მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაკეთებულ სხვადასხვა განცხადებებს გიული ალასანია ეხმაურება და ამბობს, რომ მდგომარეობა ისევ მძიმეა, ხერხემლის დაზიანება პროგრესირებს და არ არის გამორიცხული, სათანადო მკურნალობის არჩატარების შემთხვევაში, მისმა შვილმა ცოტა ხანში ვეღარ გაიაროს.
“დაზიანებული ხერხემალი, რა თქმა უნდა პროგრესირებს. ფეხების სისუსტის ერთ-ერთი მიზეზიც ეს არის სწორედ, დაზიანებული ხერხემალი. ითქვა, რომ თუ ესე გაგრძელდა, თუ არ ჩაუტარდა სათანადო მკურნალობა ცოტა ხნის შემდეგ, შეიძლება საერთოდ ვეღარ გაიაროს.”- ამბობს გიული ალასანია.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნებას უკვე რამდენიმე დღეა აქტიურად ითხოვს გახარიას პარტია.ისინი ამტკიცებენ, რომ მესამე პრეზიდენტი კარგადაა და ხელისუფლებას მოუწოდებენ, ის ციხეში დააბრუნონ.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ალაპარაკდა სახალხო დამცველიც. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, მდგომარეობა გაუმჯობესებულია, თუმცა ამას ომბუდსმენის კონსილიუმის წევრი ექიმები შეაფასებენ. ისინი “ვივა მედში” სააკაშვილის მონახულებას და კვლევების ჩატარებას იანვარში გეგმავენ.
ვივა მედის კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე კი ამბობს, რომ კლინიკის ექიმები ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ციხეში დაბრუნების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.