ბიძინა ივანიშვილის უკანონო საქმიანობა კენიაში. უილიამ რუტოს გადაწყვეტილებით, კილიფის ოლქში ბაობაბების ამოთხრა შეჩერდა. კენიურმა სასამართლომ ხეების იმპორტი საქართველოში სანებართვო ლიცენზიების არარსებობის მიზეზით აკრძალა.
შეჩერებულია ყველა ამოთხრილი ასწლოვანი ბაობაბის ტრანსპორტირება ივანიშვილისთვის, კომპანიას კი, რომელსაც ხეები უნდა ჩამოეტანა, ლიცენზიაც ჩამოართვეს.
ეს არის მთელი აფრიკის ბაობაბის მწარმოებელთა ასოციაცია. ჩვენი მიზანია, სარგებელი მოვუტანოთ აფრიკაში სოფლად მცხოვრებ ადამიანებს, რადგან ბაობაბის ნაყოფი საკვებში გამოიყენება, თესლი კი ზეთის წარმოებისთვის. ამიტომ, მე ვთვლი, რომ კენიის მთავრობის გადაწყვეტილება ბაობაბის საქართველოში ექსპორტის აკრძალვის თაობაზე, სწორია. ჩემი აზრით, ადგილობრივი საზოგადოება არ იქნა სათანადოდ ინფორმირებული ამ ხეების ამოძირკვის შესახებ და არც მათი ფინანსური სარგებელი იქნა გათვალისწინებული. გარდა ამისა, მე არ მჯერა, რომ მთლიანი ბაობაბი შეიძლება ამოძირკვო და გადაიტანო კენიიდან საქართველოში ისე, რომ ხე არ გახმეს და გადარჩეს.
ეს ეხება არა მხოლოდ ბაობაბს, არამედ ნებისმიერ ხეს, ამიტომ ვერ წარმომიდგენია, როგორ არის შესაძლებელი მსგავსი რამ. მე ვთვლი, რომ კენიის მთავრობის გადაწყვეტილება არის დიდი გამარჯვება კენიელი ხალხისთვის და ასევე კენიის ბიომრავალფეროვნებისთვის. ვფიქრობ, ეს აგზავნის ძალიან ძლიერ სიგნალს, რომ კენიის ბიომრავალფეროვნება არ შეიძლება უბრალოდ აიღო და გაყიდო ისე, რომ კენიელმა ხალხმა სარგებელი ვერ ნახოს. არ შეიძლება, რომელიმე უცხოელი ჩამოვიდეს, ფული გადაუხადოს რომელიმე ოფიციალურ პირს და როგორც სურს, ისე გამოიყენოს კენიის მემკვიდრეობა.
ასევე ვფიქრობ, რომ უფრო ფართო გაგებით ეს აგზავნის ძლიერ სიგნალს ნაგოიას პროტოკოლის მნიშვნელობის შესახებ, ასევე საერთაშორისო წესების შესახებ, რომლებიც კრძალავს ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნის ბიომრავალფეროვნების მოპარვას. ამიტომ, მე მიხარია, რომ კენიის მთავრობამ მიიღო ეს გადაწყვეტილება და ამის შესახებ მკაფიოდ განაცხადა კიდეც. მათ ასევე პირობა დადეს, რომ გამოიძიებენ ადგილობრივი ოფიციალური პირების ქმედებებს. გარდა ამისა, ეს არის მოქალაქეების გამარჯვება როგორც კენიაში, ასევე საქართველოში. იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება არ შეიცვლება, – ამბობს აფრიკის ბაობაბების ასოციაციის თავმჯდომარე ჯუს ლე ბრეტონი.
ეროვნული საგანძურის განადგურების უფლებას არავის მივცემთ – აცხადებენ კენიელი გარემოსდამცველები. მათივე თქმით, საერთაშორისო წესებისა და პროტოკოლის დარღვევისთვის ყველა პასუხს აგებს.
როგორც გარემოს ექსპერტები ამბობენ, ეკოლოგიური ზიანი საკმაოდ სერიოზულია. ეს არის არა მხოლოდ ადგილობრივი ქვეწარმავლების, მწერების, ძუძუმწოვრების საცხოვრებელი გარემოს განადგურება, არამედ ასევე ისიც, რომ კენია ცდილობს აღადგინოს ის ზიანი, რომელიც მას ბოლო ათწლეულების განმავლობაში მიადგა. ამ ხეების ამოძირკვა კი პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ამასთან.
მთავრობა ახლა აქტიურად აწარმოებს გამოძიებას, რომელიც გუშინ დაიწყო. ვვარაუდობ, რომ იქნება კიდევ ბევრი შეკითხვა, თუ როგორ იქნა გაცემული ეს ლიცენზიები და გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არ იყო ჩართული ამ პროცესში სათანადოდ და ვერ მიიღო შესაბამისი სარგებელი ამ გარიგებიდან.
მე ვიცი, რომ დენის გათიშვებიც მოხდა იმის გამო, რომ ტოტებმა ელექტროგადამცემ ზახები დააზიანა. ასე რომ, ეს ხეები უკვე გზაში იყო, ახლა კი მთავრობამ ეს შეაჩერა და სანამ გამოძიება არ დასრულდება, ტრანსპორტირება არ განახლდება, – თქვა “გარდიანის” ჟურნალისტმა ქეროლაინ ემ კიმეუმ.
newposts.ge