდა რუსეთის იმპერიისა და ქართლ-კახეთის სამეფოს მოკავშირეობის შანსს. შესაბამისად, კონკრეტული პასუხი უნდა გაეცეს კითხვას: რა შემთხვევაში იყო შესაძლებელი ქართლ-კახეთისა და რუსეთის იმპერიის პოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრა.
ვარიაციები რუსულ-ქართული ფსევრო მოკავშირეობის თემაზე
ერთი მხრივ, იმ პერიოდის მსოფლიო ისტორიული პროცესისა და მეორე მხრივ, რუსეთის იმპერიისა და ქართული სამეფო-სამთავროების პოლიტიკის სიტუაციური ანალიზის შედეგად მივედით იმ დასკვნამდე, რომ რუსეთისა და ქართლ-კახეთის სამეფოს მოკავშირეობის სამი განსხვავებული შესაძლო ვარიაცია არსებობდა:
1. თუკი რუსეთი უარს იტყოდა იმპერიულ პოლიტიკაზე, აღიარებდა ქართლ-კახეთის შიდაკავკასიურ პოლიტიკას და შეეგუებოდა ერთიანი კავკასიის სახელმწიფოს შექმნას;
2. თუკი ქართლ-კახეთის სამეფო და შემდგომში ერთიანი კავკასიური სახელმწიფო გახდებოდა რუსეთის იმპერიის მორჩილი ნების აღმსრულებელი, მარიონეტი;
3. თუკი ქართლ-კახეთის სამეფო საკუთარი ნებით უარს განაცხადებდა დამოუკიდებლობაზე და საკუთარი ნებით გახდებოდა რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი.
პირველი ვარიანტი კატეგორიულად უნდა გამოვრიცხოთ, რამდენადაც, არ არსებობს არცერთი დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს, რომ რუსეთს ოდესმე უარი ეთქვას თავის სტრატეგიულ საგარეო პოლიტიკურ მიზანზე – ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების დაპყრობაზე, შესაბამისად ცხადია, რომ კავკასიის დაპყრობის, ან ამ გეოგრაფიულ სივრცეში მარიონეტული სამეფოების შექმნის გარეშე, ეს გეგმა ვერ აღსრულდება. XVIII ს. 60-80-იანი წლების მოვლენებმა ფაქტობრივად აჩვენა, რომ კავკასიაში არსებული სამეფო-სამთავროები ვერ შეეგუებოდნენ მარიონეტის სტატუსს. ბუნებრივია, რუსეთს უნდა ეცადა ეს ვარიანტიც. ვფიქრობთ, სწორედ ამის გარკვევას ცდილობდა რუსეთის საიმპერატორო კარი 1768-74 წლების რუსეთ-თურქეთის ომისას ტოტლებენის ცნობილი პროვოკაციებით. ეს იყო ტესტი, რომელსაც კონკრეტული პასუხი უნდა გაეცა – რამდენად შეიძლებოდა კავკასიაში შექმნილიყო რუსეთის მორჩილი და ნების უპირობო შემსრულებელი მარიონეტი სახელმწიფო. ტოტლებენის ავანტიურაზე ქართველთა რეაქციით სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარმა მიიღო ცალსახა პასუხი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის მარიონეტი სახელმწიფო ვერ იარსებებდა.
ანალოგიური სტრატეგიული გეგმის ნაწილი იყო ოდნავ მოგვიანებით, XVIII ს. 80-იანი წლების დასაწყისში სომხეთის სახელმწიფოს აღდგენის რუსული პროექტი, სადაც მეფედ გრიგორი პოტიომკინი მოიაზრებოდა. პარალელურად არსებობდა ქართლ-კახეთისა და სომხეთის ერთიანი სახელმწიფოს შექმნის პროექტიც. სწორედ ამ გეგმის წინააღმდეგ იყო მიმართული რუსული პროვოკაციები და შესაბამისად სომხეთში პოტიომკინის მეფობის იდეაც. განსაკუთრებით მომხიბვლელი გახლდათ სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კარისთვის რუსეთისა და ქართლ-კახეთის მოკავშირეობის მესამე ვარიანტი, რომელიც გულისხმობდა თავად ქართლ-კახეთის სამეფოს ეთქვა უარი დამოუკიდებლობაზე და საკუთარი ნებით გამხდარიყო რუსეთის იმპერიის ნაწილი.
ამ გზას, ვფიქრობთ, რუსეთის საიმპერატორო კარი აირჩევდა მას შემდეგ, რაც ტოტლებენის ავანტურამ შედეგი არ გამოიღო. მოვლენათა განვითარებამ ცალსახად აჩვენა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ზემოაღნიშნული სამივე მოდელი აბსოლუტურად არარეალურად წარმოაჩენდა არათუ რუსულ-ქართული მოკავშირეობას, არამედ მოლაპარაკებისას ქართველთათვის სასურველი თუნდაც მცირედი შედეგის მიღწევის შესაძლებლობას. რამდენადაც, ერთი მხრივ, რუსეთი არასდროს იტყოდა უარს თავის იმპერიულ მიზნებზე, მეორე მხრივ, ქართლ-კახეთის სამეფო არ დათანხმდებოდა რუსეთის არც უპირობო მორჩილებას და არც მარიონეტად – მისი ნების აღმსრულებლად ყოფნას.
რა შანსი მისცა ბაგრატიონთა სამეფო კარს ბერძნულმა პროექტმა
სრულიად განსხვავებული პერსპექტივა დაუსახა ბაგრატიონთა სამეფო კარს ბერძნულმა პროექტმა – თუკი ადრე საუბარი იყო ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების, აგრეთვე კონსტანტინოპოლის დაპყრობაზე, ევროპის გადანაწილების ახალი მოდელი ითვალისწინებდა ბიზანტიის იმპერიის აღდგენას და ბუფერული ზონის შექმნას, გარდა ამისა, ბუფერული ზონის სტატუსის კონტექსტში იყო მოაზრებული დაკიის სამეფოს აღდგენაც. ამ ფონზე სულ სხვა რაკურსით გამოჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოსა და ერთიანი კავკასიის, როგორც შესაძლო მესამე ბუფერული სივრცის მისია, ეს სივრცე ერთი მხრივ, დანარჩენი ორ ბუფერულ სივრცესა და მეორე მხრივ, რუსეთისა და ავსტრიის იმპერიის ტერიტორიების ერთობლიობაში ქმნიდა ერთიან გლობალურ სივრცეს, სადაც ტრადიციულად ქართლ-კახეთის სამეფოს კონკრეტული ფუნქცია ეკისრებოდა.
სწორედ ამიტომ, თუკი ბერძნულ პროექტამდე არ არსებობდა პოზიცია, რაც რუსეთსა და ქართლ-კახეთის სამეფოს ინტერესებს დააახლოებდა, ევროპის გადანაწილების ახალმა მოდელმა კარდინალურად შეცვალა სიტუაცია – უკვე გაჩნდა ის თემა, რაც შესაძლებლობას აძლევდა ერეკლეს მოლაპარაკებები გაემართა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო კართან ისე, რომ მაქსიმალურად დაცული ყოფილიყო საქართველოს რეგიონალური და საერთაშორისო სტრატეგიული ინტერესები რუსეთის იმპერიის იმპერიული ინტერესების შეზღუდვის გარეშე.
ბერძნული პროექტი, ანტიოსმალური კამპანიის ფორსირება, განსაკუთრებული შანსი იყო ქართლ-კახეთის სამეფოსათვის. იმისათვის, რომ ცხადად წარმოჩინდეს ახალი საერთაშორისო პოლიტიკური ინიციატივის მნიშვნელობა საქართველოსთვის, საჭიროა იმ სისტემური პრობლემების გამოკვეთა, რაც ოსმალეთის იმპერიამ შექმნა კავკასიის ეტაპობრივი დაპყრობების პროცესში.
მთავარი პრობლემა იყო ამასიის საერთაშორისო სისტემა, რომლითაც ოსმალეთმა და ირანმა საქართველოს ტერიტორია გაინაწილეს. 1555 წლის ამასიის სისტემა იყო ის ოპტიმალური დათმობა, რაზეც ოტომანთა იმპერია თანხმდებოდა. ამასიის ზავმა ფაქტობრივად შეუძლებელი გახადა თეორიულადაც კი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გაერთიანება, არადა, ერთიანი საქართველო სწორედ ის ფენომენია, რომელსაც სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ორი უმნიშვნელოვანესი კოზირი გააჩნია – დარიალის გადმოსასვლელების კონტროლი და ზღვაზე გასასვლელი, რაც, ერთი მხრივ, მთელი ადრინდელი ისტორიის იყო უმნიშვნელოვანესი ბერკეტი მსოფლიო იმპერიების წინააღმდეგ და მეორე მხრივ, სახელმწიფოებრივი და ეკონომიკური განვითრებისათვის უმნიშვნელოვანესი სისტემური წინაპირობა.
ირანსა და ოსმალეთს შორის გადანაწილებული კავკასია იყო ის რეალობა, რასაც დანარჩენი მსოფლიო აღიარებდა. შესაბამისად აქ ჩნდებოდა კიდევ ერთი პრობლემა: განსხვავებით წინა საუკუნეებისგან, სადაც საქართველოს პრეტენზია გააჩნდა ყოფილიყო მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო, ამასიის საერთაშორისო სისტემის ამოქმედების შემდეგ მსოფლიომ ფაქტობრივად დაივიწყა, რომ კავკასიაში ერთ დროს დამოუკიდებელი სახელმწიფო არსებობდა, მხოლოდ ქართული ეკლესიის განსაკუთრებული აქტივობა და ამ აქტივობებთან დაკავშირებული რეზონანსი შეახსენებდა საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს, როგორც ერთიანი კულტურულ-პოლიტიკური და კონფესიური სივრცის არსებობას.
რატომ განიხილებოდა კავკასია დასაპყრობად გამზადებულ გეოსტრატეგიულ სივრცედ
მსოფლიო იმპერიებისათვის ეს იყო ის სანუკვარი მოდელი, დიდ ქვეყნებს კავკასიის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტების დაუფლების რეალურ შანსს რომ აძლევდა, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო ეკონომიკასა და პოლიტიკაზე ბატონობის ხელსაყრელი ბერკეტი გახლდათ. ასეთ დროს, თუკი რომელიმე სახელმწიფო ისახავდა შორეულ პერსპექტივაში ხელისშემშლელი ამასიის მოდელი მორღვევას, ამას ფიქრობდა არა საქართველოს კეთილდღეობისათვის, არამედ იმისთვის, რომ თავად დაეკავებინა დამპყრობლის ადგილი და განეკარგა უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტები. ამასიის სისტემამ შექმნა კიდევ ერთი სისტემური საფრთხე – ფაქტობრივად გადაუკეტა გზა კავკასიის რეგიონს ევროპისაკენ და იგი კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით მაჰმადიანურ იზოლაციაში მოაქცია, რაც მინიმუმამდე ამცირებდა იმ გეოგრაფიულ არეალს, საიდანაც ქრისტიანულ სამყაროსთან შეიძლებოდა კავშირი.
მთავარი აქცენტი გადავიდა კავკასიის მაჰმადიანურ სივრცეში ინტეგრაციაზე. ეს კი, თავის მხრივ, უნიკალური ქართული კულტურისა და მენტალური საფუძვლების მოსპობისა და ახალი, ქრისტიანობისაგან აბსოლუტურად განსხვავებული და არათავსებადი კულტურული სივრცის შექმნას ითვალისწინებდა.
ეს ის კონცეპტუალური საფრთხეებია, ერეკლე მეორე რომ ცდილობს დასძლიოს თავისი მმართველობის ყველა ეტაპზე..
რრეზონანსი