თვეში 26 000 ლარი ხელფასი, ავიაბილეთები პარიზი-თბილისი-პარიზი, ყავა და კოქტეილი 30 კაცზე საფრანგეთის დედაქალაქში – რაში ხარჯავს დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ფულს, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი საქველმოქმედო ფინდი იღებს.
“ქართული ოცნების” დეპუტატის საქველმოქმედო ფონდის საქმიანობა 2014-დან 2019 წლამდე საქართველოს ხელისუფლებამ მინიმუმ ნახევარი მილიონი ლარით დააფინანსა. ყოველ წელს ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი “ლირა” საქართველოს ბიუჯეტიდან მინიმუმ 80 ათას ლარს იღებს.
დგინდება, რომ 2019 წლის 30 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრსა და ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდს შორის 80 000 ლარიანი კონტრაქტი გაფორმდა. ბიუჯეტიდან მიღებული ამ ფულით 1-დან 10 სექტემბრის ჩათვლით, ელისო ბოლქვაძეს ბათუმში მუსიკალური საღამოები და ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მასტერკლასები უნდა მოეწყო, თუმცა დოკუმენტებით დგინდება, რომ საბიუჯეტო დაფინანსებიდან ნახევარზე მეტი, 40 ათასი ლარი ელისო ბოლქვაძე და მისივე ფესტივალის ტექნიკურმა დირექტორმა მირანდა ჩარკვიანმა საკუთარ თავს ხელფასის სახით გამოუწერეს.
- ელისო ბოლქვაძე ერთი თვის ხელფასი – 26 000 ლარი.
- ფესტივალის ტექნიკურ დირექტორს მირანდა ჩარკვიანი ერთი თვის ხელფასი 15 370 ლარი.
- საქველმოქმედო კონცერტზე მოწვეულ მასტერკლასების წამყვანს სამ დღეში 10 240 ლარი გადაუხადეს.
- 10 900 ლარი აიღო ჰონორარი უცხოელმა არტისტმა და მისმა პროდიუსერმა. 3500 ლარი იყო ფინანსური ასისტენტის ერთი თვის ხელფასი.
2014 წელს ელისო ბოლქვაძემ, მისივე საქველმოქმედო ფონდიდან, როგორც ფესტივალის ორგანიზატორმა 7500 ლარი ჩაირიცხა, 2018 წელს ჯამური ხელფასი 15 ათასი ლარამდე გაიზარდა, 2019 წელს კი 26 ათასი ლარი. ხელფასს ბოლქვაძე სახელმწიფოს მიერ მისი საქველმოქმედო ფონდისთვის გადარიცხული თანხებიდან იღებს. 2019 წელს მხოლოდ ერთ თვეში ბოლქვაძემ ფესტივალის ტექნიკურ დირექტორს, მირანდა ჩარკვიანს 15 ათას ლარზე მეტი გადაუხადა.
რაში ხარჯავს “ოცნების” დეპუტატი ფულს, რომელსაც ბიუჯეტიდან მისი საქველმოქმედო ფინდი იღებს?
2017 წლის 3 თებერვალს ბათუმის მუსიკალურმა ცენტრმა ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ ლირას 80 000 ლარიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ხელშეკრულების თანახმად, ამ ფულით ბოლქვაძეს ბათუმში 2-დან 8 სექტებამდე კლასიკური მუსიკის კონცერტები უნდა ჩაეტარებინა. მიღება-ჩაბარების აქტით დგინდება, რომ ელისო ბოლქვაძეს ფული ნამდვილად ბათუმში გამართული ღონისძიებისთვის მისცეს. თუმცა დოკუმენტების მიხედვით, თანხის ნაწილი ელისო ბოლქვაძემ პარიზში დახარჯა, რა მიზნით საბუთებში არაფერი წერია.
ტვ პირველი