ახალი კატარსტროფა მოსკოვისათვის – ლიმანის დაცემა და მწვავე დაპირისპირება რუს ძალოვნებს შორის

რუსულმა არმიამ უკრაინაში მორიგი მარცხი იგემა. სექტემბრის დასაწყისში იზიუმის დაკარგვისა და ხარკოვის ფრონტის ჩამოშლის შემდეგ, რუსებმა ამჯერად სტრატეგიულად მნიშნელოვანი ქალაქი ლიმანი (წითელი ლიმანი) დათმეს. კატასტროფის მასშტაბებზე მეტყველებს თუნდაც ის, რომ ამის გამო ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსული სარდლობის მკვეთრი კრიტიკა დაიწყეს.

უკრაინელების მიერ ლიმანის გათავისუფლებას დამატებით მნიშვნელობას სძენს ის ფაქტი, რომ წინა დღეს პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის 4 ოლქის და მათ შორის სწორედ ქალაქ ლიმანის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შეთანხმებას მოაწერა ხელი. თავად რუსი ანალიტიკოსები „ტელეგრამ“ არხებში ირონიულად წერენ, რომ პუტინმა უკრაინასთან ომში „პირველი რუსული ქალაქი დაკარგა“.

რა უპირატესობას აძლევს უკრაინას ლიმანის გათავისუფლება და მისი დაკავების შემდეგ როგორ შეიძლება ფრონტზე მოვლენები განვითარდეს? სამხედრო ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ ახლა უკრაინას საშუალება ეძლევა ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრებთან გავიდეს, რითაც წყალი შეუდგება პუტინის მიერ ამ ომში მიღწეულ ერთადერთ შედეგს – ლუგანსკის ოლქზე სრული კონტროლის დამყარებას. ეს კი დიდი მარცხის ტოლფასი იქნება, რომელიც რუსებზე როგორც ფსიქოლოგიურ, ასევე პოლიტიკურ გავლენას მოახდენს.

უკრაინელმა სამხედროებმა ქალაქ ლიმანის ცენტრში უკრაინის დროშა შაბათს შუადღისას აღმართეს. შესამაბისი ვიდეო სოციალურ ქსელში მალევე გავრცელდა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ლიმანის მახლობლად ხუთი დასახლება – იამპოლი, ნოვოსელოვკა, შანდრიგოლოვო, დრობიშევო და სტავკი გაათავისუფლეს.

იმავე დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ლიმანის დატოვება დაადასტურა.

„ალყაში მოქცევის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით, მოკავშირეთა ჯარები გაყვანილია კრასნი ლიმანის დასახლებული პუნქტიდან“, – წერს „რია ნოვოსტი“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.

ლიმანისთვის ბრძოლა სექტენბრის შუა რიცხვებში დაიწყო. უკრაინელთა პირველი შეტევა უშუალოდ ქალაქის მიმართულებით წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის შემდეგ უკრაინის სარდლობამ იერიშის მიმართულება შეცვალა და უკრაინელებმა ორი მხრიდან დაიწყეს ქალაქისთვის შემოვლა. უკრაინული ძალები წარმატებით მიიწევდნენ წინ და 1-ლი ოქტომბრისათვის ქალაქში მოქმედი რუსების 5000-იანი გარნიზონი ალყაშ მოქცევის საშიშროების წინაშე აღმოჩნდა, რის გამოც რუსულმა სარდლობამ ქალაქის დატოვება გადაწყვიტა.

რუსული „ტელეგრამ“ არხები ქალაქის დაცემის შემდეგ იმასაც წერენ, რომ სარდლობამ პრაქტიკულად ბედის ანაბარა მიატოვა რუსი მებრძოლები, რომელთაც არანაირი ბრძანება არ მიუღიათ – არც უკან დახევის და არც ბრძოლის გაგრძელების.

დაპირისპირება უმაღლესი რანგის ძალოვნებში

ლიმანის რუსული გარნოზინი, არაოფიციალური ინფორმაციით, 5500 სამხედროსაგან შედგებოდა. ეს იყო „როსგვარდიის“ ორი ბატალიონი, ლუგანსკის მილიცია და მცირე რაოდენობით რუსული არმიის რეგულარული დანაყოფები. მათ წინააღმდეგ კი უკრაინელთა 6000-იანი დაჯგუფება მოქმედებდა.

ლიმანის დაცვას ხელმძღვანელობდა რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის სარდალი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი. იგი უკრაინის ომის მიმდინარეობისას ორჯერ მოხვდა ყურადღების ცენტრში ერთხელ მაშინ, როდესაც საჯაროდ თავადვე დააჯილდოვა საკუთარი ვაჟი, რომელიც სატანკო ბრიგადას ხელმძღვანელობდა და სხვა რუსულ ნაწილებთან ერთად სამარცხვინოდ დატოვა სუმის ოლქი. მეორედ კი ქალაქ ლისიჩანსკის აღებისას.

ლისიჩანსკისა და მის მეზობლად მდებარე სევეროდონეცკის აღებას რუსებისთვის განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშნელობა ჰქონდა. ეს იყო ლუგანსკის ოლქის ბოლო ქალაქები, რომელსაც უკრაინელები აკონტროლებდნენ და მათი აღების შემდეგ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ საზეიმოდ უპატაკა პრეზიდენტ პუტინს, რომ ლუგანსკის ოლქის მთელი ტერიტორია რუსული არმიის კონტროლის ქვეშაა.

ლისიჩანსკის აღებას სწორედ გენერალი ლაპინი ხელმძღვანელობდა და მაშინ მან ამისთვის რუსეთის გმირის ვარსკვლავიც მიიღო. ახლა კი, ლიმანის დაკარგვის შემდგე, მას კრიტიკის ქარტეხილი დაატყდა თავს.

ყველაზე რადიკალური ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი იყო, რომელმაც არა მხოლოდ გენერალი ლაპინი, არამედ რუსული გენშტაბიც გააკრიტიკა.

„გენერალ-პოლკოვნიკმა ლიმანის მიმართულებით დაცვის ხაზზე ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკიდან მობილიზებული მებრძოლები და სხვა დანაყოფები დააყენა, მაგრამ არ უზრუნველყო მათთან კავშირი, სწორი ურთიერთქმედება და მომარაგება“, – წერს კადიროვი თავის „ტელეგრამ“ არხზე.

მისივე თქმით, მან შესაძლო საფრთხის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის წინ ჩეჩნური ბატალიონის „ახმატის“ მეთაურის, ალტი ალაუდინოვისაგან მიიღო და ამის შესახებ მაშინვე პირადად აცნობა რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს, თუმცა გერასიმოვმა იგი დაამშვიდა და უთხრა, „რომ ეჭვი არ ეპარება ლაპინის მთავარსარდლურ უნარებში და არ ფიქრობს, რომ წითელი ლიმანიდან ან მისი მიდამოებიდან უკან დახევა მოხდება“.

კადიროვი იმასაც წერს, რომ ლაპინმა რუსეთის გმირის წოდება დაუმსახურებლად მიიღო, რადგანაც ლისიჩანსკის აღებისას „იქ ახლოსაც არ ყოფილა“. ლიმანის დაცემის მთავარი მიზეზი კი „საჯარისო ნეპოტიზმია“.

გარდა ამისა, ჩეჩნეთის ლიდერი გენერალ ლაპინს იმაშიც ადანაშაულებს, რომ ლიმანის დაცემამდე ერთი კვირით არე მან თავისი შტაბი ფრონტის ხაზიდან 100 კილომეტრში, დასახლებულ პუნქტ სტარობელსკში გადაიტანა. თუმცა თავად იქ საერთოდ არ გამოჩენილა, ქალაქ ლუგანსკში იმყოფებოდა და იქიდან ხელმძღვანელობდა მის დაქვემდებარებაში მყოფ შენაერთებს.

„საწყენი ის კი არაა, რომ ლაპინი არაფრის მაქნისია, არამედ ის, რომ მას ზემოდან მფარველობენ გენშტაბის ხელმძღვანელები. ჩემი ნება რომ იყოს, მას რიგითის წოდებამდე ჩამოვაქვეითებდი, ჩამოვართმევდი ჯილდოებს და ავტომატით ხელში გავუშვებდი წინა ხაზზე, რათა სისხლით ჩაოერეცხა სირცხვილი“, – წერს კადიროვი.

აღსანიშნავია, რომ ჩეჩნეთის ლიდერს ამ მხრივ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა და ე.წ. კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა. მისი თქმით, „ყველა ეს ვიგინდარა ფეხშიშველები და ავტომატებით ფრონტზეა გასაშვები“.

რა სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ლიმანის გათავისუფლებას

სამხედრო მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტან კაპანაძე  აცხადებს, რომ ლიმანის დაკარგვას მოსკოვისთვის უფრო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ტაქტიკური, თუმცა ორივე შემთხვევაში რუსები ძალიან ზიანდებინ. ლიმანზე გასვლით, უკრაინელები შეძლებენ ლუგანსკის მიმართულებაზე გავიდნენ.

„ამ ყველაფრის პარალელურად ლიმანის დაკარგვა რუსებს აღმოსავლეთ დაჯგუფების მომარაგებას გაურთულებს. ლიმანის აღებას ფსიქოლოგიურ-მორალური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც უკრაინელებისთვის, ისე რუსებისთვის, რადგან რუსეთის მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ომი მათ სასარგებლოდ არ მიდის.

„რუსები ვერ იტყვიან, რომ ეს იყო მოულოდნელობა. ეს არის პირდაპირ დასახლებული პუნქტის დაცვა რუსების მხრიდან. ამიტომ ვთქვი, რომ ლიმანის დაკარგვას რუსებისთვის აქვს როგორც პოლიტიკური და ფსიქოლოგიური დატვირთვა, ასევე ტატქიკურად საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვარდებიან.

„ლიმანის გათავისუფლებით უკრაინელები ლუგანსკის ოლქის საზღვარზე გადიან. ფაქტიურად გამოდის, რომ რუსები ლუგანსკში ვერ მიაღწევენ იმ სასურველ შედეგსაც კი, რომელიც ომის დაწყების დროს პუტინის მხრიდან იყო გაცხადებული.

„ამჟამად სტრატეგიული ინიციატივა მთლიანად უკრაინელების ხელშია. ისინი ირჩევენ დარტყმის ადგილს, დროს, ფორმებს. შესაბამისად, ომში რუსები მხოლოდ უკრაინელების მოქმედებაზე რეაგირებენ“, – ამბობს გენერალი კაპანაძე.

პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე კი  ამბობს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის ლიმანის დაკარგვას ექნება სერიოზული შედეგები დონეცკის ოლქის ჩრდილოეთსა და ლუგანსკის ოლქის დასავლეთში, რადგან უკრაინელ სამხედროებს ლიმანზე კონტროლის აღდგენა მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ მოწინააღმდეგის პოზიციებს საფრთხე შეუქმნას ლუგანსკის ოლქის დასავლეთ საზღვართან და სევეროდონეცკის და ლისიჩანსკის რაიონებში.

„ქალაქის დაკავების შემდეგ უკრაინელებს შეტევის შესაძლებლობა რუბეჟნოეს  მიმართულებით ეხსნებათ. ლიმანი-რუბეჟნოეს ხაზის დაკავება ფაქტობრივად ლისიჩანსკი-სევეროდონეცკის მიმართულების ავტომატურ აღებას ნიშნავს.

„ლიმანის აღებით მდინარე სევერსკი დონეცის მეორე მხარეს გადასვლა ადვილი იქნება და უკრაინელები ქალაქ სევეროდონეცკს დაიკავებენ. ამ ყველაფრის შემდეგ კი ქალაქ ლუგანსკის მიმათულებისკენაც გზა იხსნება. ამიტომ უკრაინელებისთვის ლიმანი სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქია.

„რაც შეეხება რუსების აქტიურობას ბახმუტის მიმართულებით, მათ  ამ ქალაქში ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფი ჰყავთ გამაგრებული და ახლა ამდენი წარუმატებლობის ფონზე ცდილობენ რაღაცა წარმატება ამ მიმართულებით მაინც მიაღწიონ.

„თუმცა, ეს პროცესი გარკვეულ სტარტეგიულ სვლებს აღარ ექვემდებარება. ეს არის სპონტანური მოქმედება – სადაც რუსებს ახლა ცოტა ძლიერი დანაყოფები ჰყავთ, იქ ცდილობენ რაღაც წარმატება აჩვენონ. ან მეორე ვარიანტია – იციან, რომ თუ გაჩერდებიან, შეტევაზე ისევ უკრაინელები გადავლენ. ამიტომაც ყველანაირად ცდილობენ აქტიურობა არ შეწყვიტონ“, – აცხადებს ლაშა ბერიძე.

რუსების შესაძლო პასუხი

პოლკოვნიკ ბერიძის აზრით, რუსული სარდლობა ეცდება ლიმანშ განცდილი მარცხი ფრონტის რომელიმე სხვა მონაკვეთზე რაიმე ლოკალური წარმატებით გადაფაროს. ამ მხრივ ყველაზე საყურადღებო ბახმუტის მიმართულებაა.

„ზუსტად ძნელია საუბარი ბახმუტის მიმართულებით რა აქვთ ჩაფიქრებული. ეს არ არის დიდად სტრატეგიული ქალაქი და უკრაინელები იმდენად კარგად არიან გამაგრებული, ამ პოზიციებს არ დაკარგავენ“, – ამბობს პოლკოვნიკი ბერიძე.

რაც შეეხება მობილიზაციის გამოცხადებას და გადაუმზადებელი ჯარის ფრონტის ხაზზე გადასროლას, პოლკოვნიკი აცხადებს, რომ ეს არის მხოლოდ რაოდენობის გაზრდა, რადგან  ამ ადამიანებს ბრძოლის არანაირი უნარი და მოტივაცია არ გააჩნიათ.

„ახლა მათ გამოცდილი და კარგად გაწვრთნილი მეომრები სჭირდებათ, რომლის რესურსიც ამოეწურათ. ქვედანაყოფებში ნახევარი ხალხი დაეღუპათ და მათ  ჩანაცვლებას ფრონტზე ძალით წაყვანილი ხალხით ცდილობენ.  ისინი ვერანაირ ამოცანას ვერ შეასრულებენ და რუსეთის მხრიდან კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი იქნება. ეს არის გაურკვეველი თამაში, რომელშიც რუსეთი უკვე წაგებეულია“, – ამბობს პოლკოვნიკი ბერიძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share