დღეს, ოზურგეთის მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემების კვლევას თუ ჩავატარებთ, პირველ ადგილზე თუ არა, პირველ სამეულში მაინც, მაწანწალა ძაღლების საკითხი აუცილებლად მოხვდება.
დღე არ გავა, გურიის ადმინისტრაციულ ცენტრში მოქალაქე მაწანწალა ძაღლმა არ დაკბინოს.
ოზურგეთის მერიაში კი აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში აცრები მთლიანად მუნიციპალური ბიუჯეტიდან იფარება, მაგრამ, ეს რომ დგილობრივებისათვის, ანაც დაკბენილი ადამიანისათვის დიდი ვერაფერი შეღავათია, ადვილი მისახვედრია.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალური საკრებულოს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარემ, ქეთი ხომერიკმა, ამ არჩევითი ორგანოს, ერთ ერთ ბოლო სხდომაზე განაცხადა, გასულ, 2022 წელს, ოზურგეთში 1750 ასეთი შემთხვევა – მაწანწალა ძაღლების მიერ ადამიანების დაკბენა – დაფიქსირდა.
გამოსვლის დასრულების შემდეგ “გურიის მოამბე” ამ თემაზე ქალბატონ ხომერიკს ჩაეძია, გვინდოდა რა მეტი კონკრეტიკა ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ქალბატონმა ქეთიმ სტატისტიკის იქეთ წასვლა არ ისურვა.
რედაქცია დაინტერესდა იყო თუ არა აქტუალური ეს თემა ადგილობრივი არჩევნების დროს და რას პირდებოდა მოქმედი მერი, ავთანდილ თალაკვაძე, მერობის კანდიდატის რანგში მოსახლეობის-მისი არჩევის შემთხვევაში.
თავისთავად იგულისხმება მაწანწალა ძაღლების პრობლემის მოგვარება.
გასაკვირია და ბატონ თალაკვაძე ამ პრობლემის მხისიერ მოგვარებას გვპირდებოდა და მეტიც, მასსა და მის გუნდს ხუთპუნქტიანი გეგმაც კი ჰქონიათ ჩამოყალიბებული.
თალაკვაძე და “ქართული ოცნება ოზურგეთის მოსახლეობას რჩევის შემთხვევაში პირდებოდნენ:
1 – უსახლკარო ძაღლებისათვის მოეწყობა თანამედროვე ვეტსერვისი და შელტერი
2 -ამოქმედდება ცხელი ხაზი
3 – დაწესდება რეგულაციები ძაღლების მიტოვების საკითხის დასარეგულირებლად
4 – წახალისდება მიტოვებული ძაღლების მოვლა პატრონობა
5 – დაინერგება თანამედროვე დონაციისა და საკვების შეგროვების სისტემა
ალბათ არ ჭირდება იმას დიდი მტკიცება, რომ ყველა ეს დაპირება მერის რანგში მყოფ თალაკვაძეს არც გახსენებია, რადგან არცერთი ამ პუნქტიდან შესრულებული არ არის, თუნდაც ისეთი უმნიშვნელო-როგორიც – ცხელი ხაზია.