“ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს და ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია.
“როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა გააკეთა განცხადება მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ნებისმიერ პირს, რომელიც მსგავსი ტიპის ინფორმაციას ავრცელებს, რომ გადაამოწმონ ეს ინფორმაცია და მოიტანონ შესაბამისი მტკიცებულებები. მსგავსი დასკვნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის არავის წარუდგენია და საზოგადოების არასწორი ინფორმირების თავიდან არიდების მიზნით მოვუწოდებთ ყველას, რომ თავი შეიკავონ არასწორი და ფაქტებით გაუმყარებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.
რაც შეეხება აღნიშნულ საკითხს, იმისთვის რომ, საზოგადოებას არ დარჩეს არცერთი კითხვის ნიშანი, ხვალ დილით მივმართავთ სამხარაულის სახელობის ეროვნულ ცენტრს იმისთვის, რომ ჩატარდეს ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა და საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ”,- განაცხადა რატი ბრეგაძემ.
[მის ამ კომენტარს ipn.ge ავრცელებს.