“არ ვიცი, მსახიობმა ქალმა რა უნდა გესაუბროთ, ყველამ ჩემზე უკეთ იცის ყველაფერი და კატეგორიულად არ მსურს, სადმე გამოვჩნდე, მეც ჩემი აზრები გამოვთქვა… საშინელება ხდება, მაგრამ რა გიშველოთ ნინელი ჭანკვეტაძემ? როგორც თქვენ ხართ დაზაფრული, ისე ვარ მეც! არ ვიცი, რა არის გამოსავალი, ერთადერთი, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვილოცოთ, ღმერთი თუ გვიშველის. მე სხვა ალტერნატივა არ მაქვს, სხვანაირად არ ვფიქრობ…”, – აღნიშნა “კვირის პალიტრასთან” საუბარში მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ, რომელიც მსოფლიოში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება:
”მთელ საქართველოში უამრავი უკრაინული დროშაა გამოფენილი, ჩვენი, ქართველი ბიჭები უკრაინაში არიან საომრად წასულები და სამწუხაროდ, მსხვერპლი იყო… მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარებაც გავწიეთ.
ძალიან მეშინია, ომი საქართველოშიც არ იყოს… ნამდვილად მეშინია, რადგან ჩვენ უკვე გამოვლილი გვაქვს ეგ საშინელება… ამ თემებზე არსად ვაკეთებ კომენტარს, რადგან ცოტა არ იყოს, მატრაკვეცობად მეჩვენება ახლა საუბარი. ვინმეს საქმის გაკეთება თუ შეუძლია, გააკეთოს! მე, როგორც მოგახსენეთ, ვლოცულობ, უფლის იმედით ვარ! ერთადერთი, რაც მაიმედებს ომზეც, შფოთზეც, გაჭირვებაზეც, ჩვენი შვილების მომავალზეც, ტკივილზეც და ასე შემდეგ, თუ ყველა გულით ვილოცებთ და ღმერთს ხმას მივაწვდენთ, რაღაც გვეშველება.
პარტიის წარმომადგენლებს თავიანთი ინტერესები აქვთ და ისეც იქცევიან… ხალხისგან გამკვირვებია, ამდენი სიმწარე ვნახეთ და გინდათ თუ არა, დღეს ჩვენც ომში ჩავებათო. არაფრით მესმის!
დღეს ქვეყანას ისეთი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც ამ ყველაფერს ამუხრუჭებს, თორემ ძველი ხელისუფლება რომ იყოს, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო… ამიტომ დავფიქრდეთ და ნუ დაგვავიწყდება ის, რაც უკვე იყო!
სხვისი სისხლით ნურავინ შეეცდება გმირობის მოპოვებას. რომელიმე თავის შვილს გაუშვებს? სხვისი საცოდავი პატარა ბიჭები მიდიან, რომლებიც გულანთებული არიან და ორიენტირიც დაკარგული აქვთ… მათ ასაკში რომ ვიყო და მიკიჟინებდნენ, კაცი ხარ, ომში წადიო, შეიძლება მეც ამეღო იარაღი და წავსულიყავი.
მე უფროს თაობას მივმართავ, ვინც ეს ყველაფერი გაიარა და იცის, რაც არის! ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო, ხვალ იგივე აქ არ იყოს, ან – უარესი… მე თუ მახსოვს, რა კოშმარიც გავიარეთ, მაპატიეთ და სხვებს რატომ არ ახსოვთ?!” – აცხადებს ჭანკვეტაძე.