საქართველო-რუსეთის საზღვარზე 3 დღეში 2 000-მანქანიანი რიგი დადგა

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ინფორმაციით, საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ლარსის გამშვებ პუნქტთან რუსეთის მხრიდან მომავალი 2 000 მანქანის რიგია შექმნილი. როგორც სამთავრობო მედია წერს, რიგი ბოლო სამ დღეში შეიქმნა.

რუსული სამთავრობო მედია ჩრდილოეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობას ეყრდნობა.

“ჩრდილოეთ ოსეთის ტესპუბლიკა ალანიის ტერიტორიაზე შეიმჩნევა 2 000 ერთეული მსუბუქი სატრანსპორტო საშუალების შეჯგუფება, რომლებიც ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა ალაბიაში შემოვიდნენ და ელიან საკუთარ რიგს ზემო ლარსის გამშვები პუნქტის გავლით გასასვლელად”. – თქვა რუსულ მედიასთან ჩრდილოეთ ოსეთის შსს-ს წარმომადგენელმა.

რუსეთის ფედერაციიდან გასვლის მსურველთა რიცხვი ბოლო 3 დღეში გაიზარდა. 20 სექტემბრის 06:00-სთვის მსუბუქი მანქანების რიგი გამშვებ პუნქტთან არ იყო. რაოდენობი მატება უკვე 21 სექტემბრიდან დაიწყო.

როგორც რუსული მედია წერს, ქვეყნის დატოვების მსურველთა რიცხვი იზრდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადდა, რუსეთის მოქალაქეებმა ქვეყნის მასობრივი დატოვება დაიწყეს, მათ შორის საქართველოს მიმართულებით. გასულ დღეებში გავრცელდა კადრები ჩრდილოკავკასიიდან, რომლებშიც, სავარაუდოდ, საქართველოში გადმომსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რიგები ჩანდა.

21 სექტემბერს ვლადიმირ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. გადაწყვეტილებას რუსეთის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მოსკოვში, საპროტესტო აქციები მოჰყვა.

ნაწილობრივი მობილიზაცია გულისხმობს იმ სამხედრო მოსამსახურეების გაწვევას, ვისაც გარკვეული სამხედრო მომზადება უკვე გავლილი აქვთ. პუტინის თქმით, სამხედროებს რეზერვიდან გაიწვევენ, პირველ რიგში მათ, ვისაც გამოცდილება აქვს. პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. მობილიზებულ სამხედროებს კონტრაქტორების სტატუსი და ხელფასი ექნებათ. როგორც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, მობილიზებული იქნება დაახლოებით 300 000 სამხედრო.

ნაწილობრივი მობილიზაციის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება შეეძლებათ მხოლოდ მათ, ვინც მიაღწევს გაწვევის მაქსიმუმ ასაკს, შეექმნება ჯანმრთელობის პრობლემები ან თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან.

პუტინის თქმით, მობილიზაცია უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. რეფერენდუმების უსაფრთხოდ ჩატარებას უკავშირდება და ითვალისწინებს თავდაცვის სამინისტროს რჩევას.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share