“გურიის რესპუბლიკის” კიდევ ერთი სახე – ექიმი გიორგი სევერიანეს-ძე ჭოღოშვილი

გიორგი ჭოღოშვილის რევოლუციური მეტსახელი იყო „მესხი“, მისი ოჯახი მესხეთიდან იყო წარმოშობით, შემდეგში ოჯახი ქუთაისში გადასულა, ქუთაისიდან კიევში წასულა სადაც სამედიცინო განათლება მიუღია, რის შემდეგაც ზურგეთში ექიმად დაუწყია მუშაობა.
.
ჭოღოშვილი აქტიურად მონაწილებდა გურიის 1905-1906 წლების აჯანყებაში. “გურიის რესპუბლიკის” საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ იგი გახლდათ გურიის რევოლუციის ფანატიკოსი მხარდამჭერი და ერთერთი იდეოლოგი. ამასთანავე გურიაში ჭოღოშვილი ითვლებოდა ერთერთ უგანათლებულეს პიროვნებად და ინტელიგენტად.
.
ჭოღოშვილი იყო 1905 წელს არჩეული ე.წ. “გურიის პარლამენტის” ხმოსანი და იმავდროეულად ასრულებდა რამდენიმე ფუნქციას, კერძოდ იყო რევოლუციური სწავლების ბიუროს წევრი და გურიის რესპუბლიკის სანიტარული რაზმის ექიმი.
.
გურიის რესპუბლიკის მასალების მიხედვით ჭოღოშვილი ასრულებდა გურიის კომიტეტის განსაკუთრებულ დავალებებს, რასაც ადასტურებს ის, რომ გურიის კომიტეტის განსაკუთრებული დავალებით ჩასული იყო ოდესაში. მისი ჩასვლის მიზანი გახლდათ იარაღის შეძენა გურიის რესპუბლიკისათვის. მასვე ებარა მოსახლეობიდან იარაღის შეძენის მიზნით აკრებილი გადასახადი ე.წ. „თოფის ფული“.
.
სანიტარული რაზმი, რომლის ხელმძღვანელიც იგი გახლდათ საკმაოდ მრავალრიცხოვანი იყო, რაზმმა რესპუბლიკის პერიოდში განახორციელა რამდენიმე საველე გასვლა კერძოდ, ჭოღოშვილის მიერ ორგანიზებული იქნა საველე ჰოსპიტალი სოფელ შემოქმედში, სადაც ნასაკირალის ბრძოლაში დაჭრილ მეომრებს მკუნალობდნენ.
.
ჭოღოშვილი გურიაში ისე უყვარდათ, ბავშვებს მის სახელს არქმევდნენ, მაგრამ როგორც ირკვევა ჭოღოშვილმა გურიაში რესპუბლიკის დამარცხების შემდეგ, როგორც ექიმმა დაჭრილი კაზაკების მკურნალობაზე უარი ვერ თქვა, რაც გურულებმა არ აპატიეს. გურულების განაწყენებას ისიც დაემატა, რომ რუსებმაც, როგორც რევოლუციის ერთერთ იდეოლოგს დევნა დაუწყეს და იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში საფრანგეთში წასულიყო.
.
საფრანგეთში ჭოღოშვილი ცხოვრობდა ქალაქ ნიცაში, მან როგორც ექმიმმა მონაწილება მიიღო პირველ მსოფლიო ომში, რა დროსაც მიღებული აქვს ექვსი სხვადასხვა სახის ორდენი. მისი ცხოვრებისეული ისტორიებიდან კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ირკვევა – მეორე მსოფლიო ომის დროს მან თავის ოჯახში დამალა ებრაელი რაბინი. ომის დასრულების შემდეგ რაბინი ნიუ-იორკში წავიდა და რაბინის დახმარებისათვის ნიუ-იორკის ებრაულმა საზოგადოებას მისთვის სამუდამო პენსიაც დაუნიშნავს.
.
მოზადებულია
– გ. ა. ზატერიანნის „გურიის რესპუბლიკა“ (1911 წელი).
– old.tbiliselebi.ge
– ფოტო dspace.nplg.gov.ge
შეიძლება იყოს შავ-თეთრი გამოსახულება 1 ადამიანი და შენობაში
მოამზადა კახა ჩავლეშვილმა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share