ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია იმ პრიორიტეტული პათოგენების ახალ სიაზე მუშაობს, რომლებიც პანდემიების ან ეპიდემიების გავრცელების რისკს ფლობენ და საჭიროებენ ახლო დაკვირვებას.
ორგანიზაციის განცხადებით, მისი მიზანი სიის განახლებაა, რომელიც სახელმძღვანელო უნდა იყოს კვლევისა და განვითარებისთვის (R&D), ასევე ინვესტირებისთვის, განსაკუთრებით ვაქცინებში, ტესტებსა და მედიკამენტებში.
პარასკევს დაწყებული პროცესის ფარგლებში, გაერო-ს ჯანდაცვის სააგენტომ 300-ზე მეტი მეცნიერი შეკრიბა, რათა განიხილონ მტკიცებულებები ვირუსების 25-ზე მეტი ოჯახისა და ბაქტერიების შესახებ.
ისინი ასევე განიხილავენ ე. წ. დაავადება X-ს — უცნობ პათოგენს, რომელმაც შეიძლება სერიოზული საერთაშორისო ეპიდემია გამოიწვიოს.
„პრიორიტეტული პათოგენებისა და ვირუსების ოჯახების მიზანში ამოღება კვლევისა და განვითარების კონტრზომების მისაღებად, გადამწყვეტია ეპიდემიებსა და პანდემიებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისთვის“, — ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების დირექტორი მაიკლ რაიანი.
მისი განცხადებით, COVID-19-მდე მნიშვნელოვანი R&D ინვესტირებათა გარეშე, შეუძლებელი იქნებოდა უსაფრთხო და ეფექტიან ვაქცინათა რეკორდულ დროში შექმნა.
სია პირველად 2017 წელს გამოქვეყნდა.
ამჟამად მასში შედის COVID-19, ებოლას ვირუსული დაავადება და მარბურგის ვირუსული დაავადება, ლასას ცხელება, ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) და მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი (SARS), ნიპაჰი, ზიკა და დაავადება X.
პრიორიტეტულად მიჩნეული თითოეული პათოგენის შემთხვევაში, ექსპერტები განსაზღვრავენ ცოდნაში არსებულ ჩავარდნებს და კვლევის პრიორიტეტებს.
შემდეგ შეიძლება შედგეს სასურველი სპეციფიკაციები ვაქცინების, პრეპარატების და სადიაგნოსტიკო ტესტებისთვის.
ძალისხმევა ასევე მიმართულია ასეთი ხელსაწყოების შექმნისთვის საჭირო კლინიკური ცდების გაადვილებისკენ, მხედველობაში ასევე მიღებულია მარეგულირებელი და ეთიკური ზედამხედველი ორგანოების გაძლიერება.
განახლებული სია 2023 წლის აპრილამდე გამოქვეყნდება.