პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ.
ამ რუსულ კანონს, თუ რამე სასწაული არ მოხდა და ბიძინას ვინმე ზენაარი არსება არ გამოეცხადა მოთხოვნით არ ქნა მაგიო, მაღალი ალბათობით, მესამე მისმენითაც მიიღებენ. იმის უზრუნველყოფის რესურსი, რომ პარლამენტში დეპუტატები შეიყვანოს ხელისუფლებას აქვს, რამხელა ალყაც არ უნდა შემოარტყა პარლამენტის შენობას და მონა დეპუტატების დეფიციტსაც არ განიცდის.
თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ნიჰილიზმში გადავეშვათ და ხელი ჩავიქნიოთ. ჯერ ერთი მესამე მოსმენა ხვალაა და ამ დროს საზოგადოების აზრის დაფიქსირება მრავალრიცხოვანი აქციით და დეპუტატებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ყველა ვარიანტში საჭიროა. გარდა ამისა, თუ მესამე მოსმენითაც დაამტკიცებენ, წინ არის პრეზიდენტის ვეტო და მისი დაძლევის პროცედურა. ამასობაში საქართველოში ჩამოვა ამერიკის ადმინისტრაციის სპეციალური წარმომადგენელიც, რომლის ვიზიტის შემდეგ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება რა კომპრომისზეა ხელისუფლება წამსვლელი და არის თუ არა საერთოდ რამის დამთმობი.
თუმცა, რაც არ უნდა იყოს შედეგი, საპროტესტო მოძრაობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაჩერდეს და შენელდეს. მან უნდა შეიძინოს უფრო მრავალფეროვანი ფორმები, ფოკუსმა ნელ-ნელა გადაინაცვლოს საპარლამენტო არჩევნებისკენ და დევიზი “არა რუსულ კანონს” ბუნებრივად შეიცვალოს დევიზით “არა რუსულ ხელისუფლებას”. მომავალი არჩევნები უნდა გავხადოთ ერთგვარი რეფერენდუმი ევროპულ არჩევანსა და რუსულ არადანს შორის. არჩევნების შემდეგ ისევ ეს ხელისუფლება თუ დარჩა, გინდა გაუწვევიათ რუსული კანონი და გინდა არა. რომც გააწვევინო ახლა, მერე მეოთხე ვადით თუ მოჯდნენ, მესამედ ვერ მოაბრუნებენ თუ სინდისი დაუშლით?
ასევე შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო საპარლამენტო რესპუბლიკა გვაქვს, რაც სერიოზული ფაქტორია. საპრეზიდენტო რომ იყოს, არჩევნებამდეც დააყენებ პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნას და ახლა ვისი გადადგომა უნდა მოითხოვო? პრემიერს ირჩევს საპარლამენტო უმრავლესობა, რიგგარეშე არჩევნები წელს აღარ შეიძლება კანონით და რა გინდა რომ ქნა? თეორიულად კი შესაძლებელია ისე მიაჩმორო ხელისუფლება, რომ მთელი საპარლამენტო უმრავლესობა ასრულებდეს შენს მოთხოვნებს, ნიშნავდეს ვისაც ეტყვი იმას, იღებდეს იმ კანონებს რასაც შენ ეტყვი და ა.შ., მაგრამ ეგ როგორ წარმოუდგენია ვინმეს? ვფიქრობ ეს გზა არარეალურია და შესაბამისად არაპროდუქტიულიც.
ამიტომ გვინდა თუ არ გვინდა, რეალური ლეგიტიმური ბერკეტი ხელისუფლების ცვლილებისთვის ჩნდება მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებისას. აქედან გამომდინარე, ამოცანა უნდა იყოს, რომ ის ენერგია და პროტესტი რაც დღეს აქციებზე ვლინდება, კონვერტირდეს საარჩევნო ხმებში და თუ ხელისუფლება რეალურად გააყალბებს შედეგებს, მერე რევოლუციური ქმედებებიც ლეგიტიმაციას იძენს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.
ასე, რომ ამ კანონის მიღება-არმიღებით არაფერი არ მთავრდება. პირიქით, ყველაფერი მხოლოდ ახლა იწყება.“