მწერალთა ბოიკოტის გამო, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული სტენდი, სავარაუდოდ, წელს არ იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად პუბლიკამ გაავრცელა. ფორმულასთან საუბრისას აღნიშნული ინფორმაცია მწერალთა სახლის დირექტორმა, ქეთი დუმბაძემ არ უარყო.
წლევანდელი პროგრამით ბაზრობაში მონაწილეობა უნდა მიეღო სამ ქართველ მწერალს, თამთა მელაშვილს, ეკა ქევანიშვილსა და აბო იაშაღაშვილს, თუმცა ისინი მწერალთა სახლთან დირექტორის პოზიციაზე ქეთი დუმბაძის დანიშვნის შემდეგ აღარ თანამშრომლობენ.
ბოიკოტის რეჟიმშია წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, რომელიც მწერალთა სახლთან ერთად პროექტის ორგანიზატორი იყო.
“რისკი არსებობს, მაგრამ ჯერჯერობით საბოლოო დასკვნა არ არის. შემიძლია გითხრათ და გთხოვოთ, რომ ეს კითხვები დაუსვათ იმ ადამიანებს, ვინც არის ბოიკოტის [რეჟიმში]. არის თანხა მწერალთა სახლის ანგარიშზე, ფრანკფურტის ბიუჯეტი და მივწერე, რომ მზად ვართ, ყოველ წუთს ხელშეკრულება დავდოთ და ეს თანხა გადავუმისამართოთ”, – ამბობს დუმბაძე.