განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის თქმით, ყველა სკოლაში, V კლასიდან ზემოთ ყველა მოსწავლისთვის პირბადის ტარება სავალდებულო იქნება.
როგორც მინისტრი ამბობს, პირბადეებით ბავშვები მშობლებმა უნდა მოამარაგონ.
თბილისის, ქუთაისის და რუსთავის სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში 15 თებერვლიდან განახლდება.
მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ თქვა, რომ სკოლებს დეტალური ინსტრუქციები დღესვე დაურიგდებათ.
მისივე მტკიცებით, სკოლებში მოგვარებულია წყლის და საპირფარეშოების პრობლემა.
“ყველა სკოლა არის სრულ მზადყოფნაში. ინფრასტრუქტურულად მოწესრიგდა ყველა სკოლა, მათ შორის წყლის, სველი წერტილების. სამედიცინო პროტოკოლის ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული”. – თქვა მან.
რაც შეეხება საბავშვო ბაღებს, მათ გახსნაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
“ჯერ ვიწყებთ სკოლებით. აჭარაში მთლიანად გაგრძელდა პროცესი საკლასო ოთახებში. დინამიკა არის პოზიტიური. პროცესი მიდის მშვიდობიანად, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევაფასეთ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად სიტუაცია. სასიხარულოა, რომ სასწავლო პროცესი დაუბრუნდა ბუნებრივ გარემოს. ჩვენ გვინდა, რომ ეს შენარჩუნდეს და არ მოგვიწიოს ისევ დისტანციურ ფორმატზე გადასვლა”.- თქვა ჩხენკელმა.