არაინფორმირებულობის გამო, პურის მწარმოებელთა ნაწილმა გაზრდილი ტარიფების სუბსიდია ვერ მიიღო, – ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განცხადა.
„ზოგადად, ენერგომატარებლები ძალიან მძიმედ აწვება საწარმოებს. დაახლოებით, ეს არის 25 პროცენტამდე პურპროდუქტებში. ეს საბოლოოდ ფოკუსირდება ფასწარმოქმნაში პროდუქციის, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
12 იანვარს სახელმწიფომ მიიღო დადგენილება, რათა ნაწილობრივ დასუბსიდირებულიყო ელექტროენერგიის საფასური მწარმოებლებისთვის. იცით, რომ 11 თეთრით გაძვირდა ელექტროენერგიის საფასური და დაახლოებით ხუთთეთრიანი შეღავათი უნდა მიეღოთ პურის მწარმოებლებს, რომ არ გაეძვირებინათ პროდუქცია.
ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა სპეციალური პორტალი, მაგრამ სამწუხაროდ, სათანადო კომუნიკაცია არ შედგა, ბევრმა ვერ გაიგო ამ პორტალის შესახებ. ისედაც, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ძალიან დაძაბულად უხდებათ მეპურეებს შრომა. ყოველდღიურად იმატებს ცხიმის ფასი, მარილის ფასი, საფუარის ფასი. და ჩვენ სათანადოდ არ ვიყავით ინფორმირებული, რომ თურმე არსებობს პორტალი, რომელზეც უნდა შეხვიდე, შეავსო განაცხადი და მოხვდე ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაში. მე გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრი მსხვილი წარმოება ვერ მოხვდა ამ პროგრამაში“, – განაცხადა დოლიძემ.
მან დახმარებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართა.
„ოფიციალურად წერილით მივმართე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ვთხოვე მინისტრს, რომ დაგვეხმარონ ამ საკითხში, რადგან ამ პორტალმა სულ იმუშავა 14 დღე. 12 იანვარს გამოაცხადეს და 27 იანვარს დაიხურა. ამიტომ, პურის მწარმოებელთა დიდი ნაწილი აღმოჩნდა ამ სუბსიდირების გარეშე. ამან გამოიწვია გარკვეული უკმაყოფილებაც. თუ მადლს შვები და გვიკეთებ ამ სუბსიდირებას, ქართულად რომ ვთქვათ, მარილიც მოაყარე და გაგვაგებინე, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამაში. ისე გამოვიდა მერე, რომ თითქოს მატარებელი წავიდა და ვინც ვერ მოასწრო, ვერ მოხვდა ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამაში.
ვფიქრობ, ეს პორტალი ხელახლა უნდა გაიხსნას, ყველას უნდა გავაგებინოთ და ერთი კვირა მაინც უნდა იყოს, რომ ნორმალურად შეძლოს ყველამ ჩართვა პროგრამაში. უკვე გაზრდილი ელექტროენერგიის გადასახადი მიუვიდათ მწარმოებლებს.
აპრილამდე პურის ფასი არ შეიცვლება, მაგრამ შემდგომ ალბათ აისახება. ჩვენ სახელმწიფოს პირობა მივეცით და ეს პირობა უნდა შევასრულოთ, მაგრამ ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფი დააწვება პროდუქციის თვითღირებულებასა და წარმოებას. ასევე გეტყვით, დღეს რომ ფქვილის სუბსიდირებას არ ახორციელებდეს სახელმწიფო, 20-25 თეთრით იქნებოდა პურზე ფასი გაზრდილი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან დახმარებას ვითხოვთ და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ვთხოვთ, რომ ეს პორტალი ერთი კვირით ისევ გაიხსნას, მეწარმეებს ჰქონდეთ სრულად ინფორმაცია რა და როგორ უნდა გააკეთონ“, – განაცხადა მალხაზ დოლიძემ.