მამა ემუქრებოდა, არსად თქვა, თორემ მოგკლავო – მოზარდზე სექსუალური ძალადობის საქმე

სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 47 წლის მამას და 28 წლის მეზობელს ბრალს სავარაუდოდ 10 მაისს წარუდგენენ. საქმის განხილვას ზუგდიდის რაიონული სასამართლო დაიწყებს.

გამოძიების ვერსიით, მამა არასრულწლოვან შვილთან მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა სქესობრივ კავშირს, თან აშინებდა, თუ ვინმეს იტყოდა, მოკლავდა. ბავშვი მამის ძალადობას წლების განმავლობაში მალავდა. შსს-ს ცნობითვე, არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივ კავშირს სისტემატურად ამყარებდა 28 წლის მეზობელი.

ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით – წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურება.

როგორ გაიგო პოლიციამ ძალადობის ფაქტის შესახებ

ძალადობის შესახებ პოლიციას სოფლის რწმუნებულმა აცნობა. როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა, თავად მას მომხდარის შესახებ ბავშვის ბაბუამ (დედის მამა) უამბო:

“ბაბუა დამიკავშირდა, მთხოვა, სახლში ჩავსულიყავი მეზობელ სოფელში. მერე მითხრა, რომ ჩემი შვილიშვილი მამამისმა გააუპატიურაო – სახლში მყავს შვილიშვილიც და დედაცო…

ამ ბავშვს უმცროსი და და ძმა ჰყავს. ბიჭი 3 წლის არის, უმცროსი და სკოლაში დადის. მსხვერპლი 14 წლის არ არის. როცა გავიგე, ვაცნობე პოლიციას, ეგრევე მოვიდნენ… [ადრე] ჩხუბი ჰქონია ცოლთან, გაყრილებიც იყვნენ”, – უთხრა სოფლის რწმუნებულმა რადიო თავისუფლებას.

ძალადობის შესახებ გაჩენილი ეჭვები რწმუნებულს თავად 13 წლის გოგომაც დაუდასტურა. მან ბავშვის მონაყოლზე დაყრდნობით, თქვა, რომ მასზე წლებია მამა ძალადობდა.

“[ოჯახში] ვიკითხე, თუ ხუთი წელი ეს ხდებოდა, ეჭვის დონეზე რაღაცა ისეთი ქმედება მაინც როგორ ვერ ნახეს?! დედამ მითხრა, მამასა და შვილს შორის რა ეჭვი უნდა შემეტანაო?! სამი დღეა, რაც ეს გავიგეო, უცნაურად იქცეოდა ბავშვიო, წერილს წერდა და წავართვიო – თვითმკვლელობაზე წერდა. გამოტყდა მიზეზზე და თქვა, ასეთი რამ [მოხდაო]”, – ჰყვება სოფლის რწმუნებული.

რას ჰყვება მოზარდის ბებია

ბავშვის ბებიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ გოგო იმდენად მძიმე ემოციურ განცდებშია, რომ თვითმკვლელობაზე ფიქრობდა. ოჯახში ამბობენ, რომ ბავშვი სკოლაში სიარულს სტაბილურად ახერხებდა და მის ქცევებში არც ოჯახში და არც სკოლაში რაიმე განსაკუთრებული არ შეუნიშნავთ:

„ბავშვი ასე ლაპარაკობს, რომ მასზე მამა ძალადობდა. მარტო რომ დავრჩებოდით მაშინო. ტრაქტორზე მუშაობდა ეს კაცი და ბავშვი ამბობს, ზოგჯერ ტრაქტორითაც წამიყვანდა სხვაგან და იქაცო… მემუქრებოდაო, არსად თქვაო, თორემ შენც მოგკლავ და ყველას ვინც გიყვარსო. თვითმკვლელობა უნდოდა. ბავშვმა სხვა გამოსავალი ვერ იპოვა. გამოსამშვიდობებელი წერილი ჰქონდა დაწერილი“, – ჰყვება ბავშვის ბებია.

ქალი ასევე იხსენებს, რომ მისი სიძე ადრეც იყო მხილებული ოჯახში ძალადობის ფაქტებზე. ამბობს, რომ არაერთხელ უძალადია ფიზიკურად კაცს მის ქალიშვილზე, თუმცა ამის გამო ნასამართლევი არ ყოფილა და ეს ამბავიც არ გახმაურებულა.

დაკავებული მეზობელი ძალადობის ფაქტს უარყოფს

არასრულწლოვან გოგოსთან სქესობრივ კავშირს უარყოფს 28 წლის მეზობელი. დაკავებულის ადვოკატის გივი ძაძამიას სიტყვებით, მის დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას მოწმის სახით გამოკითხვის დროს, „შიშის გამო მისცა არასწორი“, აღიარებითი ჩვენება.

„ეს ადამიანი არის უდანაშაულო და კავშირი არ აქვს ამ დანაშაულთან. ამ კაცმა თვითონ ამხილა ეს მამა. ბავშვის დედას მან უთხრა ეს ყველაფერი. ამბობს რომ ამ საქმესთან არავითარი შეხება არ ჰქონია. უბრალოდ თვითონ მისცა გამოძიებას თავიდან არასწორი ჩვენება რაღაც შიშის გამო“, – თქვა ადვოკატმა.

როგორც ბებია ამბობს, მეზობლის მხრიდან სექსუალურ ძალადობას უარყოფს არასრულწლოვანიც, მოზარდმა ოჯახთან და პოლიციაში მხოლოდ მამის დანაშაულზე ისაუბრა.

28 წლის კაცი, რომელიც პოლიციამ 8 მაისს დააკავა სოფელში მოხუც ბებია-ბაბუასთან ცხოვრობდა. დედა ემიგრაციაშია სამუშაოდ წასული, მამა კი სხვა სოფელში ცხოვრობს.

როგორც დაკავებულის ბებია ამბობს, არასრულწლოვანის ოჯახთან მათ ახლო ურთიერთობა აქვთ. ის შვილიშვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია:

„არსად მუშაობს. სახლში იყო და ჩვენ გვივლიდა, ორ მოხუცებულს… სოფელში გამორჩეულად ჰყავდათ. ის ამას არ ჩაიდენდა“, – ამბობს დაკავებულის ბებია.

არასრულწლოვანის მამის უფლებებს სასამართლოში სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ბავშვის ბებიის ინფორმაციით, მის 13 წლის შვილიშვილს 10 მაისს, თბილისში ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა. მოზარდს ეხმარებიან ფსიქოლოგებიც.

რადიო ტავისუფლება

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share