დე-ლეგიტიმირებული ქართული პოლიტიკა – გიორგი თარგამაძის ედიტორიალი

სანამ ივანიშვილი კრედიტსუისთან დაუბადებელი შთამომავლობის კეთილდღეობის გარანტიებზე დავობს – საქართველოს ხელისუფლებას შიდა და გარე ლეგიტიმაციის ფუნდამენტური პრობლემა დაუდგა. გაერო, ნატო, ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი და ევროკავშირის 27 სახელმწიფო, ერთად და ცალ-ცალკე, ივანიშვილის ხელისუფლებასთან ურთიერთობის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში “დიპლომატიური დემარში” ოფიციალურ დონეზე პირველად შედგა.

შიდა ლეგიტიმაციას რაც შეეხება, მისი დეფიციტი ოცნებას 2020 წლის არჩევნების საეჭვო შედეგის გამო ისედაც ჰქონდა. დამდგარ შედეგს მაშინ კონგრესში “ლეგიტიმაციის ზღვარზე მყოფი უწოდეს”. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ კამპანია ივანიშვილზე აიგო, შემდეგ კი ეს კაცი უბრალოდ გაქრა – ფაქტი ლეგიტიმაციის დეფიციტს კიდევ უფრო აღრმავებს. თუმცა, დავუშვათ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ოცნების მხარდამჭერების არაპრორუსულმა უმრავლესობამ მაინც ბიძინას მისცა ხმა, იმ იმედით, რომ მილიარდერის ჩრდილოვანი მმართველობის პირობებშიც კი ქვეყნის სტრატეგიული ხაზი ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ არ შეიცვლებოდა და ამ გზაზე თუნდაც ნელა, თუნდაც, როგორც ოცნების დეპუტატმა თქვა – ბორძიკით, მაგრამ მაინც წინ ვივლიდით.

ამ მხარდამჭერების მცირე ნაწილმა, განსაკუთრებით საჯარო სამსახურებში დასაქმებულებმა, ისეთებმაც, რომლებიც სააკაშვილისადმი ნეგატიურად იყვნენ განწყობილი, ადამიანის უფლებების, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის აირჩია ოცნება. ხოლო კიდევ უფრო დიდმა ნაწილმა, ივანიშვილს ქვეყნის მართვის მანდატი უბრალოდ იმიტომ გაუგრძელა, რომ ევროკავშირისგან მეტი სარგებელი მიეღო: იქნებოდა ეს ევროზონაში თავისუფალი გადაადგილება, ევროკავშირში დასაქმების, მკურნალობის, განათლების, თუ ბიზნესინტერესების რეალიზების პერსპექტივა. მთავარი კი მაინც ისაა, რომ ოცნების მხარდამჭერთა ძირითადი ნაწილი, როგორც ჩანს, ის ხალხი იყო, რომლებიც მილიარდერს ჩრდილოეთსა და დასავლეთს შორის ერთგვარი ბალანსირების თამაშში მიჰყვებოდნენ, თუმცა თეორიულადაც არ უშვებდნენ შესაძლებლობას, რომ საქართველო დასავლეთიდან თავს სრულად გაირიყავდა და ღუზას რუსულ ჭაობში ჩაუშვებდა. აგენტების რუსული კანონითა თუ ჰააგის მიერ გამართლებული საქართველოს მიმართ, ომის დანაშაულის რუსული ფაბულით გამოძიების განაცხადი თავად ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობისთვისაც ნამეტანია, ინგლისურად რომ ვთქვათ, Too much! მათი ნაწილისთვის კიდევ უფრო გასაგებ ენაზე – Это уж слишком!

ამდენად, ივანიშვილის ხელისუფლებას დღეს ლეგიტიმაციის ორმხრივი კრიზისი აქვს. საგარეო, რაც უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორების განცხადებებში ცალსახად ჩანს. და საშინაო, როდესაც ქვეყნის შიგნით მისი მხარდამჭერების უმრავლესობის მოლოდინებიც კი სრულ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან – რა წერტილამდეც ივანიშვილმა ქვეყანა მიიყვანა: დასავლეთთან მტრობით და დისტანცირებით და საქართველოში მართვის რუსული მოდელის დამყარების ველური ჟინით.

რეალობას თუ თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ ივანიშვილის მარიონეტების ანტიკონსტიტუციური ქმედებების, საერთაშორისო ვალდებულებების უგულებელყოფის, თუ თავისსავე ამომრჩეველთან გაფორმებული სოციალური კონტრაქტის დარღვევის შედეგად გამოწვეული ორმხრივი დელეგიტიმაციის გამო, დღეს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების ყველა წინაპირობა არსებობს. თუმცა ამ მოცემულობის პოლიტიკურ შედეგში გადათარგმნისთვის მხოლოდ საზოგადოებრივი განწყობები არ კმარა. საჭიროა პოლიტიკური მდგენელის, ანუ პოლიტიკური ოპოზიციის ფორმაში ყოფნა და მზაობა. აი, აქ კი გვაქვს დიდი კითხვის ნიშანი და ასევე, ერთგვარი ლეგიტიმაციის პრობლემაც. ბევრი არათანმიმდევრული ნაბიჯის, პარლამენტში შესვლა-გამოსვლების, არაერთი იმედგაცრუებისა თუ სხვა მიზეზთა გამო, სახეზეა მოცემულობა, როდესაც ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის ნდობის კოეფიციენტი დაბალია და თავად ეს მანდატიც განახლებას საჭიროებს.

უკრაინის ომის პარალელურად, საქართველოს ხელისუფლების როგორც გარე, ისე შიდა დელეგიტიმაციის პროცესი უკვე კარგა ხსნის დაწყებულია და ფინალური ეტაპისკენ მიდის. ახალა უკვე მთავარი ამოცანაა, ოპოზიციურ ფლანგზე მოქმედმა პოლიტიკურმა ძალებმა, თუ შემომსვლელმა აქტორებმა სწრაფად შეავსონ ის ვაკუუმი, რომელიც პოლიტიკურ ველზე, ერთი მხრივ, ხელისუფლების მიუღებლობის და აუტანლობის, მეორე მხრივ კი, ოპოზიციური ძალების დაქსაქსულობისა და არაეფექტური ნაბიჯების შედეგად გაჩნდა. თუ რა ფორმებს მიიღებს ეს მოძრაობა, იქნება ის ერთი დიდი, თუ რამდენიმე სუბიექტიანი შედარებით მცირე გაერთიანების ერთობა, ეს უკვე პოლიტიკოსების გადასაწყვეტია, თუმცა მთავარი მაინც ის არის, რომ მან საზოგადოების უმრავლესობაში გაჩენილ გარდაუვალი ცვლილებების მოლოდინს და რუსეთში ჩაბეტონების საფრთხეს დროულად და ეფექტურად უპასუხოს.

პარადოქსულ ვითარებაში ვართ: ადრე ქვეყნის შიგნით მომწიფებულ მწვავე პროტესტს დასავლეთის თავშეკავებული პოზიცია ამუხრუჭებდა, დღეს ევროკავშირი, შტატები, ბრიტანეთი, ნატო და თვით გაეროც კი განაწყენებას კი არა, გაცხარებას არ მალავს. ამ დროს შიგნით მობილიზება, ორგანიზება და ეფექტური პროტესტი გახდა პრობლემა. ყოველმხრივ დე-ლეგიტიმირებული ხელისუფლება აღარაფერზე დგას. სასწორზე დევს ქართული სახელმწიფოს ბედი: დამოუკიდებელი, თავისუფალი ქვეყანა და საზოგადოება, თუ რუსეთის ვასალი, რომელსაც სულ უფრო მძიმე და სამარცხვინო ხარკის გაღება მოუწევს.

ფორმულა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share