დიდი შვიდეულის ქვეყნების მიერ რუსულ ნავთობზე ფასის ლიმიტის დაწესების გადაწყვეტილების მიღების ფონზე, ენერგოკომპანია Gazprom-მა Nord Stream 1 მილსადენით ბუნებრივი აირის მიწოდება განუსაზღვრელი ვადით შეაჩერა.
კომპანიის განმარტებით, შეფერხება ტექნიკური სამუშაოებითაა განპირობებული, თუმცა აღნიშნული ქმედება აშკარა პოლიტიკურ ზეწოლად უნდა იქნეს განხილული, გაზი კი – რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ იარაღად.
ევროპისთვის გაზის მიწოდების შეწყვეტის გამო, მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ბანკი Goldman Sachs პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში, ევროპის მასშტაბით ბუნებრივი აირის ღირებულებამ, შესაძლოა, აგვისტოს მაქსიმუმს გადააჭარბოს და ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწიოს.
საგულისხმოა, რომ ევროპულის გაზის ბენჩმარკი – Dutch TTF პარასკევის სავაჭრო სესიაზე 214-ევროიან ნიშნულზე დაიხურა, თუმცა ამ დროისთვის Gazprom-ის განცხადება ჯერაც არ იყო გასაჯაროებული.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ორშაბათის სავაჭრო სესია ბირჟაზე ევროპული გაზის მკვეთრი გაძვირებით დაიწყება და „ტექნიკური სამუშაოების“ გაჭიანურების შემთხვევაში, მიმდინარე კვირას ბუნებრივი აირის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულსაც მიაღწევს.