აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.
„თუ გუგლ-ის საძიებელში ინგლისურად ჩაწერთ „ფსიქოლოგიურ წამებას“, მაშინვე იპოვით მოკლე განმარტებას იმის შესახებ, თუ რა კვალიფიცირდება ამ სახის წამებად.
ჩამონათვალში შედის: – დამცირება და შიში; გამუდმებული მუქარები; სასტიკი კულტურულ-სოციალური დამცირება.
ჯერ კიდევ სახალხო დამცველის კომისიის შექმნის დროს აღვნიშნე, რომ კომისიას აკლდა მთავარი ექსპერტი – ფსიქიატრი. ფსიქიატრი საჭირო იყო არა პატიმარი პრეზიდენტის შეურაცხადობის დასამტკიცებლად, არამედ იმ გარემოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზისათვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შეიქმნა, მისი დაპატიმრების პირველივე დღიდან.
ფსიქოლოგიური წამების საშუალებით შეიძლება ჯანმრთელობის ნებისმიერი პრობლემის უკიდურესად დამძიმება და ისეთი მძიმე დეპრესიის მდგომარეობაში გადაყვანა, როდესაც უბრალოდ შეუძლებელი გახდება კონკრეტული დიაგნოზის დასმა, რადგან პათოლოგიურ ცვლილებებს განიცდის ორგანიზმის აბსოლუტურად ყველა სისტემა. გამუდმებული ფსიქოლოგიური წამება შეუქცევადი ორგანული ცვლილებების გარდა იწვევს ცნობიერების მკვეთრ დარღვევებსაც.
მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა საქართველოში კიდევ უფრო დამძიმდება, რადგან იგი იქ იმყოფება გამუდმებული ფსიქოლოგიური წამების ქვეშ. თუნდაც გაურკვეველი ეტიოლოგიის ტემპერატურა, რაც ცენტრალური ნერვული სისტემის ერთერთი მწვავე რეაქციაა ფსიქოლოგიურ სტრესზე, ამის დასტურია.
მე მინდა გულწრფელად მჯეროდეს, რომ ეს ფსიქოლოგიური წამება შეგნებულად არ ხორციელდება, სპეციალური მითითებით. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო პატიმარი პრეზიდენტის უფლებების დაცვა და მის წინააღმდეგ თავისუფლების აღკვეთასთან ერთად დაუშვა ყველა ის ქმედება, რომლებიც საერთაშორისო სამედიცინო და იურიდიული სტანდარტებით კვალიფიცირდება წამებად.
გულდასაწყვეტია, რომ 21-ე საუკუნეში, ქართულ სამედიცინო საზოგადოებას არ შეუძლია ამ ელემენტარული ჭეშმარიტების პირუთვნელად დაფიქსირება და გაპროტესტება. პრეზიდენტი სააკაშვილი არ არის ორდინალური პატიმარი. მისი წამების ისტორია ავტომატურად წარმოადგენს საქართველოს პოლიტიკური, სამართლებრივი და თქვენ წარმოიდგინეთ, სამედიცინო ისტორიის მნიშვნელოვან ფურცელს.
სირცხვილია კოლეგებო, სირცხვილი …“ – წერს ზურაბ გურული.