საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომელი, პროფესორი, სოფია სიამანიდუ, წერს:
“ხუთი წელი ვიმუშავე პრეზიდენტ მარგველაშვილთან. მისი არჩევიდან სულ ორიოდ თვეში ერთ-ერთი კანონის მიღების გადავადების გამო იგი წინააღმდეგობაში მოვიდა ივანიშვილთან (რომლის გარეშეც, ცხადია, პრეზიდენტი ვერ გახდებოდა). იმ დღიდან დაიწყო გაუთავებელი ბულინგი, შანტაჟი, შევიწროვება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ვიზიტებს უშლიდნენ და ბოლოს, ვადის გასვლის შემდეგ, საპრეზიდენტო პენსია და დაცვა მოუხსნეს. სპეციალურად მიაღებინა კანონი ივანიშვილმა ამის თაობაზე.
ამას იმიტომ ვწერ, რომ ივანიშვილს სჭირდება ერთმნიშვნელოვნად მონები. იგი ვერ იტანს მცირედ ურჩობასაც კი და მისი ბოღმა ხასიათიდან გამომდინარე ბოლომდე ცდილობს შენს განადგურებას. შეხედეთ დღევანდელ ქართულ ოცნებას. ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება, ვინც ივანიშვილის წინააღმდეგ რამეს თუნდაც გაიფიქრებს.
ღარიბაშვილი, რომელიც თავის დროზე მოისროლა, მადლობებს უხდიდა ბრძნული ნაბიჯისთვის – შედეგიც დადგა, ისევ დააბრუნა უკან. ჰოდა, კი, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ნამდვილად იქნებოდა წნეხი ევროპიდან, მაგრამ ეს შეთქმულების თეორიები, რომ ბიძინა ორმაგ თამაშს თამაშობს, პირველი – რომ ძალიან გადამეტებული წარმოდგენაა მის ინტელექტზე და მეორე – სალომეს უნდა იცნობდეთ კარგად.
ეს საოცრად ჯიუტი ქალია, თავისნათქვამა და კი, კომპრომისებზე მიდის, ომის დაწყებაც დაგვაბრალა (!), მაგრამ გვარამიას შემთხვევაში, ვფიქრობ, მისი პირადი გადაწყვეტილება იყო (ევროპელების დახმარებით გაკეთებული). არც ის მგონია, რომ 26 მაისს ნათქვამი სიტყვა ბიძინასთან შეეთანხმებინა. მოკლედ, ბევრი რომ არ ვწერო – ზოგჯერ ყველაფერი ისეა, როგორც ჩანს (ლევან ბერძენიშვილმა თქვა ეს ერთ გახმაურებულ ამბავზე) და აღარ უნდა ჭკუისკოლოფობა. ცოტა ფსიქოლოგია ვისაც ესმის და სხეულის ენაც, იმასაც შეამჩნევდა, რომ პრეზიდენტი ღელავდა, არ იყო ადვილი გადაწყვეტილება. შევეცადოთ, დავინახოთ სწორი ნაბიჯები, თუნდაც იმის მიერ გადადგული, ვინც არ მოგვწონს. ჰოდა, მადლობა, ქალბატონო პრეზიდენტო სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili” – წერს სიამანიდუ.