მამა გიორგი სხილაზე სოციალურ ქსელში ვანო ჩხარტიშვილის შესახებ წერს:
„ერთი კვირაა, რაც ეს ჩანაწერი ჩავინიშნე, აქ დასადებად:
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ხელსუფლებასთან დაახლოვებული ბიზნესმენი იოვანე ჩხარტიშვილი ჩქარობს გაპატრიარქებას ვინმე შიო მუჯირისა, რომელიც არც წარსული და არც ამჟამინდელი ბიოგრაფიით, სამწუხაროდ, არ იმსახურებს ასეთ პატიჟსა და პატივს. ამის საჩვენებლად გამოგადგებათ ჩემს წინა პოსტზე დართული ჩანაწერი, შედგენილი ს.უ.ს.-ის მიერ, სადაც მიტრ. შიო, თითქმის 3 წლის წინ, პირობას დებს, რომ ,,…ფაქტების არსებობის შეთხვევაში[,] იმოქმედებს სათანადოდ”. არადა, ამ წლების განმავლობაში, თუ სხვები, თუ ჩვენ მივმართავთ, ოფიციალურად თუ არაოფიციალურად; ვეხვეწებით, ვემუდარებით მას და მის კოლეგა-სინოდელებს, მოგვისმინონ, განხილვაში მიიღონ რამდენიმე ფაქტი და სამართლებრივი პასუხი დაგვიბრუნონ. ამ ფაქტებსა და შეთავაზებებზე, პირადად, წერილობითი განცხადებების, გზავნილების გარდა, ათეულობით საათის ვიდეო-ჩართვები მაქვს მოწყობილი, პირველიერარქისგან ერთ-ერთი დაზარალებული სტიქაროსნისა და სხვა თეოლოგების მონაწილეობით; მიმიმართავს მათთან ერთადაც და ცალკეც, მაგრამ ჩვენი ხმა, შიოსგანაც და ყველასგან, რჩება ,,ხმად მღაღადებლისა, უდაბნოსა შინა”…
ბატონო ჩხარტიშვილო, თქვენ ვინ გეკითხებათ საქართველოს პატრიარქის დასმას?! რომელი ილია ჭავჭავაძე ან ზვიად გამსახურდია თქვენ გვყავხართ?! გირჩევთ, საკუთარ წარსულ (ანაბრები…) და ახლანდელ ცოდვებს მიჰხედოთ! თქვენ სულ ფეხსაცმლის თასმაზე გკიდიათ პატრიარქი და პატრიარქობა, მორწმუნეები და ეკლესიის ბედი! თქვენ, ისევე, როგორც მულტიმილიონერ ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს, დღევანდელი და მომავალი პატრიარქი გჭირდებათ საკუთარი ბიზნეს-ინტერესების მფარველად (,,სახურავად”) და ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად (გარანტად), რათა მისი ,,ქოლგის” ქვეშ, მეტი და მეტი ფული მოიპოვოთ, ხოლო ფულით კი — ძალაუფლება.
— მკაცრად გაფრთხილებთ, დაეხსენით ასეთ ამაო ფიქრებსა და ღვთის განგებულებაში ხელის ფათურს, სანამ უშუალოდ მისგანაც არ მიგიღიათ სასტიკი გაფრთხილება!
პატრიარქი უნდა აირჩეს ღვთის რჩეულის ამოცნობით, საღვთო წილისყრით (მოკლედ, საქართველოში, ყველაფერი ბიზნესად აქციეს, — პოლიტიკაც და ეკლესიაც კი).
კვიპროსის კუნძულზე, პირველიერარქობის სამ კანდიდატს სინოდს ურჩევს მოსახლეობა. ეს იქ გამართლებულია, რადგან კვიპროსის რესპუბლიკაში ათეიზმით რელიგიური წყვეტა არ მომხდარა და ამდენად, ხალხის სარწმუნოებრივი ცოდნა და კულტურა მაღალ დონეზეა. ნასაბჭოთარ პატრიარქატებთან შედარებით, კეთილკრძალულებაა სინოდშიც: მაგალითად, როგორც წესი, მღვდლებად ქალწულებს აკურთხევენ.
საქართველოში, მოცემულ ვითარებაში, პატრიარქის არჩევა გაერთიანებული მრევლიდანაც კი რომ მოხდეს, ეს უფრო სახიფათოა… ამიტომ, იქ უნდა წარიმართოს ასე: სასულიეროთაგან, თეოლოგთაგან და სხვა საეროთაგან შეიქმნას ნდობიანთა ჯგუფი (კომისია); მისგან გამოცხადდეს სამდღიანი მარხვა, ლოცვა-ვედრების თანხლებით; საზოგადოებრივი გაერთიანებებიდან, თანამოაზრეთა შეკრებებიდან, სოც-ქსელებიდან დასახელდეს კანდიდატურები (საეროებიდან, ბერებიდან ან სამღვდელოებიდან); მცხეთაში, წმ. 12 მოციქულის სახ. ,,სვეტიცხოვლის” ტაძრის გულში (შუაში), მათი სახელები სათითაოდ დაიწეროს მომცრო ბარათებზე, რომლებსაც აუცილებლად უნდა ახლდეს ერთიც, ზედწერილით ,,არცერთი”. ესენი დაიკეცება, ჩაიდება და აირევა ყუთში ან საპატრიარქო კუნკულში (ქუდში), საიდანაც ერთი ბარათი ამოიღება და გაიშლება სიწმინდით გამორჩეული ბერის ან იქვე, შემთხვევით შერჩეული ბავშვის მიერ. ეს ბარათი თუკი იქნება მაინცდამაინც ,,არცერთი”, უნდა დასახელდეს, უკვე, სხვა პირები მანამ, სანამ არ ამოვა სახელიანი (ეს ისტორიული არჩევა, დევიზით, ,,ხმა ღვთისა — ხმა ერისა!”, რაც დამპყრობლისგან თავსმოუხვევლად, 101 წელია, ჩვენში არ ჩატარებულა, უნდა გადაიცეს ყველა ტელევიზიის პირდაპირი ეთერით).“