ოზურგეთის საკრებულოს დეპუტატი ენმ-დან, თათია ნიკოლაშვილი დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში გამართულ სხდომას ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს:
”ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ თალაკვაძემ ერთი წლის განმავლობაში, ორჯერ გაიზარდა ხელფასი.
ხელისუფლების წარმომადგენლებს როცა ვეუბნები, რომ ადამიანებს უჭირთ, ვსაუბრობ ხალხის პრობლემებზე – პასუხი არ აქვთ და სათამაშოებით მოდიან სხდომაზე.
რა არის ეს თუ არა – ხალხის დაცინვა?!
მერს, რომელსაც ხელფასი 5500 ლარი აქვს, სოციალურად დაუცველ ადამიანებს ეუბნება, რომ 70-80 თეთრით უნდა დაკმაყოფილდნენ” – წერს ნიკოლაშვილი.
ცნობისთვის, დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატებმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს სათამაშო ტანკები და თვითმფრინავები დაურიგეს, ხოლო საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის გაზრდის საკითხის განხილვას დეპუტატებს შორის ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.