თეატრმცოდნე ნათელა ურუშაძის ცხოვრება ია-ვარდით ნამდვილად არ იყო მოფენილი. მის ოჯახსაც შეეხო 1937 წლის რეპრესიები და წარუშლელი კვალიც დატოვა.
თავისი ცხოვრებისი უმნიშვნელოვანეს ეტაპებზე ნათელა ურუშაძემ თავის მოგონებებში ისაუბრა:
“დავიბადე 1923 წელს. როცა მამა დაიჭირეს, 14 წლის ვიყავი. ეს მოხდა 1937 წლის ზაფხულში. მამა, ამბერკი ქრისტეფორეს ძე ურუშაძე, ფარმაცევტი იყო. ის ხელმძღვანელობდა თელავის მეღვინე-მევენახეობის კვლევით ინსტიტუტს. მანამდე იყო ძველი ბოლშევიკი, ამიერკავკასიის მიწათმოქმედების სახელმწიფო კომიტეტის თანამშრომელი. მერე გადაიყვანეს თელავში.
რადგან ზაფხულის პერიოდი იყო, მამა ჩამოსული იყო თბილისში. საღამო ხანი იდგა. დედა გაზეთის საყიდლად ჩავიდა (მაშინ რუსთაველზე ვცხოვრობდით, ახლანდელ სარაჯიშვილის ქუჩაზე, გვქონდა დიდი ბინა მეოთხე სართულზე), ხოლო მე და მამა სახლში დავრჩით. ამ დროს მოვიდა ჩვენთან სახლში ჩეკისტი და მამას უთხრა, ბახჩო ქობულოვი გიბარებთო. მამამ კარგად იცოდა, ვინ იყო ქობულოვი და რისთვისაც იბარებდა, ამიტომ პირდაპირ უთხრა: თუ უნდა დამაპატიმროთ, ცოტა ხანი მოიცადეთ, ჩემი მეუღლე მოვა და წამოვალ, ბავშვს მარტო ხომ არ დავტოვებო. ჩეკისტმა უთხრა, არ გაპატიმრებთ, უბრალოდ ქობულოვს თქვენთან საუბარი სურსო. მამა გაჰყვა. აივნიდან დავინახე, რომ ამ ჩეკისტს ქუჩაში ორი კაცი ელოდებოდა. დედა რომ დაბრუნდა, მოვუყევი, მამა ბახჩო ქობულოვთან წაიყვანეს-მეთქი. დედა ყველაფერს მიხვდა, მე ვაწყნარებდი, მალე მოვა-მეთქი, მაგრამ მამა აღარ დაბრუნებულა.
სამაგიეროდ, საღამოს მოვიდნენ ჩეკისტები, დაიწყეს ჩხრეკა. წაიღეს რაღაც ქაღალდები, პატარა რევოლვერი. დედამ ჰკითხა, სად იყო მამა. უპასუხეს, რომ გადაყვანილი იყო შინსახკომში.
ბინა დაგვაცლევინეს. სახლიდან მთელი ავეჯი გამოგვიყარეს. გვერდით სახლში მოგვცეს ერთი ოთახი. თელავში ბინა გვქონდა, კონფისკაცია ჩაუტარეს. თბილისში ავეჯს ხელი არ ახლეს. მთელი ქონება, რასაც დედა და მამა წლების განმავლობაში აგროვებდნენ, ქუჩაში ეყარა. მაშინ გახსნილი იყო შემსყიდველი პუნქტები, რომლებიც ავეჯს და სხვა საოჯახო ნივთებს ჩალის ფასად ყიდულობდნენ.
დედა რამდენჯერმე იყო შინსახკომში, მაგრამ უთხრეს, რომ მამა გადასახლებული იყო შორეულ ბანაკში 10 წლით, მიმოწერის უფლების გარეშე. ეს იყო სტანდარტი. ყველას ასე ეუბნებოდნენ, ვისაც სიკვდილი ჰქონდა მისჯილი. მამა როდის დახვრიტეს და რამდენ ხანში, ვერ გავიგეთ. როდესაც რეაბილიტაციის ცნობა მივიღეთ, არც იქ იყო მინიშნებული დახვრეტის თარიღი. მხოლოდ ის ეწერა, რომ დანაშაულის დაუმტკიცებლობის გამო, უდანაშაულოდ სცნეს.
ბებიაჩემი და ჩემი ქვრივი დეიდა გრიბოედოვის ქუჩაზე ცხოვრობდნენ და მათთან გადავედით. დედაჩემ ანას კიდევ სამი ძმა ჰყავდა. ისინიც გვპატრონობდნენ.
ოქტომბრის თვეში დედაჩემს მოაკითხეს. ერთი ქალის დასაჭერად ოთხი ჩეკისტი მოვიდა. ერთ-ერთი წოდებით უფროსი იყო. ის სამი რაღაცას ჩხრეკდა, ეს კი განზე იდგა. მერე დედაჩემს უთხრა არა პირდაპირ, არამედ გადაკვრით – თქვენ ისჯებით, როგორც მავნებლის ცოლი, ამიტომ ცოტა ხნით წახვალთ ციხეში, ხოლო მერე შორეულ ბანაკში გადაგასახლებენ მიმოწერის უფლების გარეშეო.
ყველანი დაბნეულები ვიყავით, ვერაფერს ვახერხებდით. არადა, დედა ხომ უნდა მომზადებულიყო. იმ საღამოს დავინახე ადამიანის ნამდვილი სახე. თურმე შინსახკომის თანამშრომლებსაც ჰქონიათ ადამიანურობის, ჰუმანურობის განცდა. ამ კაცმა დედაჩემს ჩემოდანში ნივთების ჩალაგება დაუწყო, თან ეუბნებოდა, თბილი ტანსაცმელი დაგჭირდებაო. მერე ეს კაცი რამდენჯერმე შემხვდა ქუჩაში. მე სულ ვცნობდი, შეიძლება ისიც მცნობდა, მაგრამ არ დამლაპარაკებია. დედაჩემი ჯერ ოთაჭალის ციხეში იჯდა, მერე კი გადაასახლეს, მაგრამ სად – არავინ იცოდა.
მე მე-18 საშუალო სკოლაში ვსწავლობდი (ახლანდელი 51-ე სკოლა) არაჩვეულებრივი მასწავლებლები მყავდა, მათგან და ჩემი თანაკლასელებისაგან არასოდეს არაფერი მიგრძვნია. განა მარტო მე ვიყავი რეპრესირებული ოჯახიდან?! ჩემნაირი ბევრი ბავშვი იყო. სკოლა ძალიან კარგად დავამთავრე. ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გატაცებული ვიყავი არაბული ლიტერატურითა და დამწერლობით, მაგრამ გული თეატრისკენაც მიმიწევდა და ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში, რომლის დირექტორი მაშინ აკაკი ხორავა გახლდათ. თსუ-დან გამოვედი.
ინსტიტუტი 1945 წელს დავამთავრე. (სამსახიობო ფაკულტეტი) დამიბარა აკაკი ხორავამ, მაშინ მოსკოვში ყველა უმაღლეს სასწავლებელში არსებობდა ლიმიტები რესპუბლიკებისთვის. აკაკი ხორავამ შემომთავაზა, რომ მოსკოვის თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტზე, როცა ჩამოხვალ, აქ ამ ფაკულტეტს დავამატებთო. აკაკი ხორავასთვის შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ, როცა არჩევანი ჩემზე გააკეთა. ჯერ კიდევ იმ დროს „ხალხის მტრის“ შვილი ვიყავი. მაგრამ ხორავამ გარისკა.
სანამ მოსკოვში წავიდოდი, გრიბოედოვის ქუჩაზე ბებიასთან და დეიდასთან ერთად მესამე სართულზე ვცხოვრობდი. ჩვენ ქვევით, პირველ სართულზე ცხოვრობდა ებრაელი აბრაამ შულმანი. ეს კაცი შინსახკომის ჯალათი იყო, მაგრამ მეზობლებმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ, მერე გაიგეს. სწორედ მას მოჰყავდა სისრულეში დახვრეტის დადგენილება. შულმანს ცოლად ჰყავდა ყორღანოვის ქალი, არაჩვეულებრივი ადამიანი. ერთხელაც ეს ქალი ჩვენთან სახლში ამოვიდა, ხელში ქაღალდი ეჭირა და ბებიას და დეიდაჩემს უთხრა, აბრაამი სამსახურიდან დაღლილი მოდის, დასვენება რომ უნდა, ფანჯარას ვერ აღებს, რადგან ქუჩიდან გამვლელები იყურებიანო, ამიტომ ეზოს მხარეს გადის, სადაც ბავშვები თამაშობენ, მაგრამ ამ გოგოს ცოდვით აღარ არის. ძალიან ეცოდება, დედის ადგილსამყოფელი რომ არ იცისო. ამიტომ, თავის სამსახურიდან ამოწერა იმ ბანაკების მისამართები, სადაც ქალები გადაასახლეს და სია გამოგიგზავნათო. დამაბარა, ყველგან გაგზავნონ 5 მანეთი შეტყობინებით, საიდანაც ფული არ დაბრუნდება, ამ ბავშვის დედა იქ იქნებაო.
ეს კაცი დიდ რისკზე წავიდა. შინსახკომში რომ გაეგოთ, მაშინვე დახვრეტდნენ, მაგრამ მასში ადამიანურობამ გაიღვიძა. ალბათ მისი ცოდვილი სული ითხოვდა შვებას და ამიტომ გადადგა ეს ნაბიჯი. ყველა ბანაკში გავგზავნეთ 5 მანეთი. ყველა პუნქტიდან დაბრუნდა, გარდა ერთისა – ეს იყო მოლდოვეთის ავტონომიური რესპუბლიკა, სადგური პოტმა (იმ დროს ცნობილი იყო „პოტმას ბანაკი“).
ამის შემდეგ, შულმანის გამოგზავნილი სია გადავწერე და აბრაამს ფურცელი დავუბრუნე, ხოლო გადაწერილი სია იმათ მივეცი, ვისაც დედები გადასახლებული ჰყავდათ. კიდევ გავგზავნეთ ფული პოტმაში. ისევ არ დაბრუნდა უკან. შეტყობინება მივიღეთ, რომ თანხა გადაეცა ადრესატს. მერე ამანათი გავგზავნეთ. ისიც მიიღო. ამანათის გაგზავნის მერე მომივიდა დედას წერილი. კონვერტს ეწერა: თბილისი, გრიბოედოვის ქუჩა, ბინა 13, „ბავშვთა სახლი“. იმ დროს, მთელ საბჭოთა კავშირში გახსნილი იყო ბავშვთა სახლები, რადგან ბევრ ბავშვს მშობლები აღარ ჰყავდა, მაგრამ აქაც საოცრება ის იყო, რომ საქართველოში ასეთი სახლი არ გახსნილა. საქართველოში რეპრესირებულთა შვილები უპატრონონი არ აღმოჩნდნენ. ყველამ შეიფარა და შეიკედლა. წერილს ეწერა: ნინო კონსტანტინეს ასულ ჩიტაშვილს ნათელა ურუშაძისთვის. შულმანის წყალობით, ბევრმა იპოვა დედა. ერთხელ ჩეხოვს ჰკითხეს, ყველაზე მეტად რა გიჭირდათო, მან უპასუხა – საკუთარ თავთან ბრძოლაო. ალბათ, შულმანსაც აწუხებდა ეს და იმიტომ დაგვეხმარა. ადამიანი საკუთარ თავს თუ მოერევა, სხვასაც მოერევა.
დედამ ბანაკში ათი წელი მოიხადა. მოსკოვში რომ ვსწავლობდი, ზამთრის არდადეგების დროს, დედასთან წასვლა გადავწყვიტე. პოტმას ბანაკი ახლოს იყო, ამიტომ ვიფიქრე, ეს არდადეგები დედასთან ერთად გამეტარებინა და გავიკითხე, როგორ უნდა წავსულიყავი. მითხრეს, რომ წასვლის უფლება უნდა მოეცა გულაგს, რომლის ცენტრი მოსკოვში იყო. წავედი ცენტრში, თურმე იქ შესვლა ადვილია, გამოსვლა კი – ძნელი. თამამად შევედი. შემიშვეს უფროსთან. ეს კაცი გაკვირვებული მისმენდა, მე უშიშრად ვესაუბრებოდი. ვუთხარი, რომ არდადეგები მქონდა და დედის ნახვა მსურდა. ვთხოვე ნებართვა. იდგა ეს კაცი და მისმენდა, თვალი არ მოუცილებია ჩემთვის, მერე დააჭირა ღილაკს ხელი და ბრძანება გასცა, რომ ჩემთვის ნებართვა მოეცათ. დღესაც არ ვიცი, რატომ მოიქცა ასე. მას შეეძლო იქვე გაეცა ჩემი დაპატიმრების ბრძანება, მაგრამ აქაც განგებამ მიშველა და გადავრჩი.
ჩავედი პოტმაში. იქ პუნქტები იყო, სადაც პატარა მატარებლები მიდიოდნენ. ომი ახალი დამთავრებული იყო და ხალხი სახლებში ბრუნდებოდა. გადაჭედილი იყო ვაგონები. დედასთან რომ ჩავედი, უკვე გაციებული ვიყავი და მაღალი სიცხე მქონდა. დედა მელოდებოდა. ოთახში რომ შემოვიდა, მივხვდი, რომ ის ჩემი დედა იყო, მაგრამ ის ქალი დედაჩემს არ ჰგავდა. გუნებაში გამიხარდა, მაღალი სიცხე რომ მქონდა, რადგან არ მინდოდა, მეგრძნობინებინა, რომ ვერ ვიცანი. ჩემ წინ იდგა ნაწამები, განადგურებული ადამიანი. დედა პროფესიით აგრონომი იყო. იქ რაღაცაში დასჭირდათ და ცოტა უკეთეს პირობებში ცხოვრობდა, მაგრამ ამასაც ვერ დავარქმევდი უკეთესს. სიტყვებით ვერ გადმოიცემა, რა პირობებში ცხოვრობდა ხალხი. ყველა მოდიოდა ჩემ სანახავად. მთელი ზამთრის არდადეგები დედასთან გავატარე. იქიდან დავბრუნდი მოსკოვში. 1948 წელს დავამთავრე ინსტიტუტი და თბილისში დავბრუნდი.
აკაკი ხორავამ პირდაპირ მიმიღო თეატრალურ ინსტიტუტში პედაგოგად. სულ მალე დედაც დაბრუნდა. დედაჩემი და ლია ელიავას დედა ერთად დაბრუნდნენ გადასახლებიდან. დედას თავიდან თბილისში ცხოვრების ნება არ მისცეს და მცხეთაში ცხოვრობდა. მერე გადმოვიდა ჩვენთან.
მიუხედავად იმ ტკივილისა, რაც ამ რეჟიმმა მომიტანა, ჩემი ცხოვრების გზაზე შემახვედრა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შეეძლოთ ღირსეული ცხოვრებით ცხოვრება. მე დღესაც მათი მადლიერი ვარ!“