ტვ “იმედი” ზელენსკიზე FRANCE24-ის ციტატას მანიპულაციურად ავრცელებს

30 მაისს ტელეკომპანია “იმედის” ფეისბუქ-გვერდზე გამოქვეყნდა პოსტი, რომლის აღწერაშიც ფრანგული გამოცემის France24-ის 2022 წლის 8 მარტის შემდეგი ციტატაა მოყვანილი: “პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ეს დელიკატური საკითხია, რომელიც პროდასავლურ მეზობელთან რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო”. იგივე ტექსტი დატანილია ვოლოდიმირ ზელენსკის ფოტოზეც.

“იმედის” პოსტი სახელისუფლებო ექსპერტმა, ირაკლი ლატარაიამაც გამოაქვეყნა.

იგივე შინაარსის პოსტი გია გაჩეჩილაძის კამპანიის “არ აგარევინებთ” ფეისბუქ-გვერდმა 31 მაისს გამოაქვეყნა. პოსტის აღწერაში ნათქვამია, რომ ნატო-ს გაფართოებასთან დაკავშირებით ღარიბაშვილს ახალი არაფერი უთქვამს და იმავეს ზელენსკი 2022 წელს ამბობდა.

გავრცელებული ციტატა მანიპულაციურია. ზელენსკიმ 2022 წლის მარტში განაცხადა, რომ ნატო-ში გაწევრიანებას დაჟინებით აღარ ითხოვს, თუმცა მას რუსეთის აგრესიის ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სურვილი არ დაუსახელებია.  გარდა ამისა, აღნიშნული შეფასება, რომელიც France24-ს ეკუთვნის, არაზუსტი თარგმანით ვრცელდება. გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს რუსეთის მიერ დასახელებული მიზეზი იყო. 

2022 წლის 8 მარტს ფრანგულმა გამოცემამ ნამდვილად გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ უკრაინა ნატო-ში გაწევრიანებას დაჟინებით აღარ ითხოვს. ინფორმაცია ABC News-თან უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს ეყრდნობოდა.

თუმცა, ამ ინტერვიუში ზელენსკის არ უთქვამს, რომ რუსეთის აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების სურვილი გახდა. “იმედის” მიერ გავრცელებული ციტატის მეორე ნაწილი – “ეს დელიკატური საკითხია, რომელიც პროდასავლურ მეზობელთან რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო” France 24-ის შეფასებაა, თუმცა “იმედის” მიერ გავრცელებული ქართული თარგმანი არაზუსტია და ციტატას შინაარსს უცვლის.

თარგმანში არ ჩანს, რომ უკრაინაში შეჭრის მიზეზად ნატო-ს გაფართოებას France24 არ ასახელებს. რეალურად გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს უკრაინაში შეჭრის რუსეთის მიერ დასახელებული მიზეზია.

ციტატა ინგლისურად “იმედის” თარგმანი ზუსტი თარგმანი
President Volodymyr Zelensky said he is no longer pressing for NATO membership for Ukraine, a delicate issue that was one of Russia’s stated reasons for invading its pro-Western neighbor პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ის აღარ ითხოვს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, ეს დელიკატური საკითხია, რომელიც პროდასავლურ მეზობელთან რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ნატო-ში უკრაინის წევრობას დაჟინებით აღარ ითხოვს, ეს დელიკატური საკითხი ერთ-ერთი იყო პროდასავლურ მეზობელ [ქვეყანაში] შეჭრის რუსეთის მიერ დასახელებულ მიზეზთა შორის.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მიზეზად ნატო-ში გაწევრიანების სურვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართული დისკუსიის დროს დაასახელა.

ინტერვიუ, რომელიც France24-მა გააშუქა, ზელენსკიმ АBC News მაშინ მისცა, როცა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ჯერ ორი კვირაც კი არ იყო გასული. ამ დროს ჯერ  კიევის რეგიონისთვის მიმდინარეობდა ბრძოლა. ომის საწყის ეტაპზე, ზელენსკიმ პუტინთან მოლაპარაკების სურვილიც გამოთქვა და ეს ამ ინტერვიუშიც არის აღნიშნული. ABC News-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ ნატო უკრაინის მიღებისთვის მზად არ იყო და მას არ სურდა იმ ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილიყო, რომელიც მუხლებზე დამდგარი მოითხოვდა რამეს. იმავე ინტერვიუში ზელენსკიმ პუტინთან ლუჰანსკის და დონეცკის რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მზაობაზეც ისაუბრა. თუმცა ომის მსვლელობის პროცესში შეიცვალა როგორც პუტინთან მოლაპარაკებების სურვილი, ასევე ნატო-ში გაწევრიანებასთან დამოკიდებულებაც.

2022 სექტემბერში, მას შემდეგ, რაც უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთებაზე უკანონო რეფერენდუმი ჩატარდა, ზელენსკიმ განაცხადა, რომ  სანამ პუტინი პრეზიდენტი იქნება, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები არ გაიმართება. იგივე დამოკიდებულება უკრაინულმა მხარემ კიდევ რამდენჯერმე დააფიქსირა. 2022 წლის 30 სექტემბერს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის უკანონო ანექსიის შემდეგ ფაქტობრივად რამდენიმე საათში კი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი შეჰქონდა. თავის მიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა დე ფაქტო უკვე ნატოს ნაწილი იყო და დე ფაქტო დაამტკიცა, რომ ალიანსის სტანდარტებს შეესაბამება. ნატოში გაწევრიანება კვლავ უკრაინის ერთ-ერთი სამომავლო მიზანია. 2023 წლის 4 მაისს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა საკითხს რეალისტურად უდგება და არ აქვს მოლოდინი, რომ ომის მიმდინარეობის დროს უკრაიანა ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებდა, თუმცა საჭიროა გარანტია, რომ რუსეთის დამარცხების შემდეგ და ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ალიანსის წევრი გახდება.

წყაროს შესახებ:

გვერდი “არ აგარევინებთ” გია გაჩეჩილაძის (უცნობის) იმავე სახელწოდების მოძრაობასთან დაკავშირებული ოპოზიციის მადისკრედიტირებელი და ხელისუფლების მხარდამჭერი გვერდია. გაჩეჩილაძემ საზოგადოებრივი ინიციატივის “არ აგარევინებთ!” დაარსება 2022 წლის აპრილში დაანონსა. 2022 წლის 5 მაისს ფეისბუქ-გვერდი “არ აგარევინებთ” შეიქმნა. გვერდი 2023 წლის 8 თებერვლამდე აქტიური იყო. 8 თებერვალს გვერდმა გამოაქვეყნა პოსტი, რომლის თანახმად მის პოსტებს ფეისბუქზე გავრცელება შეეზღუდა. პოსტში გამომწერებისთვის ახალი გვერდის ბმულია მითითებული.

ორივე გვერდი, მოძრაობასთან დაკავშირებულ კიდევ ერთ გვერდთან (არ აგარევინებთ • ar agarevinebt) ერთად სხვადასხვა დისკრედიტაციის კამპანიაში არაერთხელ იყო ჩართული. გარდა ამისა, ავრცლებდნენ მანიპულაციური შინაარსის პოსტებსაც. ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები:

არქივის ბმულები 123


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა. მასალებზე, რომლებსაც ამ სტატიის საფუძველზე მიენიჭათ ვერდიქტი, Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს.  შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

მითების დეტექტორი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share