გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ხალხის ძალა აღმართსაც ხნავს და “ხალხის ძალასაც”!

როდესაც სომხებს ყოფნით ღირსებაც და გამბედაობაც, საკუთარი თანამემამულე მარგარიტა სიმონიანი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადონ, საქართველოს პრემიერი საკუთარ გენიტალიებზე სოლოვიოვის კომპლიმენტებს იფერებს, ხოლო საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ლავროვისა თუ ზახაროვას აშკარად მტრულ განცხადებებზე, შეშინებული კურდღელივით დუმს, კვლავ ისმის კითხვა: რა ჯანდაბა გვჭირს?

პასუხი მარტივია: ეს არის რუსი ოლიგარქის ღირსებისგან დაცლილი რუსული მთავრობა, რომელიც მხოლოდ რუსულ ინტერესებს ემსახურება. სათქმელი პირდაპირ გვითხრეს ევროპარლამენტიდანაც: საქართველოს პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, მისი ხელისუფლება კი “ერთადერთი რადიკალური ძალა და სიცრუის მანქანაა საქართველოში.” ისიც პირდაპირ ითქვა, რომ ევროკავშირი ამ ბრძოლაში ქართველი ხალხის გვერდით დგას, თუმცა 12 პუნქტის შესრულება კვლავაც ხელისუფლების მოვალეობაა, რის გარეშეც კანდიდატის სტატუსი არ იქნება.

პირადად მე, ისევე როგორც ბევრი ამ ქვეყანაში, სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ეს მთავრობა საკუთარი ნებით რამეს გააკეთებს. თუმცა ისიც ვნახეთ, რომ შეშინებულმა ოცნებამ საკუთარი ნების წინააღმდეგ, მის მიერვე კენჭნაყარი რუსული კანონიც ჩააგდო და დაკავებული მომიტინგეებიც გამოუშვა. ანუ, ხალხის ძალა აღმართსაც ხნავს და “ხალხის ძალასაც”. ეს კი ჩვენი ისტორიული აღმართია, რომლის ბოლოსაც ასე ნანატრი თავისუფლება, უსაფრთხოება და კეთილდღეობაა. თუმცა საქართველოში ყოველთვის იყვნენ და მომავალშიც იქნებიან ისეთები, რომლებიც “აღმა ხნულის დაღმა ფარცხვას” შეეცდებიან. ამის უსუსური მცდელობა იყო გუშინ, პარლამენტის წინ, ევროკავშირის დროშის ჩამოხევა და დაწვა, თუმცა ეჭვი აღარავის ეპარება, რომ გაერთიანებული ქართველი ხალხის ძალა ნებისმიერს გადახნავს, ვინც ამ ისტორიულ აღმართზე გარე მტრის მიერ პროვოცირებულ ხელოვნურ წინააღმდეგობას შექმნის.

დღეს უკვე არსებობს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის ტანდემი რუსულ მთავრობას განასახიერებს, მათი პოლიტიკა კი ანტი-ევროპული და ავტომატურად ანტი-ქართულია. ასეთი კონსენსუსი მომწიფდა ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც. ახლა ზუსტად ასეთივე სრული კონსენსუსი გვჭირდება იმისთვის, რომ ტაქტიკური წარმატება, რაც რუსული კანონის ჩაგდებაში გამოიხატა, უკვე სტრატეგიულ გამარჯვებად, ანუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებად და საქართველოში რუსული ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გასტუმრებად ვაქციოთ.

ამისთვის რეალურად ორი გზა არსებობს, რომლებიც ერთმანეთს არ გამორიცხავს: პირველ რიგში, საჭიროა შეიქმნას ერთიანი საკოორდინაციო საბჭო პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სტუდენტების მონაწილეობით, რომელიც პირდაპირ და ეფექტურ მონიტორინგს გაუწევს ევროკავშირის 12 მოთხოვნიდან ძირითადი, ანუ კრიტიკული პუნქტების შესრულებას. რომელიც ოცნების ხელისუფლებას კალენდარს, ტემპსა და ინტენსივობას თავად დაუდგენს. თითოეული პუნქტის შესრულებას დააკვირდება და მის რეალიზებას მასობრივი და მწვავე პროტესტით წაახალისებს.

თუ ხელისუფლება უარით, ან საბოტაჟით წინააღმდეგობას გაწევს რომელიმე პუნქტთან მიმართებაში, ეს შეფასდება კონსტიტუციის 78-ე მუხლის უხეშ დარღვევად, ივანიშვილის მთავრობის მხრიდან კონსტიტუციის მიღმა გასვლად და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ მოქმედებად, ისევე, როგორც რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღების შემთხვევაში მოხდა. ოცნების ხელისუფლების საერთაშორისო და შიდა დელეგიტიმაციის ფონზე დაიწყება სრული ეროვნული დაუმორჩილებლობა, რომელიც მასობრივ და მწვავე პროტესტთან ერთად, პროდასავლური ოპოზიციის მხრიდან ყველა დონის არჩევითი ორგანოების სრულად დატოვებას, სახელისუფლებო ვერტიკალის, მათ შორის რეპრესიული რგოლების, ძალოვანი სტრუქტურებისა და განათლებისა თუ კულტურის სამინისტროების სრულ დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ან ოცნების ხელისუფლება არ დაუბრუნდება კონსტიტუციურ ჩარჩოებს 12 პუნქტის შესრულებით, რომელიც წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსამდე მიგვიყვანს, ან ბუნებრივად მივალთ რიგგარეშე არჩევნებამდე, რომელსაც, რა სისტემითაც არ უნდა ჩატარდეს, საერთაშორისო აქტორებისა და სამოქალაქო საზოგადოების უპრეცედენტოდ აქტიური კონტროლის ფონზე, შიდა და გარე ლეგიტიმაცია შერყეული, შეშინებული და მართვის ბერკეტებ წართმეული რუსული ოცნება პირწმინდად წააგებს.

მათ შორის იმიტომაც, რომ თავისუფლების ნების წინააღმდეგ წასვლისა და კონსტიტუციის უარყოფის შემთხვევაში, ქართველი ერის ჭეშმარიტი ძალა “აღმართს”, ფსევდო “ხალხის ძალას” და რუსულ ოცნებად ტრანსფორმირებულ ქართულ ოცნებასაც ერთად მოხნავს!

ფორმულა
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share