ამ სტატიაში გიყვებით ყველა იმ საჩუქარზე, რომლებიც სახელმწიფომ ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო, ხელისუფლებამ კი მის მიერ დაფუძნებული „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიების ნაწილად აქცია.
11 ივნისს, დილით, ყურადღება მიიქცია ინფორმაციამ ლონდონში, იოანე ზოსიმეს 979 წლით დათარიღებული 1 000 000 – 1 500 000 გირვანქა სტერლინგად შეფასებული ხელნაწერის „კრისტის“ აუქციონზე გამოტანის შესახებ.
„ახლა ამას ბიძინა იყიდის და მერე მთელ კამპანიას ააგებენ“, – დაწერეს ფეისბუკზე.
საღამოს, მართლაც, ცნობილი გახდა, რომ 200Х150 მილიმეტრი ფორმატის 70-გვერდიანი წიგნი სინას მთიდან, რომელმაც 1861 წლიდან დღემდე 7 კერძო კოლექციონერის ხელში გამოიარა და, რომელიც აუქციონზე მარტინ შოენის (Schøyen Collection) კოლექციიდან გაიტანეს, ბიძინა ივანიშვილმა 1 250 000 გირვანქა სტერლინგად იყიდა და საქართველოს ეროვნულ მუზეუმს აჩუქა.
„კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო ბიძინა“,
„დიდი ქველმოქმედება და საქვეყნო საქმე!“,
„რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?“ –
ფეისბუკმადლობებთან ერთად კრიტიკულმა პოსტებმაც არ დააყოვნა:
„ბიძინას მორიგ ტრიუკს სანამ შეჭამს ერი, შეგახსენებთ, რომ ეროვნულ მუზეუმში წყალი ჩავიდა (გელათის არ იყოს) და დააზიანა იქ შენახული ხელნაწერები. ესაა ოცნების ნამდვილი სახე….“
„თავად ფაქტი კარგია, მაგრამ ამ ფაქტს ასე განყენებულად ვერ განვიხილავთ, რადგან ამ სიკეთეს ამახინჯებს ის, რომ ივანიშვილი არის მოღალატე, მოძალადე და ანგარებიანი ადამიანი“.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი/საპატიო თავმჯდომარის ქველმოქმედებისადმი საზოგადოების ერთი ნაწილის სკეპტიციზმს იზიარებს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი, გია ხუხაშვილი.
„იოანე ზოსიმეს წიგნის მაინცდამაინც ბიძინას მიერ ყიდვა დამთხვევა არ მგონია. ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადახდილი ხარკია. ძალიან კარგად ვიცი, როგორი მორწმუნეები არიან ეს ადამიანები“, – გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ … „ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნარატივი ფსევდოპატრიოტული და ურაპატრიოტიზმია“.
არავინ უარყოფს, რომ ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ნიმუშია და სახელმწიფოსთვის მისი გადაცემა – ფასეული. თუმცა უკმაყოფილო მოქალაქეები ივანიშვილის ქველმოქმედებაში პოლიტიკურ ინტერესებსაც ხედავენ. ამ ვარაუდს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც ამყარებს:
- „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო „უცხოეთის აგენტების“ კანონი, ქვეყნის შიგნით 45-დღიანი უწყვეტი პროტესტისა და ქვეყნის გარედან დასავლელი პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, რომ ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აფერხებს ევროინტეგრაციას, ანადგურებს დამოუკიდებელ მედია- და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მტრად აცხადებს ევროკავშირსა და აშშ-ს;
- ამ კანონის გამო, აშშ-მა საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვა დაიწყო, დააწესა სავიზო შეზღუდვები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, თქვა, რომ შესაძლოა ფინანსური სანქციების დაწესებაც;
- ურთიერთობისა და ფინანსური დახმარების გადახედვას მოითხოვენ პარტნიორები ევროპარლამენტიდან;
- ფიზიკურად უსწორდებიან, სცემენ და ძალადობენ საპროტესტო აქციის მონაწილეებზე; ხელისუფლების ოპონენტებსა და მოქალაქეებს სახლებთან ხვდებიან, უთვალთვალებენ, ურეკავენ და აშინებენ; აქტივისტებს აკავებენ და აჯარიმებენ;
- ბიძინა ივანიშვილის გუნდი „გლობალური ომის პარტიის“ შესახებ შეთქმულების თეორიას იყენებს და სტრატეგიულ პარტნიორებს ესხმის თავს;
- კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ქვეყნის გეოპოლიტიკური ვექტორი. საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ 2024 წლის არჩევნები რეფერენდუმია – ევროპასა და რუსეთს შორის.
პირველად არ ხდება… ბიძინა ივანიშვილი „საჩუქრებს“ საარჩევნო წელს ან იმ დროს არიგებს, როცა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები „ქართული ოცნების“ იმიჯზე ნეგატიურად აისახება.
დავიწყოთ ბოლოდან.
30 მილიონი ფეხბურთელებს
2024 წლის 26 მარტს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა საბერძნეთთან ისტორიული გამარჯვებით პირველად მოიპოვა საგზური ევროპის ჩემპიონატზე.
ქვეყანა საყოველთაო სიხარულმა გააერთიანა, თუმცა ეს ერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. მმართველმა პარტიამ 2023 წელს საპროტესტო გამოსვლების გამო ერთხელ ჩაგდებული კანონი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ პარლამენტში დააბრუნა. საქართველოში ახალი საპროტესტი ტალღა აგორდა.
23 აპრილს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ 30 მილიონ ლარს გადასცემს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
ეს დაპირება ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, მოჰყვა ნაკრების ფეხბურთელების ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პოსტებს, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით გამოქვეყნდა, 17 აპრილს, „აგენტების კანონის“ პირველი მოსმენით მიღების, აქციის მონაწილეების ცემისა და ძალადობის ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ.
ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას უმეტესად ფონდ „ქართუს“ სახელით ეწევა. ეს საერთაშორისო ფონდი 1995 წელს ივანიშვილმა ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად დააარსა. საქველმოქმედო ფონდს არ აქვს ოფიციალური საიტი და არც ფინანსების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს საჯაროდ.
იპოდრომი და ლაგუნა თბილისს
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე, თბილისის მერმა კახა კალაძემ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარესთან, ნიკოლოზ ჩხეტიანთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ივანიშვილი იპოდრომს თბილისს უბრუნებს.
იმავე კონფერენციაზე, კახა კალაძე მოსახლეობას დაჰპირდა, რომ საბურთალოზე ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მსგავსი გაშენდებოდა, რაშიც ათეულობით მილიონს ისევ ბიძინა ივანიშვილი გადაიხდიდა. ცენტრალური პარკის მშენებლობა 2022 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ დაპირებიდან ოთხი წელი გავიდა, 2024 წელს მორიგი საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, პარკის მშენებლობა გრძელდება. სამუშაოების დასრულების ვადა უცნობია.
იპოდრომის ჩუქებიდან სამ წელიწადში ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერე“ თბილისის მუნიციპალიტეტს გადასცა. კახა კალაძემ პირობა დადო, რომ საცურაო კომპლექსს აღადგენს და პირვანდელ ფუქციას დაუბრუნებს. ადგილზე სამუშაოები დაპირების მიუხედავად არ დაწყებულა.
„ლაგუნა ვერეს“ გაჩუქებამდე 6 დღით ადრე, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ორი მრავალფუნქციური ცათამბჯენის აშენების ინიციატივის შესახებ გახდა ცნობილი. 65-სართულიანი ცათამბჯენების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობის დამკვეთი ფონდ „ქართუს“ კომპანია – შპს „კოსტავა 69“ იყო. პროექტი ურბანისტებმა და მოქალაქეებმა გააპროტესტეს. ისინი ამბობენ, რომ:
- პროექტი ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონს;
- ქალაქის ერთ-ერთ ურთულეს სატრანსპორტო კვანძზე სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეს ზრდის;
- უსაფრთხოების რისკები სათანადოდ გამოკვლეული არაა;
- ადგილს სარეკრეაციო ზონა 2-ის სტატუსი აქვს.
2023 წლის აგვისტოში, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია გაყიდა. მყიდველი 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია შპს „ნეო სითი დეველოპმენტი“ იყო, გარიგების ფასი – 80 მილიონი დოლარი. კომპანიამ უკვე მიიღო მშენებლობის ნებართვა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებით გულუხვია.
პოლიტიკაში მეორედ მობრუნებული, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოზიციას იკავებს და იპოდრომის და „ლაგუნას“ გარდა, წინასაარჩევნო კამპანიის დროს სხვა საჩუქრებსაც არიგებს.
საჩუქარი გორელებს
2020 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე, გორის მაშინდელმა მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ივანიშვილმა გორში ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და მუნიციპალიტეტს გადასცა. საჩუქრის ღირებულება 1,5 მლნ ლარს აღემატებაო.
ივანიშვილის საჩუქრის შესახებ გორელებმა ზუსტად იმ დღეს გაიგეს, როდესაც ქალაქში „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია მოეწყო. გორელებს იმასაც დაჰპირდნენ, რომ ადგილზე „ქართუს“ დაფინანსებით თანამედროვე რეკრეაციული ზონა მოეწყობოდა და ახალგაზრდული ცენტრიც აშენდებოდა. დაპირებიდან 4 წლის თავზე მუნიციპალიტეტისთვის ნაჩუქარი ტერიტორია მოუვლელი და მიტოვებულია.
უნივერსიტეტი ქუთაისს, თეატრი სენაკს
2020 წლის არჩევნებამდე 10 დღეც არ იყო დარჩენილი, როცა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ფულით აშენებული ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა. საზეიმო ცერემონია 21 ოქტომბერს გაიმართა.
ივანიშვილს რომ ქუთაისში უნივერსიტეტის აშენება უნდოდა, პირველად 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თქვა. მშენებლობის გეგმის წარდგენა 2016 წელს მოხერხდა. უნივერსიტეტს სტუდენტების პირველი ნაკადი 2019 წლის სასწავლო წელს უნდა მიეღო, თუმცა მშენებლობის დაწყების ვადებმა რამდენჯერმე გადაიწია.
საარჩევნო კამპანიას დაამთხვიეს „ქართუს“ დაფინანსებით სენაკის თეატრის რეაბილიტაციის დასრულება, ფოთში კი გადაუდებელი დახმარების ცენტრის გახსნა.
„ყველაზე დიდი ქველმოქმედება“
2020 წლის არჩევნებიდან სამ თვეში ივანიშვილმა დატოვა პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა. ყველა მატერიალური აქტივი, რომელიც საკრედიტო და სხვა ვალდებულებებით იყო დატვირთული, საკუთარ საქველმოქმედო ფონდს გადასცა. პირადი მოხმარებისთვის 200 მილიონი დოლარი დაიტოვა.
„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი ქველმოქმედება, რაც გამიკეთებია, არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა“, – უთხრა ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხს ინტერვიუში, რომელიც 2021 წლით თარიღდება და დაამატა, რომ არ მოსწონს, როცა „ქართული ოცნების“ წევრები მის კრიტიკას, ქველმოქმედების მაგალითებით უპასუხებენ.
„… აგერ, ეკლესია ააშენა, ფული დახარჯა. ეს ძალიან არ მომწონს. ეს არ არის დაცვა, პირიქით, ეს დათვური სამსახურია. აქაც შევახსენებდი გუნდის წევრებს – არაფერი არ სჭირს ჩემს პოლიტიკურ მოღვაწეობას საიმისო, რომ სხვა მეთოდებით დამიცვან, იგივე ქველმოქმედებით, ფინანსური დანახარჯებით“, – ამბობს ივანიშვილი.
„ბლექ სი არენა“
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვით ადრე, ივლისში, ბიძინა ივანიშვილმა ურეკის 200-მილიონიანი საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს აჩუქა. Black Sea Arena-ს მშენებლობა თითქმის 7 წელია მიმდინარეობდა.
„ბლექ სი არენაზე“ იმართება მთავრობის ბიუჯეტიდან დაფინანსებული კონცერტების დიდი ნაწილი. ამ საკონცერტო დარბაზში უნდა გამართულიყო ბრიტანული ჯგუფის Massive Attack-ის კონცერტიც, რომელმაც ვიზიტი საქართველოს ხელისუფლების მიმართ პროტესტის გამო გააუქმა. ეს კონცერტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული კამპანიის Starring Georgia-ს ფარგლებში იყო დაგეგმილი.
Massive Attack-ის კონცერტის ჩაშლის მიზეზად დასახელდა:
- ხელისუფლების თავდასხმა ადამიანების ფუნდამენტურ უფლებებზე;
- ჯგუფი გმობს ხალხის ცემას, დაკავებებს, მუქარასა და ძალადობას, სამოქალაქო საზოგადოების დამაზიანებელი კანონის მიღებას, LGBTI საზოგადოების უფლებების უარყოფას;
- სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ „ბლექ სი არენაზე“ შესრულებული პერფორმანსი შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც აქციის მშვიდობიანი მონაწილეებისა და სამოქალაქო საზოგადოების ძალადობრივი მეთოდით დაშლის მხარდაჭერა;
- Massive Attack-ი სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობას არ უშინდება. და ყველა იმ ადამიანს, რომლის ბრძოლაც საერთაშორისო ყურადღებას იმსახურებს.
„ბლექ სი არენას“ შენახვა სახელმწიფო ბიუჯეტს ყოველწლიურად მილიონობით ლარი უჯდება. 2017-2022 წლებში 42 529 000 ლარი დაიხარჯა. 2022 წელს ზარალი 3 მილიონ ლარზე მეტი იყო, 2021 წელს კი – 5 მილიონზე მეტი.
და დენდროლოგიური პარკი რატომ არ გააჩუქა?
„ქართულ ოცნებაში“ დღემდე ამტკიცებენ, რომ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკს ივანიშვილი სახელმწიფოს გადასცემს. „თავის დროზე გადაეცემა ისე სახელმწიფოს, როგორც ეს თავის დროზე იყო გაცხადებული“, – თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ბერა ივანიშვილმა დენდროლოგიური პარკი დედას, ეკატერინე ხვედელიძეს აჩუქა.
არადა, ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „ველურ ბუნებასთან“ ინტერვიუში, პარკის მშენებლობის მომენტისთვის, 2019 წელს ამბობდა: „ჩემი მიზანი მარტივია, ყველა ეს [დენდროლოგიური] პარკი გადაეცემა სახელმწიფოს, რაც საშუალებას აძლევს მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ბუნებასთან სიახლოვე განიცადონ“.
საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, დენდროლოგიური პარკის მთლიანი ტერიტორიის 54 ჰექტარზე მეტს შპს „ურეკი რეზიდენსი“ ფლობს. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი ეკატერინე ხვედელიძეა. მანამდე შპს „ურეკი რეზიდენსის“ 100% წილის მფლობელი ბერა ივანიშვილი იყო, ბერამდე – ბიძინა ივანიშვილი.
დენდროლოგიური პარკი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნატანებშია გაშენებული. მისი სრული ფართი 60 ჰექტარს შეადგენს. ამ პარკში დგას ცნობილი გიგანტური ხეები, რომლებიც აჭარის სოფლებიდან ამოთხარეს და ზღვით გადაიტანეს. ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ქარსაცავი ზოლი გაჩეხეს და ეს არ იყო გზის გათავისუფლების დროს სხვა ხეების მოჭრის ერთადერთი შემთხვევა. ხეების ტრანსპორტირების დროს იკეტებოდა გზები, პერიოდულად ითიშებოდა ელექტროენერგია.
ამ პარკისთვის შეისყიდა კენიელი გლეხებისგან და აფრიკიდან შეკვეთილში წამოიღო ივანიშვილმა ბაობაბები. ამ ხეების ექსპორტზე კენიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიებაც დაიწყეს. ისინი სამ სახელმწიფო უწყებას კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებდნენ. ბაობაბები შეკვეთილში 2023 წლის ოქტომბერში ჩამოიტანეს.
თეიმურაზ მეფე, ფიროსმანი
ბიძინა ივანიშვილს აუქციონები უყვარს. სხვადასხვა დროს განსაკუთრებული მხატვრული და ისტორიული ღირებულების ნამუშევრებიც მან ჯერ აუქციონზე იყიდა და შემდეგ სახელმწიფოს აჩუქა.
მაგალითად, ბიძინა ივანიშვილმა 2015 წელს, „კრისტის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ტილო „არსენალის მთა ღამით“ 1,5 მილიონ დოლარად იყიდა. ერთ წელიწადში კი „სოტბის“აუქციონზე 629 000 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა ნიკო ფიროსმანის მეორე ტილოში „შველი წყლის პირას“. ორივე ტილო ხელოვნების მუზეუმს გადაეცა საჩუქრად. 2016 – საარჩევნო წელია.
2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 დღით ადრე, 28 ოქტომბერს, განათლების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „თეიმურაზ მეფის პორტრეტი საქართველოს დაუბრუნდა“. მყიდველი ამ შემთხვევაშიც ბიძინა ივანიშვილი იყო. პორტრეტი „ქართუ“ ფონდმა 38,400 აშშ დოლარად შეისყიდა 1Stdibs-ისგან, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ონლაინგალერეაა.
„ივანიშვილის ადგილზე საერთოდ შევწყვეტდი ამის კეთებას, პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ეს უკვე აღქმულია ლოიალობის ყიდვად და არა ქველმოქმედებად“, – ამბობს გია ხუხაშვილი და სვამს კითხვას – რატომ მაინცდამაინც მაშინ, როცა ხელისუფალს პრობლემა აქვს?
„ბიძინამ უკვე გადალახა ის ზღვარი, რომლის იქითაც, რაც უნდა გააკეთოს, ფასი და ხიბლი აღარ აქვს. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ იმ ხალხზე მუშაობს, ვინც ისედაც მისია და მხარს უჭერს. ის, რომ ამ წიგნის ყიდვით მან ამომრჩეველი მოიზიდა ან ვიღაც შემოაბრუნა, ჩემი აზრით, მიამიტი გაგება იქნებოდა“, – ამბობს ხუხაშვილი.
„ეს გზა გამოიარა დავით სარაჯიშვილმა, ეს გზა გამოიარა იაკობ გოგებაშვილმა. უფრო მეტსაც ვიტყვი – ილია ჭავჭავაძის ბოლო წლები რომ გაიხსენოთ, აქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება“, – ასე უპასუხა ხელოვნების სასახლის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი კალანდიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საზოგადოებისა და ოპოზიციის ნაწილის ეჭვებს ივანიშვილის პოლიტიკურ ქველმოქმედებაზე.
ის დარწმუნებულია, რომ საარჩევნო მოსყიდვასთან დაკავშირებით ბრალდებები ადრე თუ გვიან მივიწყებას მიეცემა, „ისტორიული ფაქტი“ კი – არასდროს.
„ამ პოლიტიკოსმა ეს თქვა, იმან – ის, ყველაფერი ეს მივიწყებას მიეცემა, მაგრამ დარჩება ის, რომ ამა და ამ კაცმა, ანუ ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში დააბრუნა იოანე ზოსიმეს ხელნაწერი. ყველაფერი მიეცემა მივიწყებას, მაგრამ არის ისეთი ფაქტები, რომელიც ისტორიაში შედის ოქროს ასოებით“, – თქვა გიორგი კალანდიამ.
ეს სტატია ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის გადაცემულ საჩუქრებზეა, სხვა შემთხვევაში აქ აუცილებლად მოხვდებოდა:
- კულტურის, სპორტის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის სფეროებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ხარჯები და განხორციელებული პროექტები;
- ივანიშვილის სამშენებლო ინტერესები;
- 2021 წელს შექმნილი StopCov-ის ფონდის ამბავი, სადაც მთავარი შემწირველი ივანიშვილი იყო. დახმარების ფონდი, რომელსაც ხელისუფლება აქტიურად უწევდა რეკლამას, შექმნიდან რამდენიმე თვეში მთავრობის საჯარო დღის წესრიგიდან გაქრა
- და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ 600 000 მოქალაქისთვის „ვალების ჩამოწერის“ ინიციატივა და ბევრი სხვა ამბავი.
რადიო თავისუფლება